თაკო მათეშვილი
19.09.2016

პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, რითიც პოლიტიკოსები სარგებლობენ სწორედ ესაა, სპეციალისტთა აზრით, წინასაარჩევნოდ არაადეკვატური დაპირებების გაცემის საფუძველი.

მათი თქმით, ხალხისათვის ლიფტების, გზების, კანალიზაციის, სახურავების, ტრანსპორტის და მსგავსი პრობლემების მოგვარება უფრო პრიორიტეტულია და ამავდროულად არ ესმის, რომ ეს ყველაფერი  პარლამენტის დეპუტატის კომპეტენციაში არ შედის.

 ამით კი პოლიტიკოსები სარგებლობენ და მოსახლეობას სწორედ იმგვარ დაპირებებს აძლევენ, რისი მოსმენაც სურთ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყიან, ამის მოგვარება არ შეეძლებათ. არჩევნების შემდეგ კი, რა თქმა უნდა, დაივიწყებენ.

აქვე დასძენენ, რომ ამით კანონი არ ირღვევა, მაგრამ ასეთი დაპირებები არაკეთილსინდისიერია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუებას ნიშნავს.

რას ჰპირდებიან ამომრჩეველს

აღნიშნული პრობლემა ქართული რეალობისათვის არახალია. პოლიტიკოსები ყოველი არჩევნების წინ დებენ პირობას ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება. მაგალითები არც ამ არჩევნებზე გვაკლია. ორიოდ დღის წინ "ქართული ოცნების" ვაკის მე-3 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დედაქალაქში 40 საპირფარეშოს აშენების პირობა დადო. "40 საპირფარეშო მოეწყობა თბილისში, რაც ჩვენს ტურისტებს ძალიან შეუმსუბუქებს პრობლემებს. ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ისეთი თემაა, მაგრამ... გარდა ამისა, გაგრძელდება პროგრამები", - აღნიშნა მან.

უფრო ხშირი კი ისეთი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსები ამგვარ დაპირებებს არა პირდაპირ ეთერში, არამედ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აკეთებენ, როცა კამერები არ არის და მათაც ვერავინ "გამოიჭერს" შეუსაბამო დაპირებების გაცემაში.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გვიყვება სოფელ გლდანის მცხოვრები სოფო ფიცხელაური, რომელიც ამბობს, რომ მათ უბანში მისული თითოეული პარტიის აგიტატორი გზის დაგებისა და კანალიზაციის მოწესრიგების პირობას დებს.

"კარგად იციან, რომ სოფელ გლდანისთვის გზა, ტრანსპორტი და კანალიზაცია ყველაზე მტკივნეული თემაა. ამიტომაც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას გვპირდება. განსაკუთრებით აგიტატორები აქტიურობენ, რომლებიც სოფლის ე.წ. "ბირჟებზე" თითქმის ყოველდღიურად მოდიან და ხალხს რას აღარ ჰპირდებიან.

"სამწუხაროდ, თითქმის არავის ესმის, რომ გზის და ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება ადგილობრივ თვითმმართველობას და თბილისის მერიას ეხება, ხოლო კანალიზაციის - საერთოდან კერძო კომპანია - "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს," - ამბობს სოფო.

დაბალი პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო განათლება

სპეციალისტები ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საზოგადოებაში არსებულ მწირ ინფორმაციას აბრალებენ და დასძენენ, რომ ეს პოლიტიკოსებს უბიძგებს ხალხის გაუცნობიერებლობა ბოროტად გამოიყენონ.

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამას მიეჩვია და რაღაცეების დაპირებას ინერციით აგრძელებენ, მოსახლეობა კი ამას ვერ აცნობიერებს.

ძაბირაძის თქმით, ხალხი მაჟორიტარი კანდიდატისაგან იმ სოციალური პრობლემების მოგვარებას ითხოვს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაშია და აქედან გამომდინარეა, რომ მუნიციპალური რგოლი ჩვენთან ძლიერი არასოდეს ყოფილა. სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი იღებს იმ ფუქნციას, რაც რეალურად ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა.

პოლიტიკოსების გარდა კი ძაბირაძე პასუხისმგებლობას საექსპერტო წრეებსა და მედიასაც აკისრებს და აცხადებს, რომ ხალხამდე ინფორმაციის მიტანა სწორედ მათი პრეროგატივაა.

"ვერ გავაცნობიერებინეთ, თუ რა არის პარლამენტის დეპუტატის ფუნქციები და რა დაპირებები უნდა გასცეს მან. ამომრჩეველიცა და პოლიტიკური სპექტრიც ალბათ ნელ-ნელა ჩამოყალიბდება და იმგვარ საკითხებზე არ დაიწყებს საუბარსა და პირობეების მიცემას, რაც მის კომპეტენციაში არ შედის.

"ამ ყველაფრის მოგვარებას მძლავრი კამპანია სჭირდება, ოღონდ არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში. ეს პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია - მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, ვისგან რა მოითხოვოს. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ მონდომების შემთხვევაში გადაწყვეტა ნამდვილად შეიძლება", - აცხადებს ძაბირაძე.

ამ მოსაზრებას იურისტი ლევან ალაფიშვილიც იზიარებს. მისი თქმით, სამოქალაქო კულტურა არაა ჯერ იმ დონეზე ფორმირებული, რომ ხალხმა გაცნობიერებული, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

სამოქალაქო განათლება, მისი აზრით, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს, რათა მსგავსი რეალობა მომდევნო არჩევნებზე მაინც აღარ დადგეს.

"როცა ხალხის მოლოდინი კონკრეტულ რაღაცასთანაა დაკავშირებული, ძნელია ცდუნებას გაუძლო და ეს არ გამოიყენო.  ჩვენი პოლიტიკოსები ამ ცდულებას ვერ უძლებენ - ისეთ გადაჭარბებულ დაპირებებს გასცემენ, რომ არც კი ვიცი, რა ვუწოდო ამას. წინასაარჩევნოდ დიდი ტყუილი უფრო კარგად გაყიდვადია და ამ შანსს იყენებენ.

"თუმცა ეს ყველაფერი გძელვადიან პერსპექტივაში მათივე საწინააღმდეგოდ შებრუნდება ხოლმე და ამის მაგალითი 2012 წელია, როცა გადაჭარბებული დაპირებები გაიცა და დღეს ეს მმართველი პარტიის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი გახდა," - მიიჩნევს ალაფიშვილი.

პოლიტიკური სპექტრისა და ამომრჩევლის დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე საუბრობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძეც. ამბობს, რომ მაჟორიტარისა და ადგიოლობრივი თვითმმართველობის ფუნქციებს შორის მკაფიო ზღვარი გავლებული არ არის. ამასთანავე, მოსახლეობასაც არ აქვს ეს გაცნობიერებული.

"უკვე ტრადიციადაა დამკვიდრებული, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს მოსახლეობასთან ასეთ საკითხებზე უწევთ საუბარი, იმის მაგივრად, რომ გლობალურ საკითხებზე ელაპარაკონ," - აცხადებს იგი.

რითი შეუძლია პარლამენტის მაჟორიტარს ამომრჩევლის მოხიბვლა

ჩვენი რესპონდენტები ამავდროულად საკითხის მეორე კუთხიდან შეხედვასაც გვირჩევენ. კერძოდ, მათი თქმით, ხალხს გრძელვადიანი დაპირებები, რის მოგვარებასაც წლები სჭირდება, ნაკლებად ხიბლავს. მათ ლოკალური საკითხების მოგვარება ურჩევნიათ, რის შედეგსაც მალევე დაინახავენ.

სწორედ ამიტომ, მათი აზრით, პოლიტიკოსები იძულებული არიან მათი ხმების მისაღებად საკუთარ თავზე იმაზე მეტი აიღონ, ვიდრე შეუძლიათ.

ლევან ალაფიშვილის თქმით, ყველა არჩევნებზე ასე ხდება, რადგან პრობლემები არ იცვლება. ამომრჩევლისათის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემებია, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს. ამიტომაც იურისტი ამბობს, რომ მოსახლეობა ყველასგან ამ პრობლემების გადაწყვეტას ითხოვს.

"ეს პოლიტიკოსებმაც იციან და ცდილობენ მოლოდინი გამოიყენონ, იმ ამომრჩევლის მოლოდინი, რომელიც პრობლემის გადაწყვეტას ელის და საერთოდ არ იცის თუ რას ნიშნავს ადგილობრივი არჩევნები, რას - საპარლამენტო და რას - საპრეზიდენტო.

"საბაზრო პრინციპია - როგორი მოთხოვნაცაა, მიწოდებაც ისეთია. ძალიან მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ გადაჭარბებული, ტყუილის ზღვარზე მყოფი დაპირებაც კი მოისმინოს და მიიღოს. რეალური დაპირებებით იგი არჩევანს არ აკეთებს.

"ყველაზე გაცნობიერებულ მოსახლეობასაც რომ ვკითხოთ, თუ რას ნიშნავს მაჟორიტარი კანდიდატი, უმრავლესობა იტყვის, რომ ამ ადამიანის მოვალეობა ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაა. მათ თუ ვეტყვით, რომ მაჟორიტარის კომპეტენცია პარლამენტში კანონებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით  შემოიფარგლება, მათი არჩევანიც შეიცვლება," - აცხადებს იგი.

მოსაზრებას, რომ პოლიტიკოსები სწორედ მოსახლეობის დაკვეთას ასრულებენ, ვახტანგ ძაბირაძეც იზიარებს და ამბობს, რომ ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, თუ რისი მოგვარება ხელეწიფება პარლამენტის დეპუტატს და დეპუტატის ამგვარი "საბჭოური გააზრება" დღემდე რჩება, პარტიები კი ამას სათავისოდ იყენებენ.

"თუ ამ დაპირებებს არ გასცემენ, ამომრჩევლები იმაზე კი არ იფიქრებენ, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის, არამედ იტყვიან - არც კი შეგვპირდაო. ვერ ხვდება, რომ ამას მაჟორიტარი ვერ გადაუჭრუს. მას მაჟორიტარი გამგებლის უფროსად წარმოუდგენია.

"მესმის, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ მაინც იმ საკითხებზე უნდა ელაპარაკოს, რაც პარლამენტარის კომპეტენციაში შედის - საგარეო ურთიერთობების მხარდაჭერაზე, უმუშევრობის საკითხზე, სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ა.შ. 

"უამრავი სხვა საკითხია, მაგრამ ამ საკითხების მოგვარება გრძელვადიანი პერსპექტივაა და მოსახლეობა ამით ვერ მოიხიბლება. მას იმ წუთას გზის არქონა აწუხებს და შესაბამისად, მყისიერი შედეგი უნდა," - დასძენს პოლიტოლოგი.

ზაალ ანჯაფარიძე: "ეს ყველაფერი იმ მძიმე რეალობითაა გამოწვეული, რომელშიც ვცხოვრობთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, უკიდურეს გაჭირვებასა და სიდუხჭირდეში ცხოვრობს. ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელი აქვს.

"ამიტომაც ცდილობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომ თავისი გავლენა გამოიყენოს და ამომრჩეველი ამ გზით მიიმხროს.  თითქოს თვითმმართველობის ორგანოები არ არსებობდეს, ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებენ.

"აქედან გამომდინარე ერევიან პარლამენტარები თვითმმართველობის ფუნქციაში და უწევთ ამაზე მოსახლეობასთან საუბარი. იმედია, რომ სამომავლოდ ეს გამოსწორდება და მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან იმაზე ისაუბრებენ, რაც მათი კომპეტენციაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×