დავით ბერძენიშვილი: "კოალიციიდან რისი გამოდნობაც შეიძლებოდა, ჩვენ გამოვადნეთ"
ნინო ქეთელაური
21.09.2016

"როგორც კი ბიძინა ივანიშვილს რამეში დავითანხმებდით, ის ავტომატურად გასცემდა ბრძანებას და "ქართული ოცნების" დეპუტატები მას მერე ეთანხმებოდნენ და ხოტბას ასხამდნენ," - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბერძენიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, კოლიციის შიგნით რესპუბლიკურ პარტიას კონკრეტულ კანონპროექტებზე ხშირად უწევდა დავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნება" მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მითითების შემდეგ ეთანხმებოდა.

რაც შეეხება ივანიშვილის კრიტიკას "რესპუბლიკელების" მიმართ, დავით ბერძენიშვილის თქმით, ის გადაიღალა და მისი შეფასებები არაადეკვატურია.

 დავით ბერძენიშვილი: მე მოკლებული ვარ უნარს, რომ გამოვიცნო, ბიძინა ივანიშვილი ასე დაუფარავად რას გვერჩის: მის ნომერ პირველ პარტნიორ რესპუბლიკურ პარტიას, ნომერ მეორე - "თავისუფალ დემოკრატებს" და ნომერ მესამე - "ეროვნულ ფორუმს". ასე იმიტომ დავნომრე, რომ 2012 წლის 21 თებერვალს პარტია "ქართულ ოცნებასთან" ერთდ სწორედ ეს პარტიები არიან კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებლები, რაც თავად ივანიშვილმა დაწერა თავისივე წერილში.

ახლა, მან სამივე გამოგვაცხადა არასანდო პარტნიორებად, ცუდ ადამიანებად და ა.შ. ვფიქრობ, ის გადაღლილია, ეს შეფასებები კი, არაადეკვატური. პრაგმატულად ეს მის პარტიას არ წაადგება ნამდვილად. სავარაუდოდ, ივანიშვილიც მიხვდა ამას და ბოლო ხანებში ტემპერატურას დაუწია. ალბათ, ამ თემებზე საუბარსაც შეწყვეტს, რადგან ამით ვისაც გვერჩის, ის ხალხი არ ვზარალდებით, მხოლოდ თვითონ ზარალდება. არ შეიძლება, 5-წლიანი პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ უამრავი ტყუილი ისაუბრო. მე მასთან საუბარი დავასრულე და იმედია, მანაც დაასრულა.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის კრიტიკა "რესპუბლიკელების" რეიტინგზე როგორ აისახება?

დ.ბ: როდესაც ივანიშვილმა ასეთი თავგამოდებით დაარწმუნა "რესპუბლიკელების" პოტენციური ამომრჩეველი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ისე იქცეოდნენ, როგორც ოპოზიციონერები, ყველაფერში მერჩოდნენ და "ქართული ოცნება" "რესპუბლიკელებს" ვერ იტანდაო, ეს ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა. ამით ჩვენდამი კითხვების მქონე პოტენციურ ამომრჩეველს ისევ ჩვენი პარტიისაკენ აბრუნებს. ეს ჩვენთვის მომგებიანია, უბრალოდ, ივანიშვილმა ვერ გათვალა.

"რ": ბიძინა ივანიშვილის გარდა, თინა ხიდაშელმაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები ხშირად კამათობდნენ კოალიციის შიგნით. კონკრეტულად რაზე ვერ ხდებოდა შეთანხმება?

დ.ბ: ბიძინა ივანიშვილისა და რესპუბლიკური პარტიის კამათი ხშირად სასარგებლო შედეგის მომტანი იყო, ზოგჯერ - ვერა. მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება იყო იმის შედეგი, ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკურ პარტიას რომ დაუჯერა და შემდეგ სულ თითის ქნევით მოთხოვა პარტია "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭირეთო. ამ ანტიდისკრიმანაციულმა კანონმა და ამ მიმართულებით მიღებულმა სხვა კანონებმა მიგვიყვანა ჩვენ ვიზალიბერალიზაციის ზღურბლამდე და დღე-დღეზე ველოდებით, რომ შენგენის ზონაში შევალთ. ეს იყო კარგი მაგალითი. 

მეორე, მერები და გამგებლები 50%-ანი ბარიერით პირდაპირ რომ ირჩევა, არც პრემიერი ღარიბაშვილი და არც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა არ იყვნენ მოწადინებული ამაზე. პირიქით, ქალაქებში მერების არჩევაზე 40%-მდე ძლივს ვითანხმებდით, 50%-ზე ღარიბაშვილი არ მოდიოდა. ახლა, მერები და გამგებლები 50%-იანი ბარიერით რომ ირჩევიან, ეს არის იმის შედეგი, ივანიშვილი "რესპუბლიკელებს" რომ დაეთანხმა. როგორც კი რამეში დავითანხმებდით, ის ავტომატურად გასცემდა ბრძანებას და "ქართული ოცნების" დეპუტატები მას მერე ემორჩილებოდნენ, ეთანხმებოდნენ და ხოტბას ასხამდენენ. ასეთი იყო რეალობა.

