ინიციატივა პარტიების მხრიდან მინისტრთა კაბინეტის არჩევნებამდე დასახელების თაობაზე პოლიტოლოგებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მათი ნაწილი აღნიშნულ იდეას იწონებს და მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანი იქნება, რადგან ამომრჩეველს ეცოდინება, თუ როგორი მთავრობა ეყოლება ამა თუ იმ პარტიისათვის მხარის დაჭერის შემთხვევაში.
თუმცა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ეს პარტიებს დააზარალებს. მათი აზრით, არჩევნებამდე კაბინეტის შემადგენლობის განხლვამ შიდაპარტიული დაპირისპირებები შეიძლება გამოიწვიოს.
ზემოთ ხსენებული ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას "ევროატლანტიკური საქართველოსთვის" ეკუთვნის. იგი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საზოგადოებას გააცნონ პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრის შემთხვევაში მინიმუმ 6 წამყვანი მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი ან მათი "პოტენციური კაბინეტი".
"ვფიქრობთ, პოლიტიკურმა პარტიებმა მნიშვნელოვანია, უპირველესად ყოვლისა, შემდეგი მინისტრები დაასახელონ: იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ამომრჩეველს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება არჩევნების დღეს", - აღნიშნავენ კოალიციაში.
ინიციატივას თავად პარტიებში აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. სახელისუფლებო პარტია "ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ არჩევნების წინ მათ მიერ მინისტრობის კანდიდატების დასახელება და მითქმა-მოთქმის გაჩენა ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პარტიები სწორად იქცევიან, როცა არჩევნების წინ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას არ ასახელებენ, რადგან მათ შეიძლება ამით თავი ირონიულ მდგომარეობაში ჩაიყენონ. მისი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისეთი თემა შემოიტანეს, რომელსაც პარტიები ვერ აყვებიან.
"აღნიშნული საკითხი დეტალურად "ქართულ ოცნებაში" არ განხილულა. არც ზოგადად გვქონია მინისტრობის კანდიდატურებზე მსჯელობა. არასამთავრობო ორგანიზაციების სულისკვეთება მესმის, მაგრამ ვერანაირად ვერ დავეთანხმები, რომ მაინცდამაინც "ქართულმა ოცნებამ" დაასახელოს, თუ ვინ იქნებიან მომავალ მთავრობაში მინისტრები.
"არა მგონია, სხვა პარტიებისთვის მინისტრების დასახელება მიმზიდველი თემა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზოგადოების წინაშე რეალობას მოწყვეტილად წარმოაჩენენ თავს. ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის დაკომპლექტებისათვის მათ რესურსი არ ეყოფათ. როცა არჩევნები დასრულებული არ არის და საზოგადოებას გადაწყვეტილება არ მიუღია, პარტიებმა მინისტრობის კანდიდატების დასახელება დაიწყონ, არასწორი იქნება.
"წარმოიდგინეთ, რომ ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტი "ეროვნულმა ფორუმმა" ან "რესპუბლიკელებმა" წარმოადგინონ, როცა ისინი საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე ფიქრობენ და იციან, რომ ვერ მიიღებენ იმდენ ადგილს, რაც მთავრობის დასაკომპლექტებლად არ ეყოფათ. მათ მიერ მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენა ახალი პოლიტიკური დებატების ან ირონიის მეტს არაფერს გამოიწვევს.
"არჩევნების წინ რომელიმე მინისტრზე ჭორის გავარდნა, რომ ის მიდის ან ვიღაც რჩება, არ შეიძლება - საზოგადოებას სტაბილურობა სჭირდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მინისტრთა კაბინეტის წინასწარ დასახელებას ამბიციურს უწოდებს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი. მისი აზრით, ეს ღიმილის მომგვრელიც კი იქნება.
"ასეთი სია მარტივი მიზეზების გამო ვერ გვექნება, რადგან არ გვგონია, რომ რომელიმე ერთი პარტია გაიმარჯვებს სრულად და არც "რესპუბლიკურ პარტიაზე" ვფიქრობთ ამას, რომ მთელ მინისტრთა კაბინეტს ჩვენ დავაკომპლექტებთ. ვინც ასე ფიქრობს, ძალიან ცდება.
"მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, გარდა ინგლისისა, სადაც "ჩრდილოვანი მთავრობა" არსებობს და ჩვენს რეალობაში ამის წარმოდგენა შეუძლებელია", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ექსპერტთა ნაწილისათვის კი იდეა ბევრი მიზეზით აღმოჩნდა მიმზიდველი. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე შეთავაზებას ინოვაციურს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მეშვეობით საარჩევნო პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ამ ინიციატივის განხორციელება შეუძლებლად მიაჩნია. დასძენს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ამისათვის მზად არ არის. სამომავლოდ მსგავსი პრაქტიკის დანერგვაზე კი ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ცუდი არ იქნებოდა.
