ყოფილი თანამებრძოლები ერთმანეთს სიცრუესა და ჭორაობაში ადანაშაულებენ
სალომე სარიშვილი
16.09.2016

"რესპუბლიკურ პარტიასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მორიგი და ალბათ ყველაზე მკვეთრი წინასაარჩევნო დაპირისპირება დაიწყო. ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, შარშან მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილისაგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების წინადადება მიიღო. ეს ინფორმაცია გუშინ გადაჭრით უარყო ბიძინა ივანიშვილმა და უსუფაშვილის სიტყვებს "მტკნარი სიცრუე" უწოდა.

 ამის შემდეგ კი ყოფილ თანამებრძოლებს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. გუშინ "რესპუბლიკელებისა" და "ოცნების" წარმომადგენლები რიგრიგობით აკეთებდნენ მკვეთრ განცხადებებს და ერთმანეთს სიცრუეში ადანაშაულებდნენ.

პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი დაპირისპირება წინასაარჩევნოდ სასიკეთოდ არც ერთ მხარეზე არ იმოქმედებს, თუმცა, სავარაუდოდ, "რესპუბლიკელების" რეიტინგზე უფრო უარყოფითად იმოქმედებს, ვიდრე "ოცნებისაზე".

რითი დაიწყო ყველაფერი

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო "თავისუფლების" ერთობლივ გადაცემა "ინტერვიუში" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან 2015 წელს პრემიერობა შესთავაზა.

"მე ვხედავ, რომ ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდისო. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელიაო, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ იმას, ვისაც ამას ვანდობო. ამიტომ მე მითხრა, იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი და ყველაფერიო", - განაცხადა ინტერვიუში უსუფაშვილმა და ისიც დაამატა, რომ პრემიერის პოსტზე კვირიკაშვილის კანდიდატურა ივანიშვილს მან თავად ურჩია.

უსუფაშვილის ამ განცხადებას გუშინ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს სიცრუე უწოდა. ყოფილმა პრემიერმა არც ის ინფორმაცია დაადასტურა, რომ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაზე რჩევა დავით უსუფაშვილისგან მიიღო. ივანიშვილმა უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც მკაცრად გააკრიტიკა.

"მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი - პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი, არის ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული და გახარებული," - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ  უსუფაშვილს პრობლემები ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა.

ივანიშვილის თქმით, კოალიციაში ყოფნისას "რესპუბლიკელების" და უშუალოდ უსუფაშვილის მიმართ სხვა თანაგუნდელებისგან აუტანელი განწყობა იგრძნობოდა და შესაბამისად, ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა.

"პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს "რესპუბლიკური პარტიის" დატოვებას ვთავზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. 

"მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ "რესპუბლიკელებისთვის" შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდა "ქართული ოცნება" მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მკვეთრი პასუხი ორივე მხრიდან

მოგვიანებით ივანიშვილის ამ განცხადებებს როგორც რესპუბლიკელები, ისე უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, დავით უსუფაშვილის გადაცემა "ინტერვიუში" გაკეთებული განცხადებები ჭორაობაა. როგორც ბესელიამ "აიპრესს" განუცხადა, უზნეო საქციელია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე დახურული შეხვედრის დეტალებზე საჯარო სივრცეში საუბრობს.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მსგავსი ქმედება თუ არის მისაღები, პასუხობს, რომ ივანიშვილი თანამდებობის პირი არ არის და მისგან ასეთი განცხადებები არც მოუსმენია.

"არ ვიცი, შესთავაზა თუ არა ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერის თანამდებობა. ასეთი ფაქტი არავის უნახავს. გუნდში მსგავსი ინფორმაცია არავის აქვს. რამდენიმე დღის წინ დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით თქვა, რომ პოლიტიკური პროცესი ჭორაობას ემსგავსება და ჭორებით აკეთებს დასკვნებსო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერი დახურულ სივრცეში შემდგარ შეხვედრაზე საუბარს საჯარო სივრცეში იწყებს, მაშინ როდესაც ის მაჟორიტარობის კანდიდატია, ეს მე ჭორაობა მგონია. ამასთან, ეს ზნეობრივ საქციელადაც არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თუ ეს ინფორმაცია მართალია და ნამდვილად შედგა ეს დახურული შეხვედრა," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილის თქმით კი, იგი ყოფილი პრემიერისგან ამდენ ტყუილს არ ელოდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დავით უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რამდენიმე შეხვედრაზე იყო საუბარი, რომელსაც იგი თავადაც ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, კოალიციაში კრიზისი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო.

ვინ კარგავს ხმებს ამ დაპირისპირებით

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ დაპირისპირებით "რესპუბლიკელები" უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე "ქართული ოცნება" და ივანიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი რეიტინგს არც ერთ მხარეს არ გაუზრდის. ამბობს, რომ ომი "ოცნების" წინააღმდეგ "რესპუბლიკელებმა" კოალიციიდან გამოსვლისთანავე დაიწყეს, რადგან კრიტიკულობა მათ რიტორიკაში სწორედ ამ დროს გაჩნდა.

