ორი დღის წინ გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი თავის მხარდამჭერებთან ერთად სოფელში პარტიის სააგიტაციო მასალას აკრავდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ.
"ნაცმოძრაობის" ცნობით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მხარდამჭერები იყვნენ, რომლებმაც მათ კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
"ოცნებაში" ამ ბრალდებას უარყოფენ. მათი ცნობით, ინციდენტში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც პარტიის სააგიტაციო მასალებს აკრავდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა.
არის თუ არა ხალხში აგრესია "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "საზოგადოებას, ხელისუფლების ჩათვლით, არც ერთი პარტიის მიმართ არანაირი აგრესია არ გააჩნია. "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც პოლიტიკურ პარტიას უძახიან, ერთადერთი წარმონაქმნია, რომლის მიმართაც საზოგადეობას შეუგუებლობა აქვს იმის გამო, რომ "ნაციონალების" დასჯა არ მოხდა.
"დღეს ისევ საზოგადოება დგება დარტყმის ქვეშ, რომ ისინი აგრესიულები არიან. სინამდვილეში საზოგადოება კი არ არის აგრესიული, არამედ ისინი სამართალს მოითხოვენ. ხალხში აქედან გამომდინარეა აგრესია."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "შესაძლოა. მე არ გამოვრიცხავ იმიტომ, რომ "ნაციონალურმა მოძროაბამ" ბევრი ადამიანი გაანაწყენა, დაჩაგრა და ცუდად მოექცა. ეს დასამალი არ არის და არც თავად "ნაციონალური მოძრაობისთვისაა" სიურპრიზი. ადამიანებს ყველაფერი ახსოვთ და ეს შემდგომ აგრესიაში გადასდით. მოსახლეობას სურს, რომ ამ პარტიას პასუხი მოსთხოვოს.
"ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, რომ ისეთ საქმეს ნუ გააკეთებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხამს წყალს. თუ ეს პროვოკაციები მათ მიერაა მოწყობილი, მალე გაირკვევა."
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "საერთოდ, ქვეყანაში რომ ფსიქოზია, ეს აშკარაა, ხომ? ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა. ხალხში ზომიერი აგრესია არის, თუმცა ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდიდან გამომდინარეა."
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აგრესია არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია - რასაც დასთეს, იმას მოიმკი. მთავარია, ყველაფერი მასობრივ აგრესიაში არ გადავიდეს. ხელისუფლებამ მასობრივი აგრესიის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. სამწუხაროდ, მათ დღევანდელი პროცესები საკუთარი წარსულში ჩადენილი ქმედებებით გამოიწვიეს."
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "სიმართლე გითხრათ, აგრესია არა ხალში, არამედ პოლიტიკურ ელიტებშია. "ქართულ ოცნებას" ასეთი ინციდენტები 2012 წლის არჩევნებიდან მოჰყვება. "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ცდილობენ, რომ საზოგადოება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გარეშე დატოვონ. ისეთი აგრესია ხალხში ნამდვილად არ არის, რომ ასეთ დაპირისპირებებში ჩაერთონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე