საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" ინიციატივას იმის შესახებ, რომ პარტიებმა წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელონ, არასაჭიროს უწოდებს.
მისი აზრით, ამის გაკეთება პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ და შესაძლოა, შიდა დაპირისპირებებიც გამოიწვიოს. ამომრჩეველს კი წინასწარ ამის ცოდნა არაფერს მისცემს.
არჩილ გამზარდია: ეს მიდგომა, თუ გახსოვთ, "ნაციონალური მოძრაობის" მოძველებული მიდგომაა. მაშინ მხოლოდ კონკრეტულ პირებზე აკეთებდნენ აქცენტს - თუ ვის წარადგენდნენ ქვეყნის მმართველად და ვის - პარლამენტის თავმჯდომარედ.
მინისტრთა კაბინეტი კი არაერთ ადამიანს მოიცავს და პარტიებში შეიძლება ამ ეტაპზე საერთოდ არ მიდიოდეს მუშაობა იმაზე, თუ ვინ შეიძლება წარმოადგინონ ამა თუ იმ თანამდებობაზე.
ამიტომ, ეს ინიციატივა იდეურადაც და პრაქტიკულადაც არასწორად მეჩვენება. ჩემი აზრით, ეს არარეალისტურია, რადგან არავინ იცის, თუ ვინ რა მოცულობით მოვა პარლამენტში.
დღეს რომ მინისტრთა კაბინეტი წარმოადგინონ, რომელიც ხვალ შესაძლოა თავადვე შეცვალონ, მით უმეტეს, რომ არავინ იცის, მთავრობა კოალიციური იქნება თუ არა, გაუგებრად მეჩვენება.
"რეზონანსი": ფიქრობთ, რომ ეს არც ამომრჩევლის ინტერესებში შედის? მათ გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში ვერ დაეხმარება?
ა.გ: გაცნობიერებული არჩევანი ის იქნება, თუკი მოქალაქეები პროპორციული და მაჟორიტარული სიების შესახებ სრულად იქნებიან ინფორმირებულნი. თუკი ზუსტად ეცოდინებათ, თუ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საკანონმდებლო ორგანოში.
ამ ინიციატივით კი მხოლოდ ჩარჩოები შეიქმნება და ამომრჩეველს არაფერში დაეხმარება. ეს ინფორმაცია მხოლოდ პოლიტიკური ბატალიებისათვის და ოპონირებისათვის შეიძლება იყოს საჭირო - პარტიები კონკრეტულ სუბიექტებზე დაიწყებენ აპელირებასა და კამათს.
"რ": პოლიტიკურ პარტიებში შიდა დაპირისპირებებიც შეიძლება გამოიწვიოს?
ა.გ: სავსებით შესაძლებელია. წარმოიდგინეთ, ამ ინიციატივის ფარგლებში პარტიები იძულებული ხდებიან, თავიანთ წარმოასახვაში მინისტრთა კაბინეტი ძალიან სწრაფი ტემპით შექმნან. ეს ძალიან გაუგებარი, არასაჭირო და რთული ამოცანაა.