ინტერნეტში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორი პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. ჩანაწერში ბურჭულაძე პასუხობს, რომ "მსგავსი რამ არ ხდება".
ნიკა გვარამია ადასტურებს ბურჭულაძესთან საუბარს, მაგრამ ამბობს, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია.
ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებაში "ნაციონალები" "ოცნებას", "ოცნება" კი "ნაციონალებს" ადანაშაულებს.
როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესშია გვარამიასა და ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლია მუხაშავრია (იურისტი): ყველა შემთხვევაში, არჩვნების წინ ასეთი რამ ხელისუფლების ინტერესშია. ის ცდილობს, რომ კონკურენტები ჩაძიროს და ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამის ტექნიკური შესაძლებლობები და შესაბამისი მოტივაციაც მხოლოდ მას აქვს.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): როგორ გითხრათ, მგონი, ორივე პარტიის ინტერესში შედიოდა - როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის:. პაატა ბურჭულაძეს, როგორც ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, უდიდეს პატივს ვცემ, რადგან ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, მაგრამ ვთვლი, რომ ის არ უნდა ჩართულიყო პოლიტიკურ საქმიანობაში, ხოლო თუ ჩაერთო, ბევრად უფრო პრინციპული და საზოგადოებისთვის ღია უნდა ყოფილიყო. პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა საუკეთესო ზრახვები და სურვილები, ვთვლი, რომ ეს მისი საქმე არ იყო.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ვის ინტერესში შედის, ამის თქმა საკმაოდ რთულია. შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ამით დაინტერესებული. რასაკვირველია, ეს ის ხალხია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა კონკრეტულად ვინ გაავრცელა და რატომ, ასე ვერ გეტყვით.
გია როინიშვილი (მსახიობი): მე ვფიქრობ, მსგავსი ჩანაწერის გავრცელება ხელისუფლების ინტერესშია.
ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს საუბარი რეალურია და მის აუთენტურობას არც ნიკა გვარამია უარყოფს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე