"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმი შესთავაზა. როგორც მმართველი ძალა აცხადებს, მემორანდუმი წინსააარჩევნო პერიოდში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს, რათა გარკვეული ინციდენტები იქნეს აცილებული.
მათივე განცხადებით, იმის მიხედვით, თუ ვინ დაუჭერს მხარს მემორანდუმს და ვინ არა, ცნობილი გახდება, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რა განზრახვა ამოძრავებს.
ხელისუფლების მიერ ოპონენტებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ მიიღებენ ყველა ზომას, რათა მათმა აქტივისტებმა სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართულ ღონისძიებას ხელი არ შეუშალონ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს, თუმცა ეს იქნება პოლიტიკური ნება, რომ პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად ჩატარებაზე.
"საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მასზე ხელმოწერის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ამ მემორანდუმს. თუ ვინმე არ შეუერთდება, იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია", - განაცხადა კობახიძემ.
უნდა მოაწერონ თუ არა ხელი საარჩევნო სუბიექტებმა სამშვიდობო მემორანდუმს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მგონი, არაფერი ცუდი არ წერია ამ სამშვიდობო მემორანდუმში, ამიტომ ოპოზიციური პარტია იქნება თუ სამთავრობო, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი ამ მემორანდუმს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ კულტურა და ერთმანეთის პატივისცემა, ამიტომ ეს აუცილებელია.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): დავეთანხმები ამ მემორანდუმის შინაარსს, რადგან იქ, სადაც ერთი ნებისმიერი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ხვდება ამომრჩეველს, არ უნდა მივიდეს სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ შეხვედრებისას იყვნენ სხვა პარტიის მხარდამჭერები. ადრე ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალასთან მიდიოდნენ სხვა ძალის წარმომადგენლები და იქ ყოველთვის ხდებოდა პროვოკაციის მცდელობები და დაპირისპირებები. ამიტომ ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალი რამეს წარმოადგენს, ამ სამშვიდობო მემორანდუმს ხელი უნდა მოაწეროს. თუ ამ მემორანდუმს შემდეგ ვინმე დაარღვევს, ჩვენი სამშობლოს ისტორიის წინაშე, ის ყველა შესაძლო შედეგზე იქნება პასუხისმგებელი. ჩემი აზრით, აუცილებელია, აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოეწეროს.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): უნდა მოაწერონ ხელი, ვისაც "კუდი არ ეწვის", რატომ არ უნდა მოაწეროს, გინდაც ეს ფარატინა ქაღალდზე იყოს. ამით, შეიძლება შინაგანმა სინდისმა ვიღაცებს, რაღაცების კეთებაში ხელი შეუშალოს.
თუ რა თქმა უნდა, გააჩნიათ შინაგანი სინდისი და წესიერება, არ გააკეთებენ, თორემ ვისაც ცუდის გაკეთება უნდა, მემორანდუმი კი არა, ბრძანება რომ გამოსცენ, მაინც გააფუჭებენ.
ზურაბ ვადაჭკორია (ილუზიონისტი): რა ჯობია იმას, რომ ხელი მოაწერონ ამ მემორანდუმს. მარტო ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ უნდა მოაწეროს ხელი და აღარც ომი იქნება და არაფერი. სამშვიდობო მემორანდუმს ოჯახშიც უნდა მოაწერონ მგონი ხელი. ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. სამშვიდობო მემორანდუმი ის არის, რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, ადამიანებს ერთმანეთი რომ სჭირდებათ, ეს უკვე აღარ არის სამშვიდობო მემორანდუმი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე