"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი შესთავაზა - როგორც მმართველი ძალა აცხადებს, მემორანდუმი წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს, რათა ინციდენტები იქნეს აცილებული.
მათივე განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვინ დაუჭერს მხარს მემორანდუმს და ვინ არა, ცნობილი გახდება, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა განზრახვა ამოძრავებს.
ხელისუფლების მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ მიიღებენ ყველა ზომას, რათა მათმა აქტივისტებმა სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართულ ღონისძიებას ხელი არ შეუშალონ.
"ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა.
ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან.
ასევე, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ, ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტების გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე", - ნათქვამია მემორანდუმში.
როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმისა, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.
"მემორანდუმი გამოქვეყნებისთანავე გადავუგზავნეთ საარჩევნო სუბიექტებს, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია გავიგოთ. იმედი გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შემოუერთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო მემორანდუმს. "კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა სუბიექტთან. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დახვეწილი მემორანდუმი შეგვეთავაზებინა ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის.
"ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მემორანდუმის მიზანი არის, ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები, არ დავუშვათ პროვოკაციები და არ დავუშვათ ძალადობა საარჩევნო პროცესში.
"საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მასზე ხელმოწერის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ამ მემორანდუმს. თუ ვინმე არ შეუერთდება, იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია", - განაცხადა კობახიძემ.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მემორანდუმის გაფორმების აუცილებლობა არ უნდა დამდგარიყო და მომავალში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მაგრამ, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ სამშვიდობო მემორანდუმს ხელს ყველა მოაწერს.
"მე ვფიქრობ, წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია და ძირითადად მათივე აგრესიული გამოვლინებებია დაპირისპირება, როცა ერთი გუნდი ატარებს აქციას და მიდიან სხვები.
"როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში, საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით. ძალიან აქტიურობდნენ ე.წ. ზონდერები და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა შეხვედრა.
"დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი აზრით, ამ მხრივ პრობლემებს არ ქმნის, ცალკეული პროვოკაციები არის, სხვადასხვა პარტიიდან. ძირითადად გასაგებია საიდანაც, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა და ეს ინიციატივაც შემთხვევითი არ არის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პირველ რიგში ხელისუფლებაა ვალდებული, რომ არ მოხდეს მსგავსი დაპირისპირება.
"რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღკვეთოს პროვოკაციები, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ნებისმიერ პროვოკაციაში, ვისგანაც არ უნდა იყოს ინსპირირებული, წინასწარ ხელისუფლება დავადანაშაულოთ. ყველა პარტია უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ მსგავსი არ მოხდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
პარტიებს შორის ე.წ. მშვიდობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივას მიესალმება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, თუმცა მიიჩნევს, რომ მემრონადუმის პირობები უნდა შესრულდეს.
"ცხადია, მშვიდობის მემორანდუმი მისასალმებელია, მაგრამ ყველაფერი, რაც იქნება მემორანდუმში ჩაწერილი, აუცილებლად უნდა შეასრულონ პარტიებმა. ჩვენ გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან და ყველა მათგანი საუბრობს, რომ მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი იქნება ასეთი მემორანდუმი, მაშინ ის უნდა შესრულდეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა. მემორანდუმთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება თვალების ახვევა და ფარისევლობაა, რადგან ყველაფრის წამომწყები თავად ხელისუფლებაა.
"მაშინ, როცა ხელისუფლება აქეზებს ძალადობას და არ სჯის მოძალადეებს, აბსოლუტურად არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და თავს ესხმიან პოლიტიკური პარტიების ოფისებს, ეს არის ფარისევლობა. სუს-ი ზეწოლას ახდენს პოლიტიკურ ოპონენტებზე და რაღაც ჩანაწერებს აქვეყნებენ. ამ ყველაფერზე ცხადია, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელიც ამ დროს ფარატინა ქაღალდებს აფრიალებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს და პასუხსიმგებლობას იღებდეს ამ პროცესებზე. შეაჩერონ ძალადობა და რეალურად დაკავდნენ იმ პრობლემებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. ამ პრობლემებს შორის კი არის ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, პოლიტიზირებული პოლიცია, სუს-ის ისეთი როლი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ.
"რაღაც მითების შექმნასა და ქაღალდებში ძრომიალს მოეშვან. ეს არის თვალების ახვევა, რაზეა საუბარი, როცა ყველაფრის წამომწყებნი თავად არიან. ერთი საქმე მითხარით ოპოზიციის მიმართ ძალადობის, ზეწოლის ან აუდიოჩანაწერის გავრცელებისა, რომელიც გამოძიებულია. ხელისუფლება ქმნის ამ ვითარებას და შემდგომ ვიღაცის თვალის ასახვევად საუბრობენ, რაღაც ინიციატივებზე. ეს არის ძალიან დიდი ფარისევლობა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტიის "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა კაციტაძემ მემორანდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უმჯობესია, ხელისუფლებამ მემორანდუმი საკუთარ სტრუქტურებთან გააფორმოს, რათა წინასაარჩევნოდ პარტიებზე დევნა და შანტაჟი შეწყვიტონ. მისი თქმით, მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა.
"ეს მემორანდუმი თავისი შინაარსით უპირველესად მმართველ პარტიას ეხება. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, დევნის დემონსტრირებას, დაწყებული სუს-იდან და დამთავრებული სხვა სახელმწიფო მანქანებით, ეს არის მმართველი პარტია და ხელისუფლება.
"მაქვს შესაგებებელი ინიციატივა - დაბრძანდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ეშელონებიდან, მოიწვიონ საკუთარი სტრუქტურები, როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ერთმანეთში გააფორმონ მემორანდუმი. "დადონ პირობა, რომ ისინი არ განახორციელებენ ზეწოლას კანდიდატებზე, პარტიებზე, არ გააგრძელებენ მოსმენებს, არ გამოაქვეყნებენ კადრებს და არ შექმნიან დისკომფორტს წინასაარჩევნოდ. თუ ამას გააკეთებენ, ჩვენ მოვიწონებთ", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.