სარკინიგზო მაგისტრალის მშენებელ ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. სოფელ ზვარეში 100-მდე მუშამ დღეს შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" მუშაობა შეწყვიტა. თავის დროზე მთავრობამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მასშტაბური ეკონომიკური პროექტის განხორციელება დაავალა გაურკვეველი წარმოშობის ჩინურ კომპანიას, რომლის პოზიციას შრომით პირობებთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, არ იცნობდა.
იმის ნაცვლად, რომ ვითარება გამოასწორონ, ჩინელები სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ მუშებს სასტიკად ავიწროებენ. იმის ნაცვლად, რომ ნორმალური გარემო შექმნან და შესაბამისი ხელფასი გასცენ, ჩინელები აბუჩად იგდებენ ადგილობრივებს და სიტყვიერ, ზოგჯერ კი, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. ასეთი ბოლო ფაქტი წინა თვეში დაფიქსირდა, როდესაც ერთ-ერთი ჩინელი ქართველ მუშას არმატურით გამოეკიდა.
მედიატორის ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს, მაგრამ პროცესი ჩიხშია. სამინისტროს წარმომადგენელი ლევან ჟორჟოლიანი მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული. რამდენიმედღიანი უშედეგო კომუნიკაციის შემდეგ,
იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღიარებს, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან ძალიან რთულია საუბარი, რადგან სხვაგვარად ესმით დასაქმებულებთან ურთიერთობა და სამუშაო პირობებზე პასუხისმგებლობის საკითხი.
"ჩინელ ინვესტორებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს საუბარი, რამდენად შეასრულებენ მოთხოვნებს. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და საბოლოო გადაწყვეტილებას დღესაც ველოდებით. ჩვენი პოზიცია მომდინარეობს კანონიდან. მაქსიმალურად ვეხმარებით ორივე მხარეს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას, ვუწევთ ყველანაირ სამართლებრივ კონსულტაციას, რაც კი შეგვიძლია კანონის ფარგლებში.
კომპანიის ხელმძღვანელობასთან გაგზავნილია გაფრთხილების წერილი პროფკავშირების მიერ მუშების სახელით, რომ 20 სექტემბრიდან გაიფიცებიან. ეს არის ვადა, რომ ჩინელებმა ხელშეკრულება მოიყვანონ წესრიგში და გააცნონ ზვარეში დასაქმებულ მუშებს. მოლაპარაკების პროცესში ვიმსჯელეთ, მივედით რაღაც დასკვნამდე, დაიწყო ვითარების გამოსწორება, მაგრამ გაუგებარი მიზეზის გამო, შეთანხმებულ ვარიანტს ხელი არ მოაწერეს. ამ დროს ვალდებულებები აღებულია და მუშაობის გაჩერება არავის ინტერესში არ შედის", - აცხადებს ჟორჟოლიანი.
მედიატორის ინფორმაციით, მანამდე არსებული შრომითი ხელშეკრულება ბუნდოვანი იყო, სჭირდებოდა გამართვა, თუმცა ჩინურმა მხარემ ეს ვალდებულება უგულებელყო.
"ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ ხელშეკრულება გადაიხედოს და უფრო მოქნილი გახდეს. წესით, მან უნდა გააუმჯობესოს დასაქმებულების მდგომარეობა, რისთვსიაც ყველაფერი გავაკეთეთ. შრომითი ხელშეკრულება შედგებოდა სხვადასხვა პირობებისგან, რამდენიმე საკითხს ტექნიკური გამართვა სჭირდებოდა. ამაზე მუშაობა დაიწყო კიდეც, სველი წერტილი მოწესრიგდა, მაგრამ რამდენიმე პირობის ბედი კვლავ გაურკვეველია, რასაც ჩინური მხარე ჯერჯერობით არ აკეთებს.
ჩინელების ინტერესში არ არის გაფიცვა და სამუშაო პროცესის შეჩერება, მაგრამ არც იმას ცდილობენ, მდგომარეობა გამოსწორდეს. კომპანიის წარმომადგენლებთან ძალიან რთულია კომუნიკაცია, რადგან მათ სრულიად სხვანაირად ესმით დასაქმებულებთან ურთიერთობა.მაინც ვიმედოვნებ, რომ დასაქმებულებს კანონთან შესაბამის შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ გაფიცვას და ვერც დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებენ", - აცხადებს ჟორჟოლიანი "რეზონანსთან" საუბრისას.
მოლაპარაკების პროცესში აქტიურადაა ჩართული რკინიგზის "ახალი პროფკავშირიც". ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ" ამ დრომდე ვერ უზრუნველყო სამმხრივ ფორმატში უკვე მიღწეული შეთანხმების ვერც ერთი მუხლის შესრულება. "ახალი პროფკავშირის" წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე საუბრობს იმ არაადამიანურ მდგომარეობაზე, რა პირობებშიც ქართველები ჩინურ კომპანიაში მუშაობენ.
"დასაქმებულებმა მოგვმართეს და გვთხოვეს დახმარება, რადგან მათი უფლებები ირღვეოდა. რამდენიმე მოლაპარაკება გავმართეთ, სიტყვიერი შეთანხმებაზეც მივედით, მაგრამ ჩინელებმა მოულოდნელად შეიცვალეს პოზიცია. განაცახდეს, რომ არაფრის შესრულებას არ აპირებენ და დარჩება ისეთი კაბალური პირობები, როგორიც ჰქონდათ. საუბარია ელემენტარულზე - ადამიანებმა ისარგებლონ შვებულებით, სამუშაო გრაფიკით და სხვა.
გაუგონარ პირობებში მუშაობენ, დარღვეულია უსაფრთხოების პირობები, ელექტროგაყვანილობის კაბელები წყალში ყრია, აფეთქების დროს ადამიანები არ გამოყავთ გვირაბიდან და ა.შ. ენით აუწერელი გარემოა, ჩვენი მოქალაქეები მონურ პირობებში არიან. მოლაპარაკებით ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიეთ", - აცხადებს გიორგაძე და დასძენს, რომ ქართველი მუშების დასახმარებლად კანონით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რაშიც სახელმწიფოს აბსოლუტური მხარდაჭერა აქვთ.
"31-დღიანი მოლაპარაკების პერიოდი გავიარეთ და ახლა კანონის უფლებით მინიჭერებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ჩინელებმა ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რომ არაფრის შესრულებას არ აპირებენ. ყველაზე მეტად გვიკვირს, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება ამ გაურკვეველ კომპანიასთან, რომელიც უარყოფს ქვეყნის კონსტიტუციას, არ ცნობს შრომის კანამდებლობას, ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებას?" - კითხულობს გიორგაძე.
"ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" მუშების მოთხოვნების შესრულებაზე 4 დღეში თუ არ აიღებს პასუხისმგებლობას, დასაქმებულები ფართომასშტაბიან გაფიცვას დაიწყებენ.
მუშებს 9 კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: მოწესრიგდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური საათები კვირაში 40 საათზე ზემოთ გაზრდილი ტარიფით; მუშებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით; მუშებს ჰქონდეთ სპეცტანსაცმელი; მოწესრიგდეს სველი წერტილები; მძიმე და მავნე სამუშაოზე დაწესდეს დამატებითი ფასიანი შვებულება; ანაზღაურდეს დღესასწაულებზე შრომის საათები; ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო საათები; მუშებს საშუალება მიეცეთ, დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან.