არჩევნებამდე სულ რაღაც 18 დღე რჩება. აღსანიშნავია, რომ წინასარჩევნო პერიოდის დასაწყისში, მოქალაქეების უმეტესობას საკუთარი არჩევანი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი.
ქართველ ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ნაწილის თქმით, კი მოქალაქეები ისევ გაურკვევლობაში არიან.
აღნიშნულ საკითხზე, "რეზონანსი" მოქალაქეებსაც გაესაუბრა, რომელთა უმეტესობა საკუთარ მოვალეობას კარგად აცნობიერებს და თვლის, რომ თუკი დარჩენილ 18 დღეში კონკრეტულ პარტიაზე არჩევანს ვერ გააკეთებს, არჩევნებზე მაინც წავა და ყველა პარტიას გადახაზავს.
როგორ ფიქრობთ, არჩვნებამდე 18 დღით ადრე, ამომრჩევლის უმეტესობას გადაწვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნატა ფერაძე (პარტიზანი მებაღე): "მე მასობრივად განწყობებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემ გარშემო ვინც არიან, ჩემი ჩათვლით, ამ საკითხში ყველა ჩამოუყალიბებელი და ჯერ ისევ ძიების პროცესში ვართ."
ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): "მე ვფიქრობ, იმ გადაუწვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რაც თავიდან დაფიქსირდა, დიდად შეცვლილი არ იქნება, რაც გამოწვეულია იმედგაცრუებით. ეს დღევანდელი და წინამორბედი ხელისუფლებების "დამსახურებაა".
თუმცა მთავარია, რომ მოქალაქეები არჩვნებამდე მივიდნენ. მე ვფიქრობ, არჩევანი უნდა გააკეთონ ცუდსა და უარესს შორის, რადგან "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ქვეყანაში არსებობენ სხვა პოლიტიკური ძალებიც.
ამომრჩეველს ვეტყოდი, რომ არჩევნებით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება სახელმწიფოში და მთავარია, ისევ ერთპარტიული მმართველობა არ მივიღოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რადგან მხოლოდ მრავალხმიანობაშია გამოსავალი."
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "სრული ინფორმაცია უნდა გქონდეს იმისთვის, რომ დასკვნა გააკეთო, მაგრამ საერთო დამოკიდებულებას როგორც ვხედავ, ვფიქრობ, ამომრჩეველი ნელ-ნელა ყალიბდება და უფრო თვალსაჩინოა ის პრიცნიპი, რომ არჩევანში ყველა თავისუფალია.
მათ კი, ვისაც ჯერ ისევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ვფიქრობ, დარჩენილ დღეებში ისინიც გამოკვეთენ თავის დამოკიდებულებას.
მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი. ჩემ გარშემო ვინც არის, თითქმის ყველას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, ჰყავს ფავორიტები და ხმასაც შესაბამისად მისცემენ. ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიული პროცესი, რაც 4 წლის წინ დაიწყო და დადებითად ვითარდება."
რეზო მიშველაძე (მწერალი): "გამოკითხვის დროს, მოქალაქის განცხადება იმის შესახებ, რომ მას ჯერ კიდევ გადაწვეტილი არ აქვს, ვის მისცეს ხმა, ნაკლებად დასაჯერებელია. ეს განცხადება კონსპირაციის მიზნით ხდება და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ვისგანაც არ უნდა იყოს დასმული კითხვა - ვის აძლევთ ხმას? - უტაქტობაა. მაშინ რისთვის არის ფარული კენჭისყრა?!
მეც და ჩემი ნაცნობებიც, უკანასკნელ დღეებში ვხდებით სატელეფონო დაბომბვის მსხვერპლი, კითხვით - ვის აძლევთ, ხმას? მე ვპასუხობ, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია. სინამდვილეში, ძალიანაც კარგად მაქვს გადაწყვეტილი.
შეიძლება ამომრჩევლის 1%-ს არ ჰქონდეს გადაწვეტილი, დანარჩენმა ყველამ იცის საკუთარი არჩევანის შესახებ.
როდესაც ტელევიზორში ყელყელაობენ, ამა თუ იმ პარტიის ბელადები, მე მეშინია, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩვენები, ისინი არ ტყუვდებოდნენ თავიანთ თავდაჯერებულობაში. ბევრ მათგანს საარჩევნო ბარიერის ვერგადალახვის საშიშროებაც კი ემუქრება.
მე მაინც ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ბრძენი ქართველი ხალხი, რომელმაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ბევრი გამოსცადა, კარგად ერკვევა თავის არჩევანში და ზუსტად იცის, ვის უნდა მისცეს ხმა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე