"რესპუბლიკურ პარტიასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მორიგ დაპირისპირებას ორი დღის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეფასებები აღნიშნულ თემაზე მწვავე იყო როგორც მმართველ გუნდში, ისე თავად "რესპუბლიკელებშიც". ყველაფერი კი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას პრემიერის თანამდებობას სთავაზობდა და მომავალ გეგმებს "რესპუბლიკურ პარტიაზე" აწყობდა.
მის ამ განცხადებას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა "მტკნარი სიცრუე" უწოდა და "რესპუბლიკელები" მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი - პრემიერ-მინისტრი," - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ.
"ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ კი უსუფაშვილის განცხადებებს ჭორაობა უწოდა.
ექსპრემიერის განცხადებას მოგვიანებით კვლავ "რესპუბლიკელებმა" უპასუხეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ივანიშვილის მხრიდან ამდენი ტყუილი მოულოდნელი იყო, რადგან უსუფაშვილისთვის პრემიერობის შესახებ გაჟღერებულ წინადადებას ერთ-ერთ შეხვედრაზე იგი თავადაც ისმენდა.
"რესპუბლიკელებისა" და "ოცნების" დაპირისპირებაში რომელი მხარის პოზიციაა უფრო სარწმუნო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):"საერთოდ, სიცრუე იქნება თუ სიმართლე, მაინც მგონია, რომ ზოგიერთებს ძალიან ბევრი საუბრის უფლება მისცეს. მნიშვნელობა არ აქვს პარტიები იქნება ეს, ცალკეული პოლიტიკოსები, თუ მაჟორიტარობის კანდიდატები. "არ მგონია, საზოგადოება ამ ლანძღვა-გინებას სერიოზულად უყურებდეს. ყველა დაიღალა ამდენი დაპირისპირებით. ჩემი აზრით, თვითონ პოლიტიკოსებსაც უნდა ესმოდეს ეს. ვინ ტყუის და ვინ ცრუობს, ეს ჯერ კიდევ არჩევნების შემდგომ გამოჩნდება.
"ძალიან კარგად ვიცი ლევან ბერძენიშვილის ინტელექტუალური შესაძლებლობა, ძალიან ჭკვიანი კაცია, მაგრამ ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ესენი ვერანაირ მართვის სადავეებთან ვერ მოვიდოდნენ. ივანიშვილი ქველმოქმედი კაცია და საქართველო ბევრჯერ გადაარჩინა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს."
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი):"ჩემი აზრით, როცა უსუფაშვილმა თავის დროზე პრემიერობის წინადადება მიიღო, ეს საზოგადოებისა და მედიისთვის სწორედ მაშინ უნდა ეთქვა. ახლა რატომ საუბრობს ამაზე?! რუსებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: გამოჭედე რკინა, სანამ ცხელიაო. ახლა ნამდვილად ვერ ვირწმუნებ, რომ "რესპუბლიკელების" პოზიცია სანდოა".
გელა სიორდია (ადვოკატი):"სიმართლე გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომელი მხარის განცხადება უფრო სარწმუნო, თუმცა კი მგონია, რომ დახურული შეხვერებიდან ასეთი საკითხების საჯაროდ გამოტანა სწორი არაა. ალბათ ამაზე მხარეებიც თანხმდებიან-ხოლმე, მაგრამ პოლიტიკა რომ შეთახმებებით არ გამოირჩევა, ეს ყველამ ვიცით.
"ჩემი აზრით, ასე ზედაპირულად რომელიმე მხარის განცხადებების სანდოობაზე საუბარი გამართლებული ვერ იქნება."
ამირან სალუქვაძე (ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში):"ვფიქრობ, უსუფაშვილს ეს ინფორმაცია არ უნდა გაემჟღავნებინა, რადგან ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკება საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მეორე საკითხია, საერთოდ რამდენად შედგა ეს მოლაპარაკება, თუმცა ეს ამბავი ღიად სააშკარაოზე არ უნდა გამოსულიყო.
"საერთოდ, "რესპუბლიკელები" ძალიან მკვეთრად გაოპოზიციურდნენ. ყველა თანამდებობა ლამის ბოლო დღემდე გამოიყენეს და მეორე დილიდან ყველა საკითხში ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყეს. ვფიქრობ, დებატები თუ კრიტიკა კონკრეტულ საკითხზე უნდა იყოს და არა ძველი ამბების გახსენებაზე."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე