"ამ ისტერიკით "ოცნება" ხელოვნურად აძლიერებს "ნაციონალებს", რადგან პოლიტიკურ სივრცეს ორ პოლუსზე კეტავენ"
ეკატერინე ბასილაია
23.09.2016

"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისათვის დარჩენილ ყველაზე ცხელ ფაზაში მთავარი პიარ-კამპანია "სისხლიანი 9 წლის" გახსენებასა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გასამართლებაზე გადართო და ამ პროცესში პროკურატურაც და პარტიაც აქტიურად ჩაერთო.

წარსული "სისხლიანი" 9 წლის გახსენების "ოცნებისეული" საარჩევნო კამპანია ასე გამოიყურება: 3 დღის წინ 26 მაისის აქციის დარბევაზე ახალი გარემოებებით 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს, გუშინ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე გახსნეს და 3 ყოფილ მაღალჩინოსანს მიუსაჯეს პატიმრობა; პლუს განახლდა გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესი და 3 ოქტომბერს იგეგმება დიდი საჯარო დისკუსია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე კვირაა, ტელეეთერით გადის სააკაშვილის 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული ფილმი "ჰეროკრატიაც". დიდი ალბათობით, დარჩენილ დღეებში სხვა ახალი ამბებიც გამოჩნდება.

 პოლიტოლოგების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რადგან "ოცნებას" 2012 წელს სწორედ ე.წ. ცოცხების თემამ მოუტანა დიდწილად გამარჯვება, ამ გამოცდილი ხერხით, "სისხლიან 9 წელზე" აპელირებით ცდილობენ გავიდნენ ფონს და ამომრჩევლის ის ნაწილი მიიმხრონ, რომელიც ხელისუფლებას ე.წ სამართლიანობის ვერ აღდგენის გამო საყვედურობს.

თუმცა, მათივე თქმით, ეს ყველაფერი "ოცნების" წინასაარჩევნო ისტერიკა, ფარსი და გამაღიზიანებელი პროპაგანდაა, რაც საარჩევნო გარემოს ძალიან ამძიმებს. მეორე ნაწილი თვლის, რომ, როგორც ჩანს, "ოცნებაში" გარკვეული კვლევები ჩატარდა, საიდანაც დაადგინეს, რომ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მოთხოვნა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის სურვილია, ამიტომაც გათვლა ამ ნეგატივზე წავიდა და არა პოზიტივზე - ხელისუფლების მიღწევებსა და სამომავლო ეკონომიკურ თუ სოციალურ დაპირებებზე.

"ეს არის "ქართული ოცნების" წინააღმდეგობრივი პოლიტიკა, როდესაც, ერთი მხრივ, ლაპარაკობს მშვიდობაზე და არჩევნების კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარებაზე და, მეორე მხრივ, დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის დროშის აწევას ცდილობენ. არჩევნების წინ დაიწყეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გასამართლება, აქამდე სად იყვნენ?!  წინასაარჩევნოდ რატომ აფაფხურდნენ ასე ძალიან?!", - აცხადებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წარსულის დანაშაულებებთან დაკავშირებულ 3 ოქტომბერს დიდი საჯარო დისკუსიის გამართვაზე ოთხშაბათს ტელეეთერიდან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ საინტერესო საჯარო დისკუსიის გამართვას წარსულის დანაშაულებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით. გვინდა პარალელი გავავლოთ რამდენიმე ქვეყანასთან, რომელსაც გავლილი აქვს დაახლოებით ასეთი ტიპის სასტიკი რეჟიმი. მაგალითად გერმანიას დიდი ხანი დასჭირდა გამკლავებოდა წარსულში ჩადენილ დანაშაულებებს.

"ჩვენ ამ დისკუსიის გამართვას ვაპირებთ სამ ოქტომბერს და გვექნება საკმაოდ საინტერესო ანალიზი და მათ შორის მოვიწვევთ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ვისაუბროთ რა მასშტაბს გაუმკლავდა ჩვენი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბროთ შემდეგ გეგმებზე", - განაცხადა ბესელიამ "ემ პირველთან".

გია ხუხაშვილი "ოცნების" ამ გააქტიურებას დიდ ფარსს უწოდებს. ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რეჟიმთან კონფრონტაციაში იყვნენ, ეს ვირტუალური მოქმედებები გამაღიზიანებელია და მიიჩნევს, რომ "ოცნება" ცდილობს, არჩევნები ისტერიულ ფონზე ჩატარდეს, რითაც მთლიანად პოლიტიკურ პროცესს აფეთქებს.

"ყველაფერს ორპოლუსიანს ტოვებენ, ისევ ისტერიულ ფონზე უნდათ არჩევნების ჩატარება, რითაც სხვა პარტიებს უკეტავენ გზას. "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და მათ რაც უნდა აჩვენო და ელაპარაკო, მაინც ამ პარტიას მისცემს ხმას.

