8 ოქტომბრის არჩევნებზე მთავარი პოლიტიკური ბრძოლა მაჟორიტარულ ფლანგზე იქნება და არჩევნების საბოლოო ბედს დამაჯერებლად გაწყვეტს ის, თუ 73 მაჟორიტარული მანდატიდან ვინ აიღებს აბსოლუტურ უმეტესობას. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ყველა კვლევიდან ჩანს, რომ არც ერთ პარტიას 40%-იანი (შესაძლოა, 30%-იანიც) მხარდაჭერაც კი არ გააჩნია.
თუმცა, თუ ყველა წინა არჩევნებზე ადრიან დილით, დაახლოებით მაინც ცნობილი იყო, ვინ იღებდა პარლამენტში მანდატების უმეტესობას, 9 ოქტომბერს შეიძლება, ეს ისევ შეუძლებელი იყოს. მიზეზი ისაა, რომ წელს, მაჟორიტარულ სისტემაში 50%-იანი ბარიერის შემოღების გამო, მაჟორიტარების უმეტესობის ბედი მეორე ტურში გადაწყდება და პირველ-მეორე ადგილებზე გასული პარტიები მეორე ტურში საბრძოლველად დაიწყებენ მზადებას და ე.წ. ნერვების თამაშსაც.
პოლიტოლოგები თუ სოციოლოგები მაჟორიტარების გამოსავლენად მეორე ტურს ძალიან ბევრ ოლქში პროგნოზირებენ.
უფრო მეტიც, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელ გია ხუხაშვილის თქმით, მეორე ტურის დანიშვნით ყველაზე მეტად მმართველი პარტია ზარალდება, რადგან 9 ოქტომბერს გამოჩნდება, რომ "ქართული ოცნება" 50%-ს ოლქების აბსოლუტურ უმეტესობაში ვერ აიღებს და ფორმალურად გამარჯვების გამოცხადების საფუძველი არ ექნება. ხოლო თუ 9 ოქტომბერს გამარჯვებას ვერ გამოაცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში პირველ ადგილზე გასული კანდიდატები ეყოლებათ, ეს მათთვის შეიძლება სეროზული ფსიქოლოგიური ბარიერი გახდეს მეორე ტურსი წინ.
"მაჟორიტარულ არჩევნებში, როგორც წესი, უპირატესობა ხელისუფლებას აქვს და სწორედ ამიტომაც, წინასაარჩევნო დაპირების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ეს სისტემა არ გააუქმა. თუმცა, ამ არჩევნებზე მაჟორიტარულ სისტემაში 50%-იანი ბარიერის შემოღებამ შესაძლოა "ქართული ოცნებისთვის" არასასურველი პრეცედენტი შექმნას.
"მაგალითად, როგორც წესი, პარტიის შედეგი მაჟორიტარების შედეგთან მეტ-ნაკლებ წონასწორობაში მოდის. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ "ქართული ოცნება" ვერც ერთი კვლევით ვერც ერთ რეგიონში 50%-მდე ვერ ადის, წესით, ჩვენ ძალიან ბევრი მეორე ტური უნდა გვქონდეს. ძალიან ბევრი მეორე ტური თავისთავად შექმნის პრეცედენტს და შესაძლებელია, 9 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" გამარჯვების გამოცხადების ფუფუნება არ მიეცეს.
"პირველ ადგილზე ბევრგან გავლენ, მაგრამ პირველი ადგილი გამარჯვებას არ ნიშნავს. ეს კი, ფაქტობრივად, გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს მმართველ პარტიას. უპირატესობის მიუხედავად, ხელისუფლებას თუ არ შეუძლია გამარჯვება გამოაცხადოს, ეს ამომრჩევლის თვალში სისუსტედ აღიქმება და შესაბამისად, შესაძლებელია შემდეგ, მეორე ტურის წინ არაპროგნოზირებადი ვითარებაც კი მივიღოთ.
"რეალურად, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 8 ოქტომბერს კი არ შედგეს არჩევნები, არამედ დაიწყოს რაღაც პროცესი და მთელი ოქტომბრის განმავლობაში ჩვენ გვქონდეს საკმაოდ დაძაბული და ბუნდოვანი ვითარება," - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე თქმით, მართალია მოლოდინი, რომ ხელისუფლების კანდიდატების აბსოლუტური უმეტესობა გადავა მეორე ტურში, მაგრამ მეორე ტურში გადასვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ ხელისუფლების კანდიდატები გამარჯვებას გაინაღდებენ.
გია ხუხაშვილი: "2012 წლის არჩევნების დღევანდელი არჩევნებისგან განსხვავება ისაა, რომ მაშინ ფაქტობრივად რევოლუციური არჩევნები იყო და სხვა ლოგიკა მუშაობდა. დღეს ასეთი რევოლუციური ფონი არ არის. ამომრჩეველი აგრესიულადაა განწყობილი როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მაჟორიტარები ამ ორ პარტიას შორის არ გადანაწილდება.
"ჩვენ შეიძლება მაჟორიტარულ ოლქებში სულ სხვა კანდიდატები ვიხილოთ გამარჯვებულებად. შეიძლება, სპექტრი გაიშალოს. კონკრეტულად სად ვის რა შანსი აქვს, ვერაფერს გეტყვით. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დიდია. ფაქტია ის, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არც "ნაციონალები" უნდა და არც "ოცნება", ამიტომ შესაძლებელია სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა პარტიაზე ან საერთოდ დამოუკიდებელ კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ და მაჟორიტარებთან დაკავშირებით სპექტრი ძალიან გაიშალოს.
