პაატა შეშელიძე: გვაქვს 2 გაუარესება, 2 წინსვლა და 1 - იგივე პოზიცია
მარი ჩიტაია
17.09.2016

"ფრაზერის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველო რამდენიმე პოზიციით დაწინაურდა და 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სხვადასხვა პუნქტების მიხედვით აჩვენა.

 "ახალი ეკონომიკური სკოლა" კვლევის თანამონაწილეა. როგორც ამ ორგანზიაციის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე განმარტავს, რეიტინგის შედეგი პოზიტიურია და რადიკალურად განსხვავდება წინა კვლევებისგან, რომელის საქართველოსთვის მაინც და მაინც სახარბიელო არ იყო.

უფრო ვრცლად, თუ რას ეყრდნობა კვლევა, რის საფუძველზე გაიუმჯობესა პოზიცია საქართველომ და რას მოუტანს პოზიტიური შედეგი ქვეყანას? "რეზონანსის" კითხვებს პაატა შეშელიძე პასუხობს.

"რეზონანსი": რამდენად კმაყოფილი ხართ კვლევის შედეგით, რას ითვალისწინებს იგი და რა ფაქტორების გათვალისწინებით შეძლო ქვეყანამ სხვადასხვა დროს მინიჭებული რეიტინგის გაუმჯობესება?

პაატა შეშელიძე: "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით" ფასდება მთავრობის საქმიანობა. დაინტერესებული სამეცნიეროი ეკონომიკური ინსტიტუტები ხედავენ, როგორი დინამიკა აქვს ქვეყანას ამ და მსგავს კვლევებში, როგორიცაა ბიზნესის კეთების სიმარტივე და ა.შ. სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევების საფუძველზე ისინი აყალიბებენ თავიანთ შეხედულებებს თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, რამდენად პოზიოტიურია მასთან ურთიერთობა. 

მაგალითად, ჩვენ ახლა ვდგავართ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების დადების წინაშე, მაგრამ ამის უკან ხომ მთელი სამუშაო იყო ჩატარებული, რაც ეკონომიკური რეფორმების კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა. სწორედ ასეთ და სხვა მსგავს ინდექსებში ეს ყველაფერი აისახება. რაც შეეხება კონკრეტულ ამ შედეგს, აუცილებლად უნდა დაზუსტდეს, რომ საქართველო პოზიციას 5 სხვა ქვეყანასთან ერთად ინაწილებს.

"რ": უფრო რომ დავაზუსტოთ, რას ეყრდნობა რეიტინგი და რომელ სექტორებს მოიცავს, სად გვაქვს ყველაზე მეტი წინსვლა და პირიქით, რა სექტორში შეფასდა ქვეყანა უარყოფითი ქულით?

პ.შ: რეიტინგი 2014 წლის მონაცემებს ეყრნობა და ხუთ სექტორს მოიცავს: მთავრობის ზომა ეკონომიკაში, რაშიც საქართველოს 7,83 ქულა მიენიჭა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა - 6,61 ქულა, ფინანსების ხელმისაწვდომობა - 9,11 ქულა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და საბანკო, ბიზნესისა და შრომის ბაზრის რეგულაცია - 8,45 ქულა.

წინსვლა გვაქვს ფულის საკითხში, ანუ ეს არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ფულის მასის მოცულობის შეზღუდვაში (2014 წელს). 

ამიტომ აქ არის ცოტა გაუმჯობესება, მაგრამ ეს არის სებ-ის და არა მთავრობის პოზიცია. გაუმჯობესებულია ასევე სამართლებრივი საკითხები, კანონის უზენაესობა და ქონებრივი ხელშეუხებლობა.  აქ არის ერთი ნიუანსი, მნიშვნელოვანი წინსვლაა შეფასების თვალსაზრისით, თითქმის 0,5-ით გაუმჯობესდა მონაცემი, რაც არ არის დიდი სხვაობა, თუმცა ამ სფეროში, ძირითადად, შედეგების შეფასება ხდება სხვა კვლევებზე დაფუძნებით.

ასეთია კონკურენტუნარიანობის ინდექსის კვლევა, რომელიც მსგავს საკითხებს მოიცავს და ეფუძნება გამოკითხვებს (კითხვარი ეგზავნება ბიზნესსუბიექტებს, კომპანიებს, რომლებიც ავსებენ, უგზავნიან და მერე ჯამდება შედეგი). ყველაზე სუსტი კომპონენტი კვლევაში სეწორედ ეს არის, რადგან ჩვენ კონტროლქვეშ არ არის კვლევის შედეგი, დანარჩენი ყველაფერი კონტროლდება, რადგან გადამოწმებადი სტატისტიკური მონაცემებია.

"რ": საბოლოო ჯამში, რა სარგებლის მოტანა შეუძლია პოზიტიურ რეიტინგს ქვეყნისთვის, რა მოლოდინი გაქვთ?

პ.შ: შედეგი არის დადებითი, რადგან ასეთი შეფასება საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ვიყავით პირველი ბიზნესის სიმარტივის თვალსაზრისით, მაგრამ მხოლოდ რეგიონის მასშტაბით.  

საბოლოოდ ასეთი შედეგია: გვაქვს 2 გაუარესება, 2 წინსვლა და 1 - იგივე პოზიცია. ეს ნიშნავს, რომ მეხუთე კომპონენტში, როგორიცაა ვაჭრობის თავისუფლება, მონაცემები არ შეცვლილა, არც გაუმჯობესებაა და არც გაუარესება, ანუ მთავრობას ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია, არც ცუდი, არც კარგი. 

კვლევის შედეგი დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ამ მხრივ ერთ-ერთია ინვესტიციები. ვფქირობ, უცხოელი ბიზნესმენებისთვის კარგი სიგნალია საამისოდ, რომ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×