ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი თავს ღატაკად მიიჩნევს და სახელმწიფოს სოციალური შემწეობის თხოვნით მიმართავს. მათგან 477 840 საქართველოს მოქალაქე კი, მოსახლეობის 12,8%, ყოველთვიურ შემწეობას იღებს და ის საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ პენსიონერების კვალდაკვალ სოციალურად დაუცველი ფენის მოხიბვლასაც ცდილობენ და შესაბამისად, წინასაარჩევნო დაპირებებში პენსიების გარდა სოციალური შემწეობების გაზრდის
თემაც ყველაზე პოპულარულია. დაპირებებში ბევრია სიტყვა - "უფასო" და "მუქთა ფული".
რაც უნდა საოცარი იყოს, პარტიების ამ სოციალური შემწეობებით შეჯიბრში ყველაზე მემარჯვენე გაერთიანებას "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" აქვს ყველაზე პოპულისტური და მემარცხენე დაპირება - რომ გააორმაგებს შემწეობის მიმღებთა რიცხვს 1 მილიონამდე და 50%-ით გაზრდის შემწეობის რაოდენობას. ხოლო ყოველთვის მემარცხენე "ლეიბორისტული პარტია" ამგვარ უხვ დაპირებებს ცინიზმს უწოდებს და თავად არც შემწეობების გაზრდას ჰპირდება მოსახლეობას და არც ამ შემწეობის მიმღებთა რიცხვის გაორმაგებას, აქცენტს მხოლოდ დასაქმების აუცილებლობაზე აკეთებს.
მხოლოდ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ გასცემს დაპირებას შემწეობის გაზრდაზე, ზოგადი ლოზუნგებით ლაპარაკობს და იმაზე საუბრობს, ამ მიმართულებით რამდენი რამ გააკეთეს. გარდა ამისა, იმის პირობას დებენ, რომ კრიტერიუმები კიდევ გადაიხედება და დაიხვეწება.
ოპოზიციური პარტიებიდან კი ერთადერთია "რესპუბლიკელები", რომლებსაც სოციალური შემწეობების გადახედვაზე პროგრამაში საერთოდ არაფერი აქვთ ნათქვამი და პარტიაში სოციალურად დაუცველებზე სასაუბროდაც ვერ მოიცალეს.
მოქმედი ხელისუფლების დროს, 2013 წლის ივლისიდან გაორმაგდა ფულადი სოციალური დახმარება. 2015 წლის მაისიდან კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა.
ახალი მეთოდოლოგიით, ნებისმიერი წევრი ისეთი ოჯახისა, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 000-ს არ აღემატება, თვეში 60 ლარს იღებს; 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები - 50 ლარს; 60 000-მდე - 40 ლარს, ხოლო 65 000-მდე ქულის მქონე - 30 ლარს.
ამასთანავე, სოციალურად დაუცველი ნებისმიერი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100 ათასს არ აღემატება, თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს იღებს.
რას ჰპირდებიან სოციალურად დაუცველებს პარტიები დღეს?
"ქართული ოცნება"
მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში შეფასებულია ის, თუ რა გააკეთა 4 წლის მმართველობისას ხელისუფლებამ სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის. პარტიის წევრი აკაკი ზოიძის თქმით, სოციალური დახმარება 2014 წელს ისედაც გაორმაგდა და ეკონომიკური ზრდის პარალელურად შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუმცა, მათი დაპირებაა არსებული კრიტერიუმები ისევ გადაიხედოს, რომ მაქსიმალურად ობიექტურობას მიუახლოვდეს და აღარ იყოს პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახებს დახმარება მოეხსნათ. მაგალითად, განსაკუთრებით რეგიონებში სახლის დიდი ფართი არ იქნება განმსაზღვრელი.
"დღეს პრიორიტეტი ენიჭება ოჯახებს, სადაც არის შშმ პირი, ბავშვები და მარტოხელა პენსიონერები. პენსიონრებთან მიმართებაში კიდევ შევაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას და მთავარი დაპირება ისაა, რომ ეს მეთოდოლოგია კიდევ უფრო გადაიხედება.
"ასევე 200 ათას ოჯახს ელექტროენერგიაზე სუბსიდირება აქვს და ეს დარჩება. ჯანდაცვაში კი უმწეო პენსიონერებისთვის არტერიული ჰიპერტენზიის და ტაბლეტირებული შაქრიანი დიაბეტის წამლების უფასოდ გაცემა მოხდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათია.
"პლუს, დაპირებაა, რომ დასაქმების შემთხვევაში სოციალურად შეჭირვებული ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში შემწეობას შეინარჩუნებს და დახმარების მოხსნის შიში არ იქნება. ეს გარკვეული პერიოდი შეიძლება იყოს მინიმუმ 1 წელიწადი და ამაზე პარლამენტში შესვლის შემდეგ იქნება მსჯელობა," - აცხადებს აკაკი ზოიძე.
"ნაციონალური მოძრაობა"
პარტიის სამოქმედო გეგმაში წერია, რომ გაიზრდება სოციალური დახმარების მიმღებ და ჯანდაცვის სრული პაკეტით მოსარგებლე ოჯახთა რაოდენობა. სოციალურად გაჭირვებული ფენისთვის გათვალისწინებული იქნება მედიკამენტებით დაფინანსებასაც.
"ჩვენ საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდა; შემოვიღებთ საარსებო შემწეობის დანიშვნის მკაფიო, მარტივ და სამართლიან კრიტერიუმებს და არ დავუშვებთ შემუშავებული კრიტერიუმების ხშირ და უსაფუძვლო გადახედვას," - წერია სამოქმედო გეგმაში.
გიგი წერეთელი ამბობს, რომ უნდა დამკვიდრდეს ისეთი კრიტერიუმები, სადაც, მაგალითად, შემოსავლების ნაწილის გათვალისწინება უფრო გამოიკვეთება.
"ჩვენი დაპირებაა, გავაორმაგოთ და გავაათმაგოთ სამუშაო ადგილები და არა სოციალური დახმარების მიმღები ადამიანები. ვფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" ხელში გაღარიბებულ უფრო მეტ ოჯახს დასჭირდება, თავიდან მაინც, სოციალური დახმარება და რაღაც ზრდას არ გამოვრიცხავთ, ამას პროცესი და ანალიზი გვაჩვენებს. ამას კი მეტი ბიუჯეტი დასჭირდება და პირველი, რაც იქნება, ისაა, რომ შესაძლებელია ბიუროკრატიული ხარჯი 1 მილიარდამდეც შემცირდეს. მაგალითად, ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები აიპებსა და სიპებში გაუქმდება," - ამბობს წერეთელი.
"ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"
ყველაზე ყურისმომჭრელი დაპირება ამ საარჩევნო ბლოკს აქვს. გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და მათი გეგმაა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, დახმარება 1 მილიონ ადამიანს მიეცეს.
როგორც გიორგი პაპავა ამბობს, დახმარების მისანიჭებელი სარეიტინგო ქულა არსებული 65 000-დან 125 ათასამდე აიწევა და ამის შედეგად გაიზრდება დახმარების რაოდენობა 1 მილიონამდე. კლასიფიკაცია ქულების მიხედვით მოხდება და გაიყოფა ორად - ყველაზე დაბალი ქულის მქონის დახმარება გაიზრდება 50%-ით და გახდება 90 ლარი. სოციალური დახმარება კი 4 წლით იქნება გარანტირებული.
"ამ გარანტიას ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ ადამიანებს ექნებათ სტიმული დასაქმდნენ, სოფლად მეურნეობა განავითარონ და დახმარების მოხსნის შიში არ ჰქონდეთ. ჩვენი გამოთვლით, ყოველი მესამე ადამიანი 4 წელიწადში შეძლებს სიღარიბის დაძლევას შეძლებს. ამ სოციალურად შეჭირვებული ოჯახის წევრ სტუდენტებს 100%-იანი გრანტი ექნებათ. ჯანდაცვაში კი ძირითადი მედიკამენტები უფასო ექნებათ. ამის განხორციელებას დამატებით 300 მილიონი ლარი ჯდება. ბიუჯეტი პუნქტების მიხედვით გვაქვს გაწერილი. ვამცირებთ სამინისტროების რაოდენობას, ბიუროკრატიას, არამიზნობრივ პროგრამებს, სუბსიდიებს," - ამბობს პაპავა.
"თავისუფალი დემოკრატები"
პარტიის პროგრამაში წერია, რომ შემწეობა აღუდგება ყველა იმ პირს თუ ოჯახს, რომელთაც უსამართლოდ წაართვა ეს სტატუსი ხელისუფლებამ; გააუმჯობესებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის კრიტერიუმებს და უპირატესობა მიენიჭება შემოსავალს და არა ოჯახის ქონებას - დიდ სახლს, მაცივარსა თუ ტელევიზორს. გარდა ამისა, წერია, რომ საქართველოში ბავშვების 13%, ანუ დაახლოებით 50 000 ბავშვი ქრონიკულ სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 200 000 ბავშვი სიღარიბეში და ვალდებულებას იღებენ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი დაიხარჯოს, კონკრეტიკა ჯერ დაზუსტებული არ არის.
ამავე პროგრამის მიხედვით, დახმარების ოდენობის რეალურ საცხოვრებელ მინიმუმამდე უნდა გაიზარდოს. საარსებო მინიმუმი კი, პარტიის პროგრამით, 250-ლარამდე უნდა იყოს.
პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ აიწევა სარეიტინგო ქულების რაოდენობა, რაც სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას გაზრდის. ამ ვალდებულებების დაფარვას კი უპირველესად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით აპირებენ.
"ჩვენი ეკონომიკური პროგრამით რადიკალურად ვამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს. პირველივე წელს 300 მილიონით და მომდევნო წლებში 200 მილიონით. ვაპირებთ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და ამის ხარჯზე ვაპირებთ დავაბალანსოთ გაზრდილი სოციალური ვალდებულებები. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 8% გვაქვს გათვლილი," - ამბობს ნათია კუტივაძე.
"პატრიოტთა ალიანსი"
"დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს, წელიწადში 4 000-ს ოჯახს, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა, სახლებს უფასოდ გადასცემს და ამისათვის ბიუჯეტიდან 2% უნდა გამოიყოს.
საშუალო ან საშუალოზე დაბალი შემოსავალის მქონე ახალდაქორწინებულ წყვილს კი შესაძლებლობა მიეცემა უპროცენტო სესხით გადაეცეს ბინა და წყვილმა 30-40 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მხოლოდ 100 დოლარი უნდა გადაიხადოს.
ამასთანავე, "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ხელმოკლე ოჯახები უფასოდ მიიღებენ აუცილებელ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს, ზამთარ-ზაფხულის ტანსაცმელს და მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრებენ უფასოდ. თუ საიდან უნდა მოხდეს ამ პროგრამის დაფინანსება, ამ შეკითხვაზე "პატრიოტთა ალიანსის" პასუხიც სხვა ოპოზიციონერების მსგავსია: ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება.
"ძალიან ბევრი სამინისტრო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო 10-15%-ს სამოხელეო აპარატის შენახვაზე ხარჯავს. ასევე ცალკეული სიპებია, სადაც 80% სახელფასო ფონდზე იხარჯება. ძალიან დიდი რესურსია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მათ შორის პრემიების, დანამატების, ავტომანქანების ექსპლუატაციის და სამივლინებო ხარჯების ნულამდე დაყვანის ხარჯზე," - აღნიშნავს კახა კუკავა.
"დემოკრატიული მოძრაობა"
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამაში სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიის შეცვლაზე დებენ პირობას. წერია, რომ შემწეობის დანიშვნა შემოსავლების მიხედვით უნდა მოხდეს და არა უძრავი ქონების მიხედვით.
გარდა ამისა, წერია, რომ უნდა განისაზღვროს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი და შემოღებული იქნას მათთვის შემწეობა. უნდა დაწესდეს "დედის ხელფასი". პლუს, უმუშევართა 6-თვიანი შემწეობა უნდა დაწესდეს. "პატრიოტთა ალიანსის" მსგავსია დაპირება ახალგაზრდებისთვის ბინების გადაცემაზე. დაპირებაა, რომ ახალგაზრდა ოჯახებს უპროცენტო სესხით, თვითღირებულებით, ანუ დღევანდელ საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად უნდა გადაეცეთ ბინა - წელიწადში ამისათვის უნდა გამოიყოს მინიმუმ 100 000 კვ.მ. ფართი.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, სოციალური დახმარების ოდენობა თითო ადამიანზე საარსებო მინიმუმზე, 250 ლარზე დაბალი არ უნდა იყოს და მათი გეგმით უნდა შეიცვალოს დახმარების დანიშვნის მეთოდოლოგიაც - სოციალურად დაუცველთა ბაზაში, შესაძლოა, ოჯახის ყველა წევრი არ მოხვდეს და შესაბამისად დახმარებაც ოჯახის ყველა წევრზე არ გაიცეს. მაგალითად, დახმარება გაიცემა მარტოხელა სოციალურად დაუცველ მშობელზე, სოციალურად შეჭირვებულ პენსიონერებზე, შშმ პირზე. ამ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვა უნდა იყოს უფასო და უნდა დაემატოს უფასო მედიკამენტებიც.
ლორთქიფანიძის თქმით, პარტიას ეს ყველაფერი გათვლილი აქვს და მთავარი აქცენტი ისევ ადმინისტრაციული ხარჯების, პრემიების, სახელფასო დანამატების შემცირებაზე კეთდება, რაც მისი მტკიცებით, საერთო ბიუჯეტის 43%-ია და "ნამდვილად იქნება შესაძლებელი სოციალური ტიპის სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ".
"ლეიბორისტები"
"ლეიბორისტები" ამბობენ, რომ სოციალური შემწეობების ზრდაზე განუწყვეტლივ ხმამაღლა დაპირებები სხვადასზვა პარტიების მხრიდან ცინიზმია.
"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავას თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება იმას, რომ რეალურად ყველა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს შემწეობა გაეზარდოს, ამიტომაც მათი დაპირება დახმარების გაზრდა ვერ იქნება.
შეჭირვებულ მოსახლეობას ჰპირდება, რომ შეფასების კრიტერიუმები შეიცვლება და შეფასდება მხოლოდ ის, თუ რა შემოსავალი აქვს ოჯახს.
"ცინიზმია, რომ ამ ადამიანებს შემწეობის გაორმაგებას ჰპირდებიან და ამით სურთ ეს გაჭირვება საარჩევნოდ გამოიყენონ. ჩვენ არ ვპირდებით მათ, რომ ყველას ღარიბებს გაგხდით და სახელმწიფო პენსიებს დაუნიშნავს. ჩვენ ეს ადამიანები სიღატაკიდან უნდა გამოვიყვანოთ. ამისათვის სხვადასხვა ალტერნატიული პროგრამები იქნება შემუშავებული. უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოებში, ასევე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს პრიორიტეტები უნდა მიენიჭოს მათ დასაქმებას; უნდა გაიცეს მცირე სესხები, რომ მიკრო სამეწარმეო საქმიანობა დაიწყონ და მცირე ბიზნესმენები გახდნენ," - ამბობს გუგავა.
ზღაპრების ბუმი?
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიას თქმით, წინასაარჩევნოდ ზღაპრების და მემარცხენეობის სერიოზული ბუმია და ბიუროკრატიაში არ არის ის თანხა, რომლითაც სოციალური შემწეობების რეალურად გაზრდა შესაძლებელი გახდება. პარტიები ამ დაპირებებით ამომრჩეველს ატყუებენ.
"პარტიები ასეთ დაპირებებს მარტივად გასცემენ, მთავარია, ყურს მოხვდეს ფრაზა კარგად - ბევრი უფასო რამის დაპირებით. ამ ზღაპრებით ყველა პარტია ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას.
"ყველას მოვუწოდებდი - შეიცოდეთ და პატივი ეცით თქვენს ამომრჩეველს. რეკორდები მოვხსენით ამ "უფასოებით" და ზღაპრული დაპირებებით. საოცარია, როდესაც არჩევნების წინ ყველა პარტია იმდენად დიდი კონკურენტი გახდა მემარცხენე "ლეიბორისტების", რომ უკვე ეს პარტია იძახის - რა შესაძლებლობაც არის, ისე უნდა გაიზარდოს შემწეობების რაოდენობაო," - აღნიშნავს ჯგერენაია.
ის ამბობს, რომ თეორიულად შესაძლებელია გაორმაგდეს სოციალური დახმარებები, მაგრამ ხვალ რამდენად მდგრადი და სტაბილური იქნება ქვეყანა, ესაა მთავარი. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ყველგან ჰიპერტროფულ დაპირებებს უკავშირდება. ჩვენთან კი - ეს საკმაოდ მძაფრია, ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი, მემარჯვენეა თუ მემარცხენე, წინასაარჩევნო დაპირებებით ყველა ულტრამემარცხენე ხდება და მათი სამიზნე განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი და გაჭირვებული ხალხია.
"ეს იმიტომ რომ, რაც უფრო გაჭირვებულია ადამიანი, უფრო მეტად ელის ხსნას გარე ძალისგან. ეს ერთგვარად "ელიოზის სინდრომია", როდესაც ნატვრის თვალს ეძებ.
"მესმის, რომ ბიუროკრატიის ხარჯები გაზრდილია და ჩვენნაირი ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანას ბიუროკრატიაზე ასეთი მსუყე ხარჯები არც ეკონომიკური და არც ეთიკური თვალსაზრისით არ შეშვენის. მაგრამ მეორე საკითხია - კარგი, შევამცირეთ, მაგრამ განა რამდენით?! და გაწვდება თუ არა ეს შემცირება იმ ზარალს, რაც შეიძლება ეკონომიკამ მომავალ წელს მიიღოს იმის გამო, რომ ძალაში შედის მოგების გადასახადის რეინვესტირების ფაქტორი?
"ანუ, თუ ბიზნესი ბოგებას წარმოებაში ჩააბრუნებს, ის აღარ დაიბეგრება. წლევანდელ ბიუჯეტში კი მოგების გადასახადით 1 მლრდ ლარია. ჰიპოთეტურად, ყველამ რომ რეინვესტირება მოინდომოს, ბიუჯეტი 1 მილიარდს დაკარგავს. ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე ამის კომპენსირებას შევძლებთ? ამ დროს პლუს ლაპარაკია გაზრდილი სოციალური ვალდებულების დაფინანსებაზე. "ეს უკვე არარეალურია და არ მინდა გავაწბილო ამომრჩეველი, მაგრამ იმ პარტიებს უნდა დაუჭირონ მხარი, ვინც ბიზნესის წახალისებას ჰპირდება და არა სოციალურ შემწეობებს," - ამბობს არჩვაძე.