როდესაც ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ შსს და უშიშროების სამსახური უნდა გაგვეყო ერთმანეთისგან, ესეც ჩვენი ინიციატივა იყო, ჩვენ ამას ვეძახდით ენკავედეს (საბჭოთადროინდელი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, ნკვდ - რედ.). ბიძინა ივანიშვილმა ვეღარ გაგვიწია წინააღმდეგობა და ესეც გავიდა. მაგრამ მოსმენების კანონში, ჩვენ და ივანიშვილი ვიყავით დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციებზე. ვერ დავარწმუნეთ, რომ მოსმენები არ უნდა ყოფილიყო შს სამინისტროს ხელში. გავიდა იზორიას კანონი, მაშინ როცა ჩვენ გვქონდა ვახტანგ ხმალაძის ალტერნატიული კანონპროექტი, რომელმაც 61 ხმა მიიღო. ეს ხდებოდა 2014 წლის შემოდგომაზე. ჩვენ მაშინაც და მერეც ვრჩებოდით კოალიციაში და ვიყავით პარტნიორები.

2014 წლის შემოდგომაზე, ჯერ შიგნით კოალიციაში მოვითხოვეთ, რადგან იქ არ დაგვიჯერეს, მერე საჯაროდ გამოვაქვეყნეთ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი, სადაც ვსაუბრობდით, რომ კოალიცია შესაცვლელია და უნდა გადავიდეთ ევროპულ კოალიციაზე. რომ უნდა იყოს კოალიციური შეთანხმება და პასუხისმგებლობები, ამან გამოიწვია სერიოზული კრიზისი. 

ამ პერიოდს დაემთხვა "თავისუფალი დემოკრატების" გასვლა კოალიციიდან და რამდენიმე თვის განმავლობაში კოალიციაში იყო დიდი ხანძარი, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე წავიდა ამოწურვისკენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა უსუფაშვილის პრემიერ-მინისტრობა შემოგვთავაზა, მაგრამ  პოლიტიკურ საბჭოზე თვითონ არ ჩამოვიდა, ამიტომ მის გარეშე პრემიერის პორტფელს არ დავთანხმდით. თუმცა ამას მოჰყვა ის, რომ 2015 წლის მაისის დასაწყისში 2 მინისტრი მივავლინეთ მთავრობაში და ამ პერიოდიდან, პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი იყვნენ "რესპუბლიკელი" მინისტრები, მთავრობა გახდა ორპარტიული. 

ხიდაშელის მინისტრობა ძალიან წაადგა ჩვენს სახელმწიფოს. ვარშავის სამიტზეც და მანამდეც ის იყო საქართველოს მთავრობის მთავარი სახე საგარეო ფრონტზე. ის არ ასრულებდა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის ფუნქციას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი საგარეო აქტიურობაც ნატოში ინტეგრაციისა და უსაფრხოების სისტემის ჩამოყალიბების გზაზე. ეს არის პასუხი კითხვაზე - ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, რატომ ვრჩებოდით კოალიციაში?  

კოალიციიდან რისი გამოდნობაც შეიძლებოდა, ჩვენ გამოვადნეთ, თორემ ახლა ჩვენ გვექნებოდა შავრაზმული კანონმდებლობა, არავითარი პირდაპირ არჩეული მერები და გამგებლები, არავითარი ანტიდისკმრიმაციული კანონი და ვიზალიბერალიზაცია არ იქნებოდა.  ასე რომ, "თავისუფალი დემოკრატების" შემდეგ "რესპუბლიკელების" ოპოზიციაში წასვლით, მერე ვინღა დაიჯერებდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი შემადგენლობის პროდასავლურობას?! თუმცა ეს უკვე წარსულია, ივანიშვილი-2012 იყო კარგი, ივანიშვილი-2016 არის ცუდი, სააკაშვილი 2003 იყო კარგი, სააკაშვილი 2012 იყო ცუდი, ამიტომ ჩვენ პოლიტიკურად უკვე დავძლიეთ ივანიშვილი, ისევე როგორც სააკაშვილი. ჩვენ მისი მტრები არ ვყოფილვართ და არც გავხდებით.

იმაში, რომ ქვეყანაში მედია თავისუფლებაა, იმაში, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით კონტაქტები გაზრდილი და გაუმჯობესებულია დასავლეთთან, იმაში, რომ თვითმმართველობის ნიშნებია ქვეყანაში, "რესპულიკებების" წვლილი დიდია. თუმცა ჩვენ მაინც მომავალზე ვაკეთებთ აქცენტს და ამომრჩეველმაც სწორედ ჩვენი საარჩევნო პროგრამით უნდა შეგვაფასოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×