რატომ ვერ ხერხდება ინვესტორების დაინტერესება?
მარიამ აფციაური
15.09.2016

მთავრობამ ქალაქ ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი ოპერირებისთვის ინვესტორი ვერ იპოვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თავდაპირველად წინადადების წარდგენის ბოლო ვადად 21 ივნისი დაასახელა. პასიურობიდან გამომდინარე, მთავრობა იძულებული გახდა, პირობები გაემარტივებინა და ვადა 11 ივლისამდე გადაეწია. მიუხედავად ამისა, ზუგდიდის აეროპორტის ოპერირების მსურველი დღემდე არ გამოჩენილა.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პირობები, კერძო სექტორის წარმომადგენლებს არ აკმაყოფილებთ. "ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, ტენდერი ხელახლა გამოვაცხადეთ, მაგრამ ახალი არაფერი ხდება. როგორც ვიცი, ინტერესი არ ყოფილა", - განუცხადეს "რეზონანსს" აეროპორტების გაერთიანებაში.

უძრავი ქონებით დაინტერესებული პირებისთვის, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა თავდაპირველად 2016 წლის 21 ივნისი იყო. შეთავაზებას დაინტერესება არ მოჰყვა და სწორედ ამ მიზეზით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წინადადების წარდგენის ვადა გაახანგრძლივა.

"არავინ ყოფილა საერთოდ, არც ერთ დაინტერესებულ პირს არ შემოუტანია განაცხადი და ამიტომ შევცვალეთ პირობები.  გავამარტივეთ და თავიდან გამოვაცხადეთ ჩვენი შეთავაზება. ამ დრომდე მონაწილეობა არავის მიუღია", - განმარტეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე 4 ივლისს ხელახლა გამოქვეყნდა განახლებული პირობები: "შპს "საქართველოს აერპორტების გაერთიანებამ" უკვე მეორედ მოიწვია ყველა დაინტერესებული კომპანია, რათა გამოეხატათ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად".

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისი დასახელდა, თუმცა რეაბილიტაციის და შემდეგ ოპერირების მსურველი არც ამ შემთხვევაში გამოჩნდა.

"რეზონანსი" გაეცნო იმ გამარტივებულ საინვესტიციო პირობებს, რაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ არის გავრცელებული. მაგალითად, მათ მიერ წამოყენებული ინფრასტრუქტურული ვალდებულებები ასე გამოიყურება:

კომპანია, რომელსაც გადაეცემა უძრავი ქონება დროებით სარგებლობაში, ვალდებული იქნება, საკუთარი ხარჯითა და პასუხისმგებლობით უზრუნველყოს ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

კომპანია ვალდებული იქნება, განახორციელოს ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, ააშენოს ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს საათში არანაკლებ 40 მგზავრის გამტარუნარიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში ტერმინალი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ/მ ფართობის ნაგებობა.

მშენებლობა-რეაბილიტაციის შემდეგ ზუგდიდის აეროდრომმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ დ410/გმზ/უ ტიპის საჰაერო ხომალდის შეზღუდვის გარეშე მიღება.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პირობებისა, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ზუგდიდის აეროდრომიდან, მხოლოდ შიდა ავიამიმოსვლა არ განხორციელდება.

"დაინტერესებული კომპანია უფლებამოსილია შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას" შესთავაზოს ადგილობრივი აეროპორტის ნაცვლად ისეთი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივ რეისებთან ერთად, შეძლებს საერთაშორისო მომსახურებასაც", - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ წარმოდგენილ განცხადებაში.

შეთავაზება არის მხოლოდ მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, რომ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" არ არის ვალდებული, მიიღოს რომელიმე შემოთავაზება ან გამართოს მოლაპარაკება რომელიმე კომპანიასთან.

შეემატება თუ არა საქართველოს ზუგდიდის აეროდრომი და როდის, ამ სახის დეტალები უცნობია. მთავრობა კვლავ ინვესტორის მოლოდინშია.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით სულ 7 აეროდრომია: თბილისის საერთაშორისო აეროპროტი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, თულავი და ნატახტარი.

2016 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა თელავში აეროპორტი "მიმინო" და ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა. თელავის აეროპორტიდანაც რეისების განხორციელება როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც იქნება შესაძლებელი.

წლის ბოლომდე ქვეყანას კიდევ ერთი აეროდრომი შეემატება.  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ავიამიმოსვლა ამბროლაურიდანაც დაიწყება. მუშაოება უკვე მიმდინარეობს, აეროდრომის მშენებლობა 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

"ჩვენ შევეცდებით, ისე დაპროექტდეს ეს აეროდრომი, რომ მიიღოს არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50-მგზავრიანი ხომალდები. წინასწარი გათვლები ასეთ ტექნიკურ საშუალებას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, საოჯახო სასტუმროებისთვის და ასევე ინვესტორებისა, რომ დამატებითი ინვესტიციები მოიზიდონ რაჭასა და მიმდებარე რეგიონებში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ამბროლაურის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა თვის ბოლოს დასრულდება. ტერმინალის მოწყობის ვადად კი 2-3 თვე სახელდება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 6.5 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძეც განმარტავს, რომ ამბროლაურში მშენებარე აეროდრომი რეგიონული იქნება და ის პირველ თვითმფირნავს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×