"მეორე მხრივ, საკთხავია როგორ შეეძლებათ პარტიებს მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენა, როცა მათ ჯერ ისიც არ იციან, თუ რა რაოდენობის ადგილს მიიღებენ პარლამენტში. ეს გარკვეულ პრობლემას ქმნის. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ესაა კარგი ინიციატივა, რომელსაც სამომავლოდ პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს.
"ზოგადად, მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენა მარტივი პროცესი არაა. იგი მთელ რიგ სირთულეებს უკავშირდება, როგორც შიდა პარტიულს, ისე სხვა ტიპისას. როგორც წესი, პარტიებს წინასწარ კანდიდატურები შერჩეული ჰყავთ ხოლმე, მაგრამ მათ მაშინ ამხელენ, თუკი პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებენ", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ანჯაფარიძე.
ინიციატივა "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის პრეზიდენტ" ირაკლი კიკიანსაც მოსწონს. მიიჩნევს, რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორი იქნება მთავრობა ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერის შემთხვევაში.
თუმცა, მეორე მხრივ, მისი აზრით, შიდაპოლიტიკური მოსაზრებების გამო, პარტიებსაც უნდა დარჩეთ იმის უფლება, რომ წინასწარ კონკრეტული გვარების დასახელება არ მოუწიოთ.
ფიქრობს, რომ შუალედური ვარიანტია მოსაფიქრებელი, რომელიც არც პარტიების ინტერესებს დააზარალებს და არც ამომრჩევლისას.
"მაგალითად, სიის პირველი ათეული ან თხუთმეტეული მინისტრთა კაბინეტის წევრებად მოიაზრებოდნენ, ან რამე მსგავსი. ეს პარტიის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს და საზოგადოებისასაც", - აცხადებს კიკიანი.
მისივე აზრით, ეს ყველაფერი ამომრჩეველს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაშიც დაეხმარება. ამბობს, რომ ადამიანს უნდა ესმოდეს, თუ ვის და რატომ აძლევს ხმას. აქედან გამომდინარე, მას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს კანდიდატებზე, მის მიღვაწეობაზე, წარსულზე და ა.შ. მეტი გამჭვირვალობა, პოლიტოლოგის თქმით, დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.
თუმცა, აქვე იმ სირთულეებზეც საუბრობს, რომელიც ამ პროცესში პოლიტიკურ პარტიებს შეიძლება შეექმნათ. ამბობს, რომ თითოეულ პარტიაში გარკვეული დაჯგუფებები არსებობს და კანდიდატების წინასწარმა დასახელებმა შესაძლოა შიდაპარტიულ ურთიერთობებზე ნეგატიურად იმოქმედოს.
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის წინასწარი განხილვა პოლიტოლოგ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს არასწორად მიაჩნია. მისი აზრით, იმის ცოდნაც საკმარისია, რომ თითოეული პარტის ლიდერი, ანუ სიის პირველი ნომერი პრემიერად მოიაზრება.
როცა პრემიერობის კანდიდატი ცნობილია, ძაბირაძის თქმით, მინისტრების დასახელება უკვე აზრს კარგავს. თანაც, არც იმას გამორიცხავს, რომ ამან პარტიის შიგნით გარკვეული გართულებები გამოიწვიოს.
"გასაგებია, რომ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს აინტერესებთ, მაგრამ ვფიქრობ, პარტიები პრაგმატულად და სწორად იქცევიან, როცა "ჩრდილოვან კაბინეტს" არ ასახელებენ. საკმაოდ ბევრი დრო გვჭირდება იმისათვის, რომ ჩრდილოვანი კაბინეტის დასახელებას მივეჩვიოთ.
"ეს რომ ახლა ვინმემ გააკეთოს, ამ კაბინეტის ფორმალური თუ არაფორმალური არსებობა არჩევნების ჩატარებამდე დასრულდება. ამიტომაც მგონია, რომ სწორად იქცევიან", - მიიჩნევს ძაბირაძე.
მისივე თქმით, კაბინეტის შემადგენლობის დასახელება სავალდებულო არცერთ ქვეყანაში არაა. არც იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ მომავალი მინისტრების ვინაობის ცოდნა ამომრჩეველს რამეში დაეხმარება და ეს მათ განწყობებსა თუ არჩევანს განსაზღვრავს.
ამბობს, რომ საზოგადოება ამ არჩევანს მაინც პარტიის ლიდერის მიხედვით აკეთებს.
"ხალხი არჩევანს მაინც იმის მიხედვით გააკეთებს თუ ვინ იქნება პრემიერი და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში. ამის წინასწარ ცოდნა მათ გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას მაინც არ მოახდენდა", - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.