"ოცნებას" აუცილებლად წამოაძახებენ, რომ ამ მასალას ანგარებიანად იყენებენ და არა - სამართლიანობის დასამკვიდრებლად"
თიკო ოსმანოვა
21.09.2016

წინასაარჩევნო გათვლა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 26 მაისის ამსახველი აქამდე უცნობი ვიდეოკადრების გავრცელებას და დასძენენ, რომ პროკურატურას ის არჩევნებამდე სულ რაღაც 18 დღით ადრე შემთხვევით არ მოუპოვებია და გაუვრცელებია.

დარწმუნებული არიან, რომ მისი გავრცელებაცა და საქმის წამოწევაც არჩევნებს განგებ დაამთხვიეს და ამ კადრებისაგან დაახლოებით იმავე ეფექტს ელიან, რაც "ქარულ ოცნებას" 2012 წელს ციხის კადრებმა მოუტანა. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ამ გზით ხალხისათვის წარსულის შეხსენებასა და "ნაცმოძრაობის" დისკრედიტაციას ცდილობს. მათი ნაწილი კი იმაშიც დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე მსგავსი შემთხვევები კიდევ ბევრჯერ იქნება.

 მოგეხსენებათ, 2011 წლის 26 მაისის ამსახველი აქამდე უცნობი ვიდეოკადრები მთავარ პროკურატურაში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინეს. იგი იმავე ღამეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოპერატორის მიერაა გადაღებული. მასზე ასახულია, თუ როგორ გასცემს ბრძანებას დავით (დათა) ახალაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას ითხოვს და თანამშრომლებს სანაცვლოდ მაღალ პრემიებს ჰპირდება.

პროკურატურის განცხადებით, 26 მაისის ღამეს, დათა ახალაიას მიერ გაცემული ბრძანება - "მეტი დაკავებული, მეტი პრემია", კუდ-ის ქვედანაყოფებმა "წარმატებით" შეასრულეს. შედეგად, პრემიის სახით მხოლოდ კუდ-ის თანამშრომლებზე დაახლოებით, 900 ათასი ლარი გაიცა. მათ შორის, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ბრძანებით, ლევან ქარდავამ პრემიის სახით მიიღო 13 780 ლარი, ვასილ ლელუაშვილმა - 9000 ლარი, დავით ახალაიამ - 6500 ლარი, ხოლო რევაზ შიუკაშვილმა - 4135 ლარი.

ჩვენი რესპონდენტების აზრით, "ქართული ოცნება" იმავე გზით მიდის - კადრების, კომპრომატების, ფარული ჩანაწერების დახმარებით უნდა არჩევნების მოგება. ეს კი, მათი აზრით, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ცდილობს აჩვენოს, რომ ოპონენტი პარტიები მასზე უარესები არიან.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ "ოცნება" მოსახლეობაში კვლევებს ატარებს, ნახულობს, თუ რა მხარდაჭერა აქვს და არასახარბიელო შედეგს იღებს. მისი აზრით, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის რეიტინგი საგრძნობლად დაცემულია და ამიტომ ახლა გადამწყვეტ ზომებს მიმართა. ამას კი, ჩიტაძის აზრით, მთავარი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" - დისკრედიტაციის გზით ცდილობს.

იგი დარწმუნებულია, რომ კადრების არჩევნების წინ გამოქვეყნება შემთხვევითი არაა და პროკურატურამ ეს ნაბიჯი განგებ გადადგა. ამ ეჭვს პოლიტოლოგს განსაკუთრებით ის ფაქტი უღვივებს, რომ პროკურატურამ მხოლოდ კონკრეტული მომენტები გამოაქვეყნა და არა მთლიანობაში 26 მაისის ამსახველი კადრები. ასევე არ უსაუბრია იმაზე, თუ რა უძღოდა დარბევას წინ და ა.შ.

"ყველაფერი ტენდენციურადაა ნაჩვენები. თითქოს ეს მშვიდობიანი დემონსტრაცია იყო, რომელიც ხელისუფლებამ დაარბია," - აღნიშნავს ჩიტაძე.

მისი აზრით, "ოცნება" ტყუილად ირჯება, რადგან მსგავსი კადრები მოსახლეობაზე აღარ ახდენს იმგვარ შთაბეჭდილებას, რისი მოლოდინიც სამთავრობო პარტიაში აქვთ. მიიჩნევს, რომ ელექტორატის უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ ციხის კადრების ზემოქმედებით მიღებული გადაწყვეტილების გამო 2012 წელს "ოცნებამ" კი გაიმარჯვა, მაგრამ ქვეყანამ წააგო, ამიტომ ახლა ისეთივე შეცდომას აღარ დაუშვებენ.

