პენსიების ზრდა ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე ყურისმომჭრელი და პოპულისტური დაპირებაა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნოდ და ამით მანიპულირებას თითქმის ვერც ერთი, პერსპექტიული თუ უიმედო პარტია ვერ ელევა. მიზეზი ისაა, რომ ხმის მისაცემად არჩევნებზე ძირითადად სწორედ ასაკოვანი ამომრჩეველი აქტიურობს, პენსიონერთა რიცხვი კი საკმაოდ შთამბეჭდავია - 713 000-მდე და ამიტომაც პარტიებსაც გათვლა უპირველესად მათი გულის მოგებაზე აქვთ. დაპირების განხორციელება კი მხოლოდ ერთი, ხელისუფლებაში მოსული პარტიის საქმეა და ისიც ალბათ მომავალ არჩევნებამდე შეეცდება ახალი დაპირებით გადაფაროს ძველი.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს დაპირებები აუქციონივითაა - აბა, ვინ მეტს შეპირდება და ვინ უფრო კარგად მოუქონავს თავს პენსიონერებს და ეს ყველაფერი ძალიან ბანალური გათვლაა.
გაგრძელება
"საერთოდ, პოლიტიკოსებს ასეთი მარტივი აზროვნება ახასიათებთ. ისინი თვლიან, რომ პენსიონერები ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან და თან ჰგონიათ, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც ამდენი წელი ოცხოვრებს, იმდენად სულელები არიან, ნებისმიერ რამეს "შეაჭმევენ" და ამ შეცდომას პერმანენტულად იმეორებენ," - აღნიშნავს ხუხაშვილი.
სოსო ცისკარიშვილის თქმით, მოსამსენად შესაძლოა დაპირებები საამურია, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გასული 25 წელი საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი დაპირებების მიმართ ტოტალური ნიჰილიზმი და გულგატეხილობა არსებობდეს.
"უკვე თავად სიტყვა "დაპირებაც" კი ნეგატიური კონტექსტით აღიქმება ჩვენი ამომრჩევლისათვის", - აცხადებს ცისკარიშვილი.
პენსიას რამდენს ჰპირდება ოპოზიცია პენსიონერებს
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 716 287 პენსიონერია რეგისტრირებული. მიმდინარე წლის ივნისიდან პენსია 160 ლარიდან 180 ლარამდე გაიზარდა. წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ჯამში 10 მილიარდ ლარს შეადგენს, პენსიებისთვის 1,570 მილიარდი ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს "ქართული ოცნება" წინაასარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა, რომ პენსია დაახლოებით 220-230 ლარი გახდებოდა. 2012 წელის მსგავსად, საპენსიო დაპირებები აქტუალობას ამჯერადაც არ კარგავს.
ოპოზიციური პარტიების საპენსიო დაპირება 230 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. ძირითადად, ყველაზე პოპულარული მაინც 250-ლარიანი პენსიაა.
"ნაციონალური მოძრაობა"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პენსიონერებს არჩევნების შემდეგ მალევე 230 ლარს ჰპირდებიან. პარტიას გამოქვეყნებული აქვს 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის ნოემბრიდან ისინი სახელმწიფო პენსიას 50 ლარით გაზრდიან.
ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც.
"თავისუფალი დემოკრატები
დაპირებების მხრივ საკმაოდ ყურისმომჭრელია "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" პროგრამა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიის ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება - პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება ყოველწლიურად. მთაში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი იქნება 20%-ით მეტი.
პარტიის პროგრამაში ასევე წერია ის, რომ ისინი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავენ.
"ლეიბორისტები"
"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ პარტიას 4-პუნქტიანი პროგრამა აქვს.
"პირველი - ეტაპობრივად უნდა დაიწიოს საპენსიო ასაკი. მამაკაცებისთვის უნდა გახდეს 60 წელი და ქალბატონებისთვის - 55 წელი; მეორე - წელიწადში ერთხელ ე.წ. მეცამეტე პენსია უნდა გაიცეს პენსიონერის დაბადების დღეზე; მესამე - პენსიებზე უნდა მოხდეს დანამატი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით; მეოთხე - 80 წლის ზემოთ თითოეულ წელზე ადამიანს 100-100 ლარი დაემატოს," - ამბობს გუგავა.
"დემოკრატიული მოძრაობა"
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" დაპირებით, პენსია მინიმუმ 250 ლარი იქნება. საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ "პენსია (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და ყველა სხვა კატეგორიის მინიმალური პენსია) გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს. განისაზღვრება შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საარსებო მინიმუმს ზემოთ დაირიცხება დანამატი - ნამსახურების ყოველ წელიწადზე".
ამავე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქართველოში დაახლოებით 250 ლარს შეადგენს. შესაბამისად, პენსია მინიმუმ 250 ლარი უნდა იყოს.
"პატრიოტთა ალიანსი"
ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" აცხადებს, რომ პენსია 220-240 ლარზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს.
"ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ძველ საპენსიო ასაკს. მამაკაცის საპენსიო ასაკი კვლავ 60 წლით უნდა განისაზღვროს, მანდილოსნისა კი - 55 წლით. ოღონდ პენსიაზე გასვლა უნდა იყო ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო. თუ ადამიანს მუშაობის სურვილი აქვს, მას უნდა დავუკანონოთ 75 წლამდე მუშაობის უფლება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში.
"მეორე საკითხი ისაა, რომ საქართველოში პენსია საარსებო მინიმუმზე, ანუ 220-240 ლარზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს", - ასეთია "პატრიოტთა ალიანსის" დაპირება.
"სახელმწიფო ხალხისათვის"
ჯერ პარტია და ახლა უკვე ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მოსახლეობას პენსიის 250 ლარამდე გაზრდას ჰპირდება. ეკონომიკური განვითარების მათ გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ გაიზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარებები - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემწეობა 50%-ით და ასევე ამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც გაორმაგდება.
საგულისხმოა, რომ ამ პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანებამდე პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ბურჭულაძის პარტიის ამ დაპირებას აკრიტიკებდა და პოპულისტურ სოც-შეჯიბრად ნათლავდა.
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი პაპავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მათი პარტია ბლოკად გადაიქცა, საპენსიო დაპირება არ შეცვლილა. დაპირება კვლავ პენსიის 250-ლარამდე გაზრდაა. ერთადერთი, რაც დაემატა, ისაა, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა მოითხოვოს, რომ პენსია 180-ლარიდან 250 ლარამდე გაეზარდოს. მისი თქმით, ბლოკში ძირითად მიმართულებებზე თანხმობაა და ამ სქემაზე შეჯერება მოხდა.
"ესაა, რაც დღეს გაქვს, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც გაზრდას მოითხოვს, პენსია გაეზრდებათ. ბლოკში ყველას ერთიანი პოზიცია გვაქვს. "გირჩის" წევრებმა ჩვენი პროგრამის შეფასებისას ნამდვილად აღნიშნეს, რომ ეს პოპულიზმი იყო, მაგრამ ისინიც თვლიან, რომ როდესაც ქვეყანაში ტარდება სოციალური პროგრამები და ადამიანებს ეუბნებიან - მოგვმართეთ რაღაც დახმარების მიღება თუ გნებავთო, ბევრი შეძლებული ადამიანი არ მიმართავს ამ თხოვნით.
"დღეს პენსია სწორედ სოციალური დახმარებაა და მათი და ჩვენი გათვლებით, შეძლებულ ოჯახში მცხოვრები პენსიონრების მხოლოდ მცირე ნაწილი მოგვმართავს პენსიის გაზრდით," - აღნიშნავს პაპავა.
"რესპუბლიკელები"
"უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" პენსიის ზრდაზე დაპირებას არ გასცემენ, პარტია მოსახლეობას ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას ჰპირდება და საარჩევნო პროგრამაში უწერიათ, როგორ აქვთ ეს სისტემა წარმოდგენილი.
ოპოზიციური პარტიების წლევანდელი საპენსიო დაპირებები საკმაოდ შთამბეჭდავია. სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" კი საერთოდ არ საუბრობს პენსიის მომატებაზე და აქცენტს თუნდაც პენსიონერების დასაქმებაზე, ქრონიკულად ავადმყოფი პენსიონერებისთვის წამლების უფასოდ გაცემაზე და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დაწყებაზე ლაპარაკობს. არადა ამომრჩეველი ყველაზე მეტად სახელისუფლებო დაპირებების იმედადაა.
"ქართული ოცნება"
ექსპერტების თქმით, ეს ერთგვარი თავის დაზღვევაა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ოპონენტებს საკრიტიკო მიზეზი ნაკლებად მისცენ, თუნდაც 2012 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც "ოცნების" ლიდერები ამომრჩევლებს შეხვედრებზე ხშირად ჰპირდებოდნენ 220-ლარიან პენსიას, რაც მთელი განვლილი 4 წლის განმავლობაში ამომრჩეველმაც, მედიამაც და ოპონენტმა პარტიებმაც ბევრჯერ შეახსენეს.
"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში პენსიაზე ქვეთავი ძალიან მწირია და ძირითადად იმაზეა საუბარი, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლის განხორციელებასაც 2017 წლის მესამე კვარტალიდან აპირებენ, ეფექტურია, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას აამაღლებს, ასევე ეკონომიკას მასტიმულირებელი ეფექტი ექნება და საბოლოოდ, დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
"ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ პირდაპირ ციფრებით პენსიის გაზრდას ამომრჩეველს არ ჰპირდებიან, რადგან მათი სურვილია, პენსიები ეკონომიკური ზრდის შესაბამისად გაიზარდოს, მაგალითად, თუ ეკონომიკა გაიზრდება 7%-ით, პენსიაც 7%-ით მოიმატებს.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ მაღალ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ და ამის პროპორციულად იქნება პენსია გაზრდილი... იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია წავიდა, ამას მთავრობა არ დაუშავებს, პენსიის ზრდა აუცილებლად მოხდება.
"ჩვენ სპეციალურად არ გვაქვს ციფრები გაწერილი, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას პასუხისმგებლიანი მთავრობა არ უნდა აკეთებდეს. თუმცა, ოპონენტებს შეუძლიათ 300, 500 და 2000 ლარი თქვან, რომელიც მე ფანტაზიის სფეროდ მიმაჩნია," - ამბობს აკაკი ზოიძე.
მისივე თქმით, ხელისუფლება პენსიონერებს ქრონიკული დაავადებების - არტერიული წნევისა თუ დიაბეტის შემთხვევაში, მედიკამენტების ხარჯების დაფარვას ჰპირდება, რადგანაც ცნობილია, რომ პენსიონერების უმეტესობა პენსიის დიდ ნაწილს სწორედ მედიკამენტებში ხარჯავს. 2017 წელს ეს შეეხება უმწეო პენსიონერებს, შემდეგ წლებში კი ეტაპობრივად - ყველას, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.
რაც შეეხება დაგროვებით საპენსიო სისტემას, როგორც ზოიძე აღნიშნავს, შენარჩუნდება სოციალური პენსია და დასაქმებული ნებაყოფლობით დაამატებს ხელფასის 2%-ს, პლუს, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამსაქმებელი სავალდებულო წესით, 2-2%-ის დამატებას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ყოველთვიურად, პროგრამაში ჩართული პირი თავისი შემოსავალის 6%-ის დაგროვებას მოახერხებს.
"პენსია დამსახურების და სტაჟის, ხელფასის ოდენობის მიხედვით უნდა იყოს. სწორედ ასეთი ტიპის სისტემა იქნება დაგროვებითი სისტემა. ჯამში, ხელფასის 6% ყოველთვიურად გადაირიცხება საპენსიო ფონდში კონკრეტული ადამიანის სახელზე. საპენსიო ფონდი იმუშავებს იმაზე, რომ გაამრავლოს თითოეული ადამიანის კონტრიბუცია და 10-20 წლის შემდეგ ადამიანი ღირსეულ პენსიას მიიღებს," - ამბობს ზოიძე.
ბანალური გათვლა და ციფრებით ჟონგლიორობა?
"საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილის თქმით, ამ დაპირებების დიდი უმრავლესობა, უბრალოდ, მტკნარი ტყუილია.
"ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა ამ ყველაზე ფაქიზი და ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისადმი. მათგან მაღალი აქტივობაა, ამიტომ მათ უნდა შევპირდეთ რაღაცას - ამაზეა გათვლა.
"დაპირებების დიდი უმრავლესობა მტკნარი ტყუილია. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რომელიმე ხელისუფლებას შეესრულებინოს ის, რასაც ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, გამონაკლისი არც დღევანდელი ხელისუფლებაა.
"ეკონომიკურად დაუსაბუთებელ დაპირებებზე საერთოდ არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, რომ სხვადასხვა პარტიებმა ეკონომიკურადაც დაასაბუთონ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, იმდენი პრობლემა დახვდებათ, ეს დაპირება სწრაფად დაავიწყდებათ და ათასი მიზეზით გაიმართლებენ თავს.
"რაც შეეხება ხელისუფლების დაპირებას დაგროვებით პენსიაზე, ეს მთელი ინფრასტრუქტურაა, რომლის აშენებას წლები უნდა და თუ ეს სურდათ, ამდენი ხანი სად იყვნენ, რატომ არ დაიწყეს?! რეალურად, ამის ჩვენს სინამდვილეში ინტეგრირება იმდენი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ბევრი ის პენსიონერი, რომლის გულის მოგებაც უნდათ, ცოცხალი აღარ იქნება.
"გარდა ამისა, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო ხელისუფლების მხრიდან პენსიონერების დასაქმების მოფიქრება. რამდენად არ ესმით საკუთარი ხალხის, რომ ვერ გაუგიათ - პენსიონერის გულის მოგება გადის არა მის დასაქმებაზე, არამედ შვილის და შვილიშვილის დასაქმებაზე," - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანას მხოლოდ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, პენსიების მატებაზე საუბარი ცინიზმია. ამბობს, რომ პირიქით, ამ წლების განმავლობაში პენსიების მატება ინფლაციამ შეჭამა და პირიქით, პენსიის მსყიდველობითი უნარი უფრო შემცირდა.
"დამოუკიდებელ ექსპრეტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამ დაპირებებს ციფრებით ჟონგლიორობად აფასებს. მისი თქმით, ძირითადად საუბარია, რომ სახელმწიფო მოხელეების შემოსავლების შემცირების ხარჯზე მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის განხორციელება რამდენად რეალურად მოხდება, ეს არის საკითხავი.
"ეს ფენომენი ქართული წინასაარჩევნო კამპანიის მუდმივი მახასიათებელია. ახალგაზრდების ნახევარიც კი არ მიდის არჩევნებზე. ამიტომაცააა, რომ არა უმაღლესი სასწავლებლის, ან რაიმე პროფესიული დასაქმების თემებზეა საუბარი უამრავ დაპირებაში, არამედ ყველა პარტია პენსიების ზრდაზეა ორიენტირებული.
"კარგია ციფრებით ჟონგლიორობა, მაგრამ რა არის პენსიონერებისათვის ასეთი გულუხვობის ახალი წყარო და რა დღეში ჩავარდება სახელმწიფო ბიუჯეტი, ამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება", - ამბობს ცისკარიშვილი.