მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებიც აპირებენ. საამისოდ მათ შესაბამისი დოკუმენტაცია (პასპორტი ან დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) დასჭირდებათ, რაც დე ფაქტო საზღვრის გადმოსაკვეთადაა აუცილებელი.
როგორც ახალგორელებისა და გალელების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მოსახლეობას ე.წ. საზღვრის გადაკვეთაზე პრობლემები ჯერჯერობით არ ექმნება და შესაბამისად, საარჩევნო პროცესშიც მონაწილეობას შეფერხების გარეშე იღებს.
როგორც ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრი გვიამბობს, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი ხმის მიცემის უფლება დევნილის სტატუსის მქონე ყველა პირს შეუძლია. სტატუსი კი, მისი ინფორმაციით, ახალგორელების დაახლოებით 95%-ს აქვს. ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი ვინაობის გამხელა თავად არ ისურვა.
როგორც ამბობს, საარჩევნო უბნები გახსნილია დევნილთა იმ დასახლებებში, სადაც თავად არიან ჩასახლებული. ასეთი უბნები კი წეროვანში, წილკანსა და ფრეზეთშია.
"გადმოსვლა დე ფაქტო საზღვარზე უპრობლემოდ ხდება, მაგრამ ამ თვიდან ოსური კაგებეს ახალგორის განყოფილებამ ახალი საშვების გაცემა დაიწყო," - ამბობს რესპონდენტი და აღნიშნული საშვების მნიშვნელობაზე გვიამბობს.
"ეს საშვი ადგილობრივებს სწორედ დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად სჭირდებათ. ახალი საშვის ასაღებად ადგილობრივები ახალგორის უშიშროების განყოფილებაში ძველ საშვს და 2 ფოტოსურატს აბარებენ, ახალი კი ჩაბრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა," - ამბობს ახალგორის მკვიდრი და იქვე დასძენს, რომ ახალი საშვის გასაცემად მიმდინარე პროცესი იანვრამდე გაგრძლდება.
"ვინც ძველ საშვებს ახლის ასაღებად აბარებს, დე ფაქტო საზღვარზე ვეღარ გადაადგილდება, ელოდებიან საბუთს. აქედან გამომდინარე, არჩევნების დროს, ვისაც ეს საშვი ჯერ აღებული არ ექნება, ხმის მიღების პროცედურაში მონაწლეობასაც ვერ მიიღებს," - ამბობს რესპონდენტი.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული საშვი არ სჭირდებათ მხოლოდ მათ, ვისაც ოსური პასპორტი გააჩნიათ, რადგან დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად პასპორტი სრულიად საკმარისია. ამბობს, რომ ოსური პასპორტი მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს აქვს.
ქალაქ გალის ერთ-ერთი მკვიდრი კი, რომელიც ასევე კონფიდენციალურობას ითხოვს, "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ე.წ. საზღვარზე გადასვლას უპრობლემოდ ახერხებს, ამისთვის კი "მწვანე", ანუ აფხაზურ პასპორტს იყენებს. ამბობს, რომ შეფერხებას ან რაიმე დაბრკოლებას არც გასულ წლებში ჩატარებულ არჩევნებზე შეხვედრია. მისი თქმით, გალელები დე ფაქტო საზღვარზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადადიან, მათ შორის საარჩევნო პერიოდში.
"მთავარია, საბუთი გქონდეს და არავითარ პრობლემას გადასვლა-გადმოსვლაზე არ ქმნიან, მათ შორის, არც არჩევნების პერიოდში. ამ წუთასაც აფხაზეთში ვიმყოფები, უპრობლემოდ გადავედი საქმეზე, თან ოჯახიც მახლავს - მშობლები, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
"პრობლემები ძირითად შემთხვევაში ექმნებათ მათ, ვისაც აფხაზური პასპორტი არ აქვს. სწორედ ამ "მწვანე" პასპორტის მეშვეობით შესაძლებელია ოფიციალურად გადმოსვლა. რა თქმა უნდა, სხვა მეთოდებითაც ხდება საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ასეთ შემთხვევაში ხშირია დაკავება და დაჯარიმება," - ამბობს გალელი.
მისი თქმით, ხმის მისაცემად აფხაზეთის ქართვეობა გასულ საპარლამენტო არჩევნებზეც აქტიურად გადმოდიოდა და პრობლემებსაც იშვიათად აწყდებოდა. რესპონდენტის თქმით, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არჩევნების პერიოდში რუსი მესაზღვრეები ქართველებს გადაადგილებისას ზღუდავენ, მცდარია.
"აფხაზეთში გადასვლა დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე უპრობლემოდაა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც საზღვარი გაიხსნა, აქ შეზღუდვები არ ყოფილა. არ მახსენედება, რომ მსგავს პრობლემებს ვინმე არჩევნების პერიოდში წაწყდომოდა.
"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი საათი არ ყოფილა ისეთი, რომ საზღვარზე ადამიანი არ გაეშვათ, თუკი, რა თქმა უნდა, საბუთებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არ ჰქონია. ბოლო 5 წლის განმავლობაში არც მსმენია, რომ ვინმე შეაფერხეს ან შეზღუდვა დაუწესეს. გასულ არჩევნებზე თვითონაც გადაკვეთილი მქონდა საზღვარი, უპრობლემოდ გადმოვედი და საკუთარი ხმა დავაფიქსირე, ასე იყვნენ დანარჩენები და საკმაოდ აქტიურადაც გადმოდიოდნენ," - დასძენს რესპონდენტი.