"თავის დროზე ივანიშვილს საყვედურობდნენ მისივე პარტიის შიგნიდან და გარედანაც, რომ "რესპუბლიკელებს" მეტისმეტად ბევრი რამ დაუთმო, თუნდაც ხიდაშელი რომ მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. ამის შემდეგ "რესპუბლიკელებმაც" უფრო ხშირად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მათი პარტიაა კოალიციაში წამყვანი ძალა. საკუთარი თავის შექებამ და ტრაბახმა გარკვეული გავლენა იქონია იმაზეც, რომ კოალიციის შიგნით ბევრი თვითონ დაუპირისპირდა "რესპუბლიკელებს" - საზოგადოებაც და, სავარაუდოდ, თავად ივანიშვილიც," - ამბობს საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

მისი შეფასებით, ამ ფონზე ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ივანიშვილმა უსუფაშვილს პრემიერობა შესთავაზა.

"შეიძლება რაღაც ეგეთი ფრაზა იყო ნათქვამი, მაგრამ ამის იქით სერიოზული განზრახვა გამორიცხულია ყოფილიყო, რადგან "რესპუბლიკელების" წინ წამოწევა ბევრ პრობლემას შეუქმნიდა ივანიშვილს," - დასძენს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ "რესპუბლიკელები" "ოცნების" მიმართ კრიტიკულნი იყვნენ, ამგვარი კონფრონტაცია მმართველ ძალასთან ისედაც დაბალი რეიტინგის შენარჩუნებაში პარტიას ხელს შეუშლის.

"საზოგადოებას არ აქვს ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კრიტიკის დეფიციტი. ამ კრიტიკას თუ "რესპუბლიკელები" დაემატება, ამით არაფერი იცვლება იმ იდეოლოგიაში, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში ტრიალებს, მაგრამ იცვლება დამოკიდებულება "რესპუბლიკელების" მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ის პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით, წამგებიანი სწორედ "რესპუბლიკელებისთვისაა" და რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამას თავად "რესპუბლიკელები" ახორციელებენ," - განუცხადა "რეზონანსს" საყვარელიძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მომავალი პარლამენტი "რესპუბლიკელების" გარეშე ბევრს წააგებს, რადგან კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისგან განსხვავებით, "რესპუბლიკელებს" მეტი ინტელექტუალური რესურსი აქვთ. 

ცინცაძისთვის "ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის გაღვივებული დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, მისი თქმით, მათ შორის კავშირი ისედაც ხელოვნური იყო.

"განსხვავება თავიდანვე და დღესაც ღირებულებებსა და ფასეულობებს შორისაა. ახლა მხოლოდ ის მიკვირს, "რესპუბლიკელებმა" ასე გვიან რომ "აყარეს ტლინკები", ამას ადრეც ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ამომრჩეველი არ ვარ, ის ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მყარი იდეოლოგიური ბაზა გააჩნია, საიდანაც ხალხი არ გარბის.

"რესპუბლიკური პარტია" მყარად შეკრული გუნდია. თანაც თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, ლიდერების პარტიაა. ზუსტად ამავე პოტენციალით რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად აღებული მთელი კოალიციაც კი ვერ მივა," - მიიჩნევს ცინცაძე.

მისი თქმით, "რესპუბლიკელების" მიმართ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისგან შურის მომენტი მანამდეც იყო და ეს მაღალი თანამდებობების დაკავებას უკავშირდებოდა.

როგორც ცინცაძე ამბობს, ამგვარი დაპირისპირება წინასაარჩევნოდ მაინცადამაინც დამაჯერებელი არაა. პოლოტოლოგი აცხადებს, რომ ასეთი კინკლაობა ღირსებას არც ერთ მხარეს არ მატებს.

"რესპუბლიკელებისთვის" ეს არის გამოცდა, მათ დამოუკიდებლად ჯერ არჩევნები არ მოუგიათ. ახლა აქვთ შანსი დაამტკიცონ, რომ 4 წელი დრო ტყუილად არ დაუკარგავთ. 

"ასეთი კინკლაობა ღირსებას არც ერთ მხარეს არ მატებს. ჩემთვის, გარედან მაყურებლისთვის, არ იქნება ქვეყნისთვის კარგი, თუ "რესპუბლიკელთა" ინტელექტი და პროფესიონალიზმი მოუხმარებელი დარჩება. ხომ ვხედავთ, პარლამენტში შესვლისთვის ვინ იბრძვის. ნებისმიერ პარლამენტს "რესპუბლიკელები" ინტელექტუალურად გააკეთილშობილებენ.

"ამ კინკლაობით ორივე დაკარგავს რეიტინგს, არც ერთ მხარეს არ წაადგება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ მხარეს ოპოზიციური პარტიაა, მეორე მხარეს კი - მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი, მაშინ ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონით მეტი კეთილგანწყობა და ლმობიერება ძლიერ მხარეს მართებს. ესეც ცივილიზებული პოლიტიკის დაუწერელი კანონია - ძლიერმა უფრო უნდა შეიკავოს თავი," - ამბობს ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×