"ვფიქრობ, მოსახლეობა სათანადო დასკვნას გააკეთებს. მით უმეტეს, ხალხი გაღიზიანებულია იმით, რომ "ოცნებამ" თავისი დაპირებები ვერ ან არ შეასრულა. ამიტომ, დღევანდელ კადრებს ან თუნდაც ფილმ "ჰეროკრატიას" შედარებით ნაკლები ეფექტი ექნება, ვიდრე ციხის კადრებს ჰქონდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა," - დასძენს იგი.

მოსაზრებას, რომ კადრების გამოქვეყნება წინასაარჩევნო ინტერესებს ემსახურება, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილიც იზიარებს.  ამბობს, რომ ერთია ის დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და მეორეა ის, რომ მის დანაშაულს ახლანდელი ხელისუფლება ანგარებით იყენებს. ამბობს, რომ ამ უკანასკნელის დანაშაული მისი წინამორბედისას არ უტოლდება, მაგრამ მისი ქმედება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ემსახურება.

"არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით "ოცნების" მესვეურთა შიში გადაჭარბებულია. ძნელი წარმოსადგენია, რომ საზოგადოებამ ახლა არჩევანი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გააკეთოს. ეს ნამდვილად შეუძლებლად მეჩვენება.

"თუმცა, როგორც ჩანს, "ოცნების" ანალიტიკოსები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას სხვაგვარად ხედავენ და სამწუხაროდ, უშვებენ შეცდომას, რომელიც წინ დახვდებათ. 

მათ აუცილებლად წამოაძახებენ, რომ ამ მასალას ანგარებიანად იყენებენ და არა სამართლიანობის დასამკვიდრებლად," - აცხადებს ფირალიშვილი.

პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა წინასაარჩევნოდ 26 მაისის სკანდალური კადრების გავრცელებაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს. ამბობს, რომ ამას ელოდა კიდეც და მსგავსი რამ იმისათვისაა საჭირო, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვოს. ამიტომ, მისი აზრით, ეს კანონზომიერია. მიიჩნევს, რომ ამას ყველა ხელისუფლება გააკეთებდა და აკეთებს კიდეც, რადგან ესეც საარჩევნო ტექნოლოგიაა.

როცა ერთი გუნდის წინააღმდეგ მეორე გუნდი კომპრომატებს აქვეყნებს, მისი თქმით, ცივილიზებულ ქვეყნებშიც კი ჩვეულებრივი მოვლენაა და გამონაკლისი არც საქართველოა.

"ბუნებრივია, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს. 

ასე რომ, ეს სრულებით არ მიკვირს და მეტსაც გეტყვით - 8 ოქტომბრამდე კიდევ არაერთი ახალი ფაქტი გამოვლინდება, რაც ხელისუფლებას ქულებს დაუწერს და არჩვნებში გამარჯვებაში დაეხმარება," - აცხადებს კვესელავა.

კითხვაზე, ექნება თუ არა აღნიშნულ კადრებს ისეთივე ეფექტი, როგორიც 2012 წელს ციხის კადრებს ჰქონდა, კვესელავა პასუხობს, რომ იგივე ეფექტი ვერ ექნება, თუმცა "ოცნებას" გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოუტანს.

ამბობს, რომ 2012 წელს განსხვავებული სიტუაცია იყო - სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ხალხში პროტესტი არსებობდა და კადრები მათთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ახლა კი ასეთი მდგომარეობა აღარაა.

"ისეთი შედეგი აღარ ექნებათ, როგორიც მაშინ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პროცენტებში გარკვეული ცვლილება შეიძლება შეიტანოს. 

ეს კადრები არც "ოცნების" მხარდამჭერებზეა გათვლილი და არც "ნაცმოძრაობისაზე". იგი იმ ამომრჩეველზე გათვალეს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, ან არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცეს ხმა. ამგვარი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. მათ არჩევნებზე წასვლა უნდა გადააწყვეტინონ.

"სწორედ ამ ხალხზეა ლაპარაკი. თითოეული პარტია წორედ ამ ხალხზე მუშაობს. ასე რომ, მსგავსი რაღაცების გამოქვეყნება გაგრძელდება. აბა სხვანაირად არჩევნების მოგება იოლი არაა," - აღნიშნავს იგორ კვესელავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×