ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, თუ ხელისუფლებაში კვლავ "ქართული ოცნება" დარჩება, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვეღარ გაუმკლავდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს არა აქვს იმდენი ძალაუფლება და გავლენა, რომ მან როგორც საკუთარი გუნდის, ასევე საზოგადოების მართვა შეძლოს.
ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის უკან, პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ დათანხმდა დავით უსუფაშვილი ივანიშვილის შეთავაზებას, რომ ის პრემიერი გამხდარიყო. ანალიტიკოსის განცხადებით, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილს განუცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მისი პოლიტიკაში დაბრუნება გახდებოდა საჭირო.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, იმ სარეკლამო რგოლებიდან, რომლებშიც პოლიტიკოსების დაპირებებია წარმოდგენილი, ყველაზე მეტად ამომრჩეველს რა შეიძლება მოსწონებოდა და რა არა?
ვახტანგ ძაბირაძე: სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებში ამ არჩევნების მიმართ დიდი დაინტერესება არ არის. ამიტომაც არ მგონია, რომ პოლიტიკური სუბიექტების რეკლამას ან პროგრამას კითხულობდნენ და მათ დაპირებებს ზედმიწევნით იცნობდნენ. ყველაზე მთავარი დაპირება, რომელიც ყველა პარტიას აქვს, ეს არის სოციალური და ეკონომიკური განვითარება.
თუმცა ზოგი პოლიტიკური პარტია ამ საკითხს ზედაპირულად წარმოგვიდგენს, ზოგიც კი კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს. მაინც მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი არჩევანს პარტიის ლიდერების მიხედვით უფრო გააკეთებს, ვიდრე კონკრეტული დაპირებების.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე საგარეო ვექტორი წარმოადგენს, თუმცა რეალურად სახელმწიფო რეფორმირების საკითხი არც ერთ პოლიტკურ პარტიას არ გააჩნია. "რესპუბლიკელებს" აქვთ მხოლოდ, ისიც ზოგადი სახის მონახაზით წარმოდგენილი.
"რ": არჩევნებამდე სამი კვირით ადრე თუ გამოჩნდა "ქათული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული ძალა, რომელიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს შეცვლის?
ვ.ძ: მოლოდინი, რომ ამ ორ პარტიას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი კონკურენციას გაუწევდა, საზოგადოებაში ამის სურვილი ნამდვილად იყო. თუმცა არჩევნებმადე სამი კვირით ადრე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, "ოცნების" ჩანაცვლების არანაირი შანსი არ არსებობს. თუმცა ოპოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატიული პარტიის შექმნაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ეს მოხერხდა.
პარლამენტში შემსვლელი პარტიების პირველი და მეორე ადგილი უკვე ცნობილია და არჩევნებამდე სამი კვირით ადრე იმის ილუზია არავის აქვს, რომ მათ ადგილს სხვა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი დაიკავებს. საზოგადოების წინაშე ამ არჩევნებზე ძალიან სერიოზული ამოცანა დგას, რომ პარლამენტი ამ ორ პარტიას არ დავუტოვოთ.
თუ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხეს და 5%-იანი ბარიერი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაალახვინეს, მაშინ ეს ამ არჩევნების მთავარი მიღწევა იქნება, რომლითაც ვფიქრობ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის ჩანაცვლების პროცესი დაიწყება.
თუ პარლამენტში მხოლოდ ორპარტიული ძალა იქნება, ვშიშობ, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევადი პროცესები დაიწყება. ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა ის იქნება, რომ მთავრობა ერთპარტიული არ იყოს.
"რ": თქვენ ახლა ახსენეთ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს. ამის შესახებ თავად სახელისუფლო გუნდიც საუბრობს და ხელს "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება არჩევნების შემდეგ გახდეს მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი?
ვ.ძ: ძალიან მინდა, რომ რაღაცა საკითხების პრევენცია მოხდეს. ჯერჯერობით საზოგადოებაში ვერ ვხედავთ იმის მზაობას, რომ არჩევნები მოახლოვდა. ჩვენი მოქალაქეები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობა.
თუმცა პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ და გაამძაფრონ. თუმცა საშიშროება არსებობს, რომელიც პირველ რიგში საარჩევნო სიებს ეხება.
ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომლიც უკვე გამოყენებული იქნა. საკუთარი თავი გადაამოწმეთ და ნახავთ, ხართ თუ არა სიაში, ეს არის წყლის ნაყვა, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ გააკეთებს. შესაბამისად, იმის დიდი ალბათობა არის, რომ სიები ვიღაცის მეშვეობით შეცვლილი ან გაუკუღმართებული იყოს, რაც უკმაყოფილებას გამოიწვევს.
მართალია, ეს დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება, მაგრამ ამას პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენებენ და არჩევნების სამათლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომაც, საარჩევნო კომისია სიებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
მეორე საკითხი კი ის არის, რომ შესაძლოა ამომრჩეველთა ხელოვნურად გაზრდა მოხდეს, რომელიც 5%-იანი ბარიერის გადამლახავ პარტიათა რიცხვს ხელოვნურად შეამაცირებს. ამიტომ ამ მეორე საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება თავად ოპოზიციამ უნდა გაამახვილოს.
"რ": როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღიარა, რომ მან დავით ბაქრაძეს "ქართულ ოცნებაში" გადასვლა შესთავაზა, თუმცა არ დაადასტურა, რომ დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება ტყუოდეს?
ვ.ძ: ვფიქრობ, აქ უკვე ნდობის საკითხი დგება. დავით უსუფაშვილს 1992 წლიდან ვიცნობ. ამიტომ მე პირადად ვთვლი, რომ უსუფაშვილს ამ საკითხის გამომზეურება არაფერში სჭირდებოდა. მას ეს ბევრს არაფერს აძლევს. თუმცა როდესაც ბიძინა ივანიშვილისგან მისი მისამართით პირველი თავდასხმა მოხდა, ისიც იძულებული გახდა, რომ კარტი გაეხსნა.
ესაუბრა იმაზე, რაც ისედაც ჩანდა. უსუფაშვილი ამ თანამდებობაზე თანახმა იყო იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში უკან თავად ივანიშვილიც დაბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რომ გიორგი კვირიკაშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო.
კვირიკაშვილი მარტო იმ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, რომლიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მას ივანიშვილის ფარული მხარდაჭერა აღარ ეყოფა. ის, რასაც უსუფაშვილი ივანიშვილისგან ითხოვდა, კვირიკაშვილს არჩევნების შემდეგ აუცილებლად დასჭირდება.
ივანიშვილს ის ბრკეტები ჯერ კიდევ აქვს, რომლითაც გუნდის და საზოგადოების გაკონტროლება შეუძლია. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ივანიშვილი უალტერნატივო ლიდერია. ის განაწყენდა იმაზე, რომ უსუფაშვილი მის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დასთანხმდა. ძალიან მალე თავად ივანიშვილიც დარწმუნდება, რომ კვირიკაშვილისთვის ძალიან საჭიროა.