შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად მობილიზაცია უნდა გააკეთოს, რათა "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვა და რევოლუციის გზით ცდილობს, რაიმე მოახდინოს.
"კუთხეში არიან შეყრილები. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის. 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და ახლა მათთვის კარგი შედეგი 10 კაცია. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.
"უარესი შედეგი შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ რაიმე რევოლუცია მოახდინონ. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად გვმოძღვრავს. თავისუფალი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის დირექტორიც ნახეთ, რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
"პანიკის საქმეში მარიონეტების შემდეგ ჩაერთო თავად ბელადი ბიძინა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერის განცხადებას.
ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" გარდა სხვა არაფერი აწუხებს.
"ეს გასაგებია. დავაკვირდეთ, რა აწუხებს ბიძინას და მის რაზმს - უმუშევრობა? - არა, სიღარიბის ზრდა? - არა, კრიმინალის ზრდა? - არა. აწუხებთ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა სათქმელი არ აქვს. ზუსტად ამიტომ და იმის გამო, რომ 4 წელია მავნებლობის გარდა არაფერი გაუკეთებია, 8 ოქტომბერს ხალხი მათ გადაირჩევს და მომავალმა მთავრობამ უნდა მივხედოთ საქმეს," - განაცხადა ბოკერიამ.
რამდენად დამაჯერებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცება, რომ "ნაცმოძრაობა", შესაძლოა, დესტაბილიზაციას გეგმავდეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ია ანთაძე (მედია ექსპერტი): "მიჭირს ზუსტად ვთქვა, რამდენად დამაჯერებელია. ეს დამოკიდებულია საზოგადოების ინდივიდუალურ მიდგომაზე, რამდენად ენდობა ხელისუფლებას და მის განცხადებებს. ჯერჯერობით იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმება, ჩვენ არ გვაქვს. არ ვიცით, რას ეყრდნობა მათი განცახადებები.
"ის ვითარება, რაც ჩვენ ირგვლივაა, სინამდვილეში კარგი საარჩევნო გარემოა. რთულია წარმოიდგინო, რომ ეს გარემო შეიძლება უცებ აირიოს და ჩვენ მივიღოთ დაახლოებით ისეთივე დაძაბულობა, რაც 2012 წლის არჩევნების წინ იყო.
"აქ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ფაქტორია, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დაადასტუროს არჩევნები ჩატარდა თუ არა და იმის შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" პირდაპირ ვეღარ აკონტროლებს ამ ორგანოს გადაწვეტილებებს, მე მგონია, რომ ყოველგვარმა არეულობამ და დესტაბილიზაციამ აზრი დაკარგა იმიტომ, რომ ეს ყველაფრი ჯდება ძვირი, ყველაფერს თავის ფასი აქვს და საბოლოო შედეგი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სახით ვერ დადგება, არჩვნების პერიოდში რაც უნდა არეულობა მოხდეს.
"ალბათ, რაღაც საფუძველი მსგავს განცხადებებს აქვს, თუმცა დესტაბილიზაციას მაინც არ ველოდები და ვფიქრობ, რომ ბოლომდე საუკეთესო საარჩევნო გარემო იქნება."
არჩილ გამზარდია (პიარ ტექნოლოგი): "რა თქმა უნდა, დამაჯერებელია, რადგან ჩვენ ვიცით "ნაციონალური მოძრაობის" სტილი. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვას არ უნდა ახდენდეს. ამგვარი დესტაბილიზაციის მართვის რესურსი მხოლოდ თავად ხელისუფლებას აქვს. ჩვენ, მოქალაქეებს არანაირი ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია და მუდმივად აპელირება, რომ "ნაციონალები" დესტაბილიზაციას აპირებენ, შეიძლება გაკეთდეს უფრო მშვიდ ტონში.
"რაც მთავარია, მან უნდა გამოხატოს თავდაჯრებულობა, რომ მსგავს დესტაბილიზაციას მოქალაქეებს აარიდებს. თორემ ეგ განცახდება რეალისტურია და ამაში გასაკვირი არაფერია, მითუმეტეს, თუ "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივებს გადავხედავთ."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და ის ინფორმირებულია, სადაზვერვო სამსახური, პირველ რიგში, მათ მიაწვდის ინფორმაციას. ამიტომ რეალისტურია და საფრთხილო.
"მეც ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს ასე იყოს. არის ინფორმაციები, რომ უკრაინაში ამზადებენ "ბოევიკებს" და ამიტომაც დესტაბილიზაციის ეჭვი საფუძვლიანია."
გოგი თორაძე (რეჟისორი): "თუ ვიღაც დესტაბილიზაციას გეგმავს, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომელმაც უნდა აღკვეთოს და არა ის, რომ პანიკა შექმნან საზოგადოებაში. ისედაც გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დაპანიკება არ არის საჭირო. შესაბამისი ორგანოები ამ საქმეში ხელფასს იღებენ და თუ მართლა რამე საფრთხე არსებობს, აღკვეთონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე