გვანცა ღვედაშვილი
17.09.2016

"ქართული ოცნება" მთავარ წინსაარჩევნო აქციას თბილისში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე გამართავს. დეტალები ჯერერობით უცნობია, თუმცა "ოცნების" თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მხარდამჭერებს, სავარაუდოდ, რამდენიმე რეგიონიდან ჩამოიყვანენ.

 "შეკრების თაობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება დასკვნითი, ბოლო აკორდი არჩევნების წინ. საორგანიზაციო საკითხებში ჩასახედად დრო არ მაქვს. ასე რომ, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. რა თქმა უნდა, ამ აქციაზე გარკვეული რეგიონებიდან მხარდამჭერები ჩამოვლენ.

"ვერც იმას გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება თუ არა აღნიშნულ აქციას, რადგან მაჟორიტარად ვარ წარდგენილი თელავისა და ყვარლის რაიონში და არ მაქვს დრო ამ საორგანიზაციო საკითხებში ჩარევისთვის", - გვითხრა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო დასკვნითი აქცია "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის 29 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გამართა. მაშინ "ოცნების" შემაჯამებელ აქციას რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაესწრო. 

ექპერტების შეფასებით, ახლა აქციაზე მისულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება....

რამდენი ადამიანი  მივა აქციაზე

როგორც "რეზონანსთან" საუბრირსას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ წინასაარჩევნო აქციაზე, სავარუდოდ, 40-50 ათასი ადამიანი შეიკრიბება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იქნება ნატურალური ამომრჩეველი, არამედ ძირითადად იქნებიან საჯარო მოხელეები და არჩევნებზე დასაქმებულები.

"მსგავსი აქციები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ამას ვაკეთებდით წინა არჩევნების დროსაც. მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობამაც" დააპირა ამის გაკეთება წინა არჩევნების დროსაც და ეს ჩვეულებრივი ბანალური, ტექნიკური თემაა.

"ამ აქციას პირობითად ჰქვია ამომრჩეველთან შეხვედრა, რეალურად კი აქტივთან შეხვედრაა. მისი აქტივი ამ არჩევნებზე დასაქმებული ხალხი იქნება, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, მინიმუმ ოცი ათასი ადამიანია. ამას ემატება საარჩევნო სექტორის მობილიზება.

"ჩემი აზრით, მათ შეუძლიათ 40-დან 50 ათას ადამიანამდე შეაგროვონ, მაგრამ ეს არ იქნება მიტინგზე გამოსული ნატურალური ამომრჩეველი. ეს იქნება აქტივი, რომელსაც შეგვიძლია ადმინისტრაცული რესურსიც ვუწოდოთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის აზრით, მსგავსი ტიპის აქციებზე ინციდენტები ნაკლებად სავარაუდოა. ხუხაშვილი აქვე აცხადებს, რომ შესაძლოა ანალოგიური მობილიზება სხვა პარტიებმაც სცადონ, თუმცა, საკითხავია, ექნებათ კი მსგავსი აქციის ჩატარების რესურსი.

"რაც შეეხება ინციდენტებს, ასეთ დიდ შეხვედრებზე, როგორც წესი, პროვოკაციების მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია. როცა 10 000 კაცზე მეტი იკრიბება აქციაზე, იქ პროვოკაციის მოწყობა ძალიან რთულია.

"არ გამოვრიცხავ, რომ ანლოგიური მობილიზება სცადონ სხვა პარტიებმაც. არჩევნების წინა დღეებში ყველა პარტია ცდილობს ძალის დემონსტრირებას. თუმცა სხვა საკითხია, ვის აქვს ამის რესურსი.

"ფაქტია, რომ ხელისუფლებას, რაც უნდა დაბალი რეიტინგი ჰქონდეს, ამის რესურსი ყოველთვის აქვს, რადგან მისი აქტივია, ერთი მხრივ, საჯარო სექტორი და, მეორე მხრივ, თავად არჩევნებზე დასაქმებული აქტივისტები, რომელთა რაოდენობა მცირე არ არის.

"სხვა რომელი პარტია მოახერხებს ძალის მსგავს დემონსტირებას, ვერ გეტყვით. "ნაციონალურ მოძრაობას" ამის ყველაზე მეტი შანსი აქვს, თუმცა, არ ვიცი, რამდენად მიმართავენ ამ მეთოდს და ჩადებენ რესურსს, რადგან ასეთი აქციების ჩატარება საკმაოდ სერიოზულ რესუსრს უკავშირდება, მათ შორის ფინანსურსაც.

"ხელისუფლებამ რადგან გადაწყვიტა, გააკეთებს კიდეც, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის სახალხო თავყრილობა, ეს არის აქტივის წინასაარჩევნო აღლუმი, რომელის მიზანი ძალის დემონსტრირებაა", - გვითხრა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "ქართული ოცნების" 5 ოქტომბერს გასამართ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ივანიშვილი 2012 წელს წინასაარჩევნოდ გამართული "ოცნების" აქციების ხიბლიდან ვერ გამოვიდა. თუმცა, მისივე თქმით, ეს შეხვედრა არ იქნება იმ მასშტაბის, რაც 4 წლის წინ იყო.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" მამა-მარჩენალს არ შეუძლია გამოვიდეს 2012 წლის ხიბლიდან. 4 წლის წინ "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად უზარმაზარი თავყრილობა იყო. არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელ ვითარებაში ანალოგიური აქციის გამართვა ვინმესთვის დამარწმუნებელი იქნება, რომ ის აღარ ვართ, ვინც ვიყავით. ანუ, ბევრად უფრო ნაკლებ მსურველს მივითვლით თავისუფლების მოედანზე, ვიდრე 4 წლის წინ იყო, თუ რასაკვირველია, ყველა მოძრავი საშუალებით მოსახლეობის მთელი ქვეყნიდან ევაკუაცია არ მოხდა.

"ხომ შეიძლებოდა 4 წლის განმავლობაში "ქართულ ოცნებას" რაიმე სიახლე შეექმნა, 100%-ით არ გაემეორებინა ის ქმედებები, რომელიც მიუღებლად მიაჩნდა წინა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში... შესაძლებელია, დაიტოვონ ის კომფორტი, რასაც ჰქვია მანიპულირება და მისტიკური ხმების არაკეთილსინდისიერი დათვლა.

"ის ყველაფერი, რაც საარჩევნო პროცესში არ მოგვწონდა "ნაციონალურო მოძრაობის" მხრიდან, დღეს უკვე "ქართული ოცნების" შესრულებითაა სახეზე", - აღნიშნავს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, მხარდამჭერების მოზიდვა "ნაციონალური მოძრაობის" საყვარელი ქმედებაა, თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებები განსხვავებული უნდა იყოს. როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, ნაკლებ სავარაუდოა, რომ 5 ოქტომბრის აქცია "ქართული ოცნებისთვის" რაიმე პოზიტიურის მომცემი იყოს.

"მხარდამჭერების მოზიდვა "ნაციონალური მოძრაობის" საყვარელი ქმედება გახლავთ. ისინი, როგორც ოპოზიციონერები, დღესაც იგივეს აპირებენ, მაგრამ ერთია ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მეორეა ის, თუ რა სტანდარტები არსებობს ოპოზიციისთვის.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ 5 ოქტომბრის აქცია რაიმე პოზიტიურის მომცემი იქნება მათთვის, ვინც ვერ გამოვიდა 4 წლის წინანდელი ხიბლიდან და თვლის, რომ მაშინ მიცემული დაპირებები 100 პროცენტით არის შესრულებული.

"მსგავსი შეკრებების გაკეთებას სჭირდება რესურსი. მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო რესურსების აშკარა გამოყენებით რეგიონიდან მხარდამჭერებს ჩამოიყვანენ, საჭირო აღარ იქნება, არჩევნებში მონაწილე უამრავ დამკვირვებელს ვინმემ აუხსნას, რომ მთავრობა იმ რესურსებს იყენებს, რომლის განხორციელებაც წინსაარჩევნო პერიოდში დაუშვებელია", - აცხადებს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×