უკვე მეხუთე წელია, რაც სირიაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მძვინვარებს. სამოქალაქო ომი უკვე დიდი ხანია, რაც ამ არაბული ქვეყნის საზღვრებს გასცდა და მის შედეგებს ხალხი დღეს ევროპის ქვეყნებშიც კი ეწირება. შესაბამისად, სირიაში მშვიდობის აღდგენით დღეს მთელი მსოფლიო არის დაინტერესებული.
გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ჯონ კერისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მიღწეულ იქნა შეთანხმება, სირიაში ცეცხლის ერთი კვირით შეწყვეტის თაობაზე.
ეს იყო ერთგვარი საცდელი ვადა. თუკი შვიდი დღის ვადაში მხარეები შეძლებდნენ "სიჩუმის რეჟიმის" დაცვას, სამშვიდობო გეგმის მეორე, უფრო ხანგრძლივი გეგმა ამოქმედდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმედღიანი ინტერვალის შემდეგ შეტაკებები ახალი ძალით განახლდა. მხარეებმა, სირიის სამთავრობო ჯარებმა და შეიარაღებულმა მეამბოხეებმა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
17 სექტემბერს კი ალეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე დისლოცირებულ სირიის სამთავრობო ჯარებზე ავიაიერიში დასავლური კოალიციის ძალებმა მიიტანეს. დასავლური თვითმფრინავების მოქმედების შედეგად, დაიღუპა 62 სირიელი ჯარისკაცი, ასმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ყოველივე ამით დაუყოვნებლივ ისარგებლეს "ისლამური სახელმწიფოს" ალყაში მყოფმა ტერორისტებმა და მოწინააღმდეგის პოზიციებზე წარმატებული იერიში მიიტანეს. აღნიშნულმა ფაქტმა ოფიციალური მოსკოვისა და დამასკოს მხრიდან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. თავის მხრივ, პენტაგონში განმარტეს, რომ ეს არ იყო შეცდომა და მათ აღნიშნულ ობიექტებზე ავიაიერიში მიზანმიმართულად მიიტანეს.
ამის მიზეზი იყო ის, რომ ჯავშანტექნიკის ირგვლივ მყოფი შეიარაღებული პირები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, რაც სირიული არმიისათვის არ არის დამახასიათებელი. შესაბამისად, პილოტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წევრებს ბომბავდნენ. ამ უკანასკნელებზე კი არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება არ ვრცელდება და რუსული, სირიული თუ კოალიციური ავიაცია მათ გამუდმებით ბომბავს.
თავის მხრივ, "ცალმხრივ რეჟიმში" ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას სირიულმა მხარემ "სისულელე" უწოდა და ალყაშემორტყმულ ალეპოზე ავიაიერიშები განაახლა. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა როგორც ტერორისტების რიგებში, აგრეთვე ქალაქში ჩარჩენილ მშვიდობიან მოქალაქეებს შორისაც. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.
ყველაზე რეზონანსული და ამ დრომდე ბოლომდე დაუდგენელი შემთხვევა კი 20 სექტემბერს მოხდა. გაეროს ჰუმანიტარული ავტოკოლონა, რომელიც 32 სატვირთო ტრაილერს ითვლიდა, ალეპოსთან, დასახლებულ პუნქტ ურუმ-ალ ქუბრთან ავიაიერიშში მოყვა. შედეგად, 20 პირი, მათ შორის სირიული წითელი ნახევარმთვარის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. საერთო ჯამში 18 სატვირთო მანქანა განადგურდა.
პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ეს კოლონა სირია-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდა ნებართვას ოფიციალური დამასკოდან, რათა ალეპოსაკენ დაძრულიყო.
ჰუმანიტარულ ტვირთს საბრძლო მოქმედებების ეპიცენტრში მყოფი 70 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ელოდა. პარალელურად, 4 ბომბი სირიის წითელი ნახევარმთვარის სასაწყობე შენობასაც დაეცა, რის შედეგადაც 1000-მდე ტონის მოცულობის საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაიწვა.
გაეროს ჰუმანიტარულ კოლონაზე ავიაიერიშში სირიელმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და ამერიკულმა მხარემ რუსულ ან ბაშარ ასადის ერთგული ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალებს დასდეს ბრალი.
გეროს ჰუმანიტარული საკითხების საკოორდინაციო ცენტრის პრესსპიკერის, იენს ლერკეს თქმით, გაჭირვებაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის განკუთვნილი ტვირთის განადგურება არის ენით აუწერელი ბოროტება და შოკისმომგვრელი ფაქტი.
მიუხედავად ყველაფრისა, ლერკეს თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კვლავ გააგრძელებს სირიაში, საომარი მომქედებების ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეებისათვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერის თქმით კი, ვაშინგტონი სირიის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობის მიზანშეწონილობის საკითხს გადახედავს.
რუსულმა მხარემ, ისევე როგორც ოფიციალურმა დამასკომ, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყო გაეროს ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის მიტანის ფაქტი. რუსი სამხედროების განმარტებით, განადგურებული ტექნიკის დათვალიერებისას, მას არ აღენიშნებოდა ავიაბომბების აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს სირიელი ოპოზიციონერების მიერ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარია, რათა შემდეგში, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი "სისხლისმსმელ ტირანად წარმოაჩინონ".
ამავდროულად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ფეთქდება სატვირთო მანქანები.
ანალიტიკოსი დავით კასრაძე მიიჩნევს, რომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგანაც რეგიონში ბევრი ქვეყნის ინტერესი იკვეთება, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, ეს კი იქ მიმდინარე სამოქალაქო ომზე ცეცხლზე დასხმული ნავთის ეფექტს ახდენს.
"სირიაში მშვიდობის დასადგურება უტოპიაა, რადგანაც იქ სრული ქაოსია. ერთის მხრივ, პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, მისი მხარდამჭერი ირანი და რუსეთის ფედერაცია, მეორე მხრივ კი ათობით, ასობით სხვადასხვა სიდიდის ოპოზიციური დაჯგუფება, ზოგი ე.წ. "ზომიერი", ზოგი ისლამისტური, ზოგიერთს ვაშინგტონი და ნატო უთანაგრძნობს, ზოგიერთს საუდის არაბეთი, ზოგიერთს თურქეთი, ამას ემატება "ისლამური სახელმწიფო" და ქურთების ფაქტორი.
"ეს ძალები ერთმანეთის სრული ანტიპოდები არიან, განსხვავებული მენტალიტეტითა და მსოფლმხედველობით, როგორ წარმოგიდგენიათ მათი კოაბიტაცია?! იქ არის ომი პრინციპით - ყველა ყველას წინააღმდეგ..." - თქვა კასრაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.