"თუმცა ეს ყველაფერი თეორიაა. "ქართული ოცნების" გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია, მაგრამ რისკები, თანაც მაჟორიტარულ ფლანგზე, მათთვის არსებობს. თან რატომღაც მეჩვენება, რომ მათ ეს რისკი ბოლომდე კარგად გათვლილი არ აქვთ.
"ქართული ოცნების" მხრიდან ზუსტად იმაზეა აპელირება, რომ მარტივად მოიგებენ. გათვლა აქვთ, რომ მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ კანდიდატს სხვა პარტიები მხარს არ დაუჭერენ, ამას დაემატება ადმინისტრაციული რესურსის ამოქმედება ხელისუფლების სასარგებლოდ და ამიტომაც ყველგან უპრობლემოდ გაიმარჯვებენ. ასე ფიქრობენ. ესაა გეგმა, მაგრამ მათ ფსიქოლოგიური პრობლემა ავიწყდებათ. თუ ხელისუფლებამ პირველი ტურის შემდეგ სისუსტე გამოავლინა და 9-ში ვერ გამოაცხადა გამარჯვება, ამან შეიძლება ამომრჩეველს განუმტკიცოს მოსაზრება, რომ ხელისუფლება სუსტია. თუ ამომრჩეველს ეს განცდა გაუჩნდება, მაშინ მეორე ტურში ამ ადმინისტრაციულმა რესურსმა შეიძლება, ვეღარ იმუშაოს.
"თუ ხელისუფლება, როგორც ძალის ცენტრი, მოირყა, თანაც ეს რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ ადმინისტრაციული რესურსის ეფექტურობა შემცირდება და მეორე ტურებში პირველ ადგილზე გასვლა გამარჯვების ცალსახა გარანტია არ იქნება," - აღნიშნავს ხუხაშვილი.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავაც ამბობს, რომ ამ არჩევნების ყველაზე დამახასიათებელი მომენტი მაჟორიტარულ ფლანგზე ბევრი მეორე ტური იქნება.
თუმცა მისი პროგნოზი "ოცნებისთვის" უფრო პოზიტიურია. ამბობს, რომ მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმეტესობაში, დაახლოებით 60-ში, მანდატს "ქართული ოცნება" აიღებს, ნაწილს - პირველივე ტურით, ნაწილს - მეორე ტურში და ის, რომ 9 ოქტომბერს მაჟორიტარების უმეტესობის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველი იქნება, ხელისუფლებას არ აკნინებს, პირიქით, 50%-იანი მხარდაჭერის მქონე მაჟორიტარი უფრო ლეგიტიმური იქნება ხალხის თვალში.
"ბიძინა ივანიშვილის გათვლა 95, 100 თუ 105 დეპუტატზე რეალისტური ჩანს," - აცხადებს ბიგვავა, რომლის ორგანიზაცია "ოცნების" შიდა კვლევებს ატარებს ხოლმე. "მაგალითად, 50%-მდე რომ აიღონ პროპორციული სიით და დანარჩენი მაჟორიტარული ოლქებით მოიგონ."
აქვს თუ არა "ქართულ ოცნებას" რეგიონების მიხედვით კვლევა ჩატარებული და რომელი რეგიონია ყველაზე პრობლემატური და რომელი - ყველაზე წარმატებული, ბიგვავა ვამბობს, რომ პარტიის დაკვეთით კვლევა ახლა მიმდინარეობს და შედეგი ერთ კვირაში ეცოდინება. ძველი მონაცემებით რაიმეზე საუბარი კი არასერიოზულია.
მისი თქმით, მოლოდინია, რომ "ქართული ოცნება" ბევრ მაჟორიტარულ მანდატს აიღებს, მაგრამ ეს ცოტა გართულდება და 50%-იანი ბარიერის დაწესების გამო პარტია გამარჯვებას ბევრგან ალბათ მეორე ტურით მოიპოვებს.
"მაჟორიტარულ სისტემაში რადგან 50%-იანი ბარიერი დაწესდა, ეს პრობლემაა. "ოცნება" პირველივე ტურში ყველგან ვერ გაიმარჯვებს. მეორე ტური საკმაოდ ბევრი იქნება. შესაძლებელია, მოულოდნელობებსაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ უმეტესობა რეგიონებში სახელისუფლებო პარტიას მოგების უფრო მეტი შანსი აქვს. გამორიცხულია, ყველა მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს, შეიძლება 10-15 მანდატი დაიკარგოს, მაგრამ 60 მანდატზე ნაკლებს არ მიიღებს," - აღნიშნავს ბიგვავა.
მისი ვარაუდით, სამეგრელო და თბილისი იქნება რთული. მაგალითად, საბურთალოზე დავით უსუფაშვილი, ვაკეში - ელენე ხოშტარია იქნებიან "ქართული ოცნების" ძლიერი კონკურენტები. სამეგრელოში "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მხარდამჭერები, ზუგდიდში, სადაც სანდრა რულოვსია მაჟორიტარობის კანდიდატი, სერიოზული მუშაობაა.
ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ სერიოზული ბრძოლა იქნება გორში, სადაც ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი უპირისპირდება "ქართული ოცნების" კანდიდატ იოსებ მაკრახიძეს და იქ მაკრახიძის დამარცხებას არ გამორიცხავს. ასევე ამბობს, რომ მცხეთა-თიანეთში ძალიან გაუჭირდება "ოცნების" წევრ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელსაც დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი უპირისპირდება.
ბიგვავა ამბობს, რომ მართალია, ყველა კვლევით მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა", მაგრამ იმედი აქვს, რომ შესაძლოა ძლიერი მესამე ძალაც გამოჩნდეს. ეს მესამე ძალა კი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ან "თავისუფალი დემოკრატები" იყოს. ასევე, რაღაც გარკვეული შანსი აქვს "პატრიოტთა ალიანსის" ბლოკს.