"ამ ისტერიკით კი "ოცნება" ხელოვნურად აძლიერებს "ნაციონალებს", რადგან პოლიტიკურ სივრცეს ამ ორ პოლუსზე კეტავენ. ეს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს და დიდ ფარსს ემსგავსება.

"ოცნების" ამოცანა ვინმეს დაჭერა კი არ არის, არამედ ამ ფარსის დადგმაა, რადგან იგივე 26 მაისის დარბევა რომ ახლა, მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ გახსნეს, ამ დარბევის ფიგურანტებს იმათ შორისაც აღმოაჩენენ, ვისთანაც დღეს მეგობრობენ.

"ოცნების" გათვლაა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმოქმედონ და შესაძლოა ნაწილზე მართლაც მოახდინოს გავლენა, მაგრამ იმ ნაწილზე, ვინც გააზრებულ არჩევანს აკეთებს, პირიქით - ეს კიდევ ერთ გაღიზიანებას გამოიწვევს. ქართული საზოგადოება მათგან განსხვავებით გაიზარდა და ასეთ სპექტაკლებს ნაკლებად ჭამს", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ "თუ "ნაციონალები" ბევრს იფაფხურებენ, ხალხი გასცემს პასუხს-ო". ამბობს, რომ ეს სახიფათოა.

"რისკენ მოწოდებაა, ქაოსისკენ? ქაოსი რომ გვდომებოდა, ქართული საზოგადოება ამ ფორმით პასუხს ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში გასცემდა. ქაოსი რომ არ გვინდოდა, ამიტომ ვითმინეთ 2012 წლამდე. დღეს რა მოწოდებები იყო? ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება?!" - აცხადებს ხუხაშვილი.

ის ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას რესურსი არ აქვს, არ შეუძლია პოზიტიური გზავნილები გასცეს და პოზიტიური კამპანია აწარმოოს და ამიტომაც არის საარჩევნო კამპანია ნეგატივზე აგებული.

"კვირიკაშვილი მულტფილმის გმირი - კატა ლეოპოლდივით გამოდის და სულ მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სხვა მიმართულებით, კონფრონტაციის გზით მიდის. რეჟიმის გასამართლება არჩევნების საქმე არ არის. პოლიტიკური გასამართლება პარლამენტში უნდა ხდებოდეს და წინასაარჩევნო პროცესში ამის გადასვლა მძიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა", - დასძენს ხუხაშვილი.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, მისაღები იქნებოდა ყველაფერი პოზიტიურის გაშუქება ყოფილიყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა და ამ ფონზე შემოსულიყო საარჩევნო კამპანია, მაგრამ ეს არ გაკეთდა. პირიქით, რაღაც ძველი საქმეების გახსენება ხდება და საარჩევნოდ პედალირება სწორედ "ნაციონალებზე" და ამ პარტიის რეიტინგის შემცირებაზეა მიმართული.

"ქართული ოცნების" სლოგანში "თავისუფლება" პრივალირებს და ეს თავისუფლება მიაჩნია "ოცნებას" თავის უმთავრეს მიღწევად, ხოლო ამ თავისუფლების ფასი რომ უფრო ცხადი გახადონ, კონტრასტის გამო იმ მოვლენებს ახსენებენ ხალხს, როდესაც თავისუფლების დიდი დეფიციტი იყო და მეჩვენება, რომ ამ მხრივ არის ამუშავებული ძველი საქმეების გახსენება "ოცნების" პროპაგანდაში", - მიიჩნევს საყვარელიძე.

მისი თქმით, დისკუსიებში "ოცნება" იმ მიღწევებზეც საუბრობს, რაც მათ ამ 4 წლის განმავლობაში სხვა სფეროში ჰქონიათ, მაგრამ აქცენტი მაინც "ნაციონალების" ცუდი საქმეების შეხსენებაზეა, იმიტომ რომ მათი მთავარი ოპონენტი ისევ "ნაციონალური მოძრაობაა" და მთავარი გათვლაც ის აქვთ, რომ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა "ნაციონალებს" არ დაუჭიროს მხარი.

"ალბათ, საარჩევნო კამპანიის აგების დროს პარტიას წინ ედო ბევრი მასალა, მათ შორის სოციოლოგიური კვლევაც და ამ მასალებიდან გამომდინარე ააგო "ოცნებამ" ისეთი წინასაარჩევნო კამპანია, როგორიც ააგო. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემა სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო", - ამბობს საყვარელიძე.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისათვის და ძველი სს საქმეების გააქტიურებისთვის საარჩევნო პერიოდი ძალიან ცუდად შერჩეული დროა, რადგან ეს საზოგადოებას აღიზიანებს და სიტუაციას ძაბავს.

"ეს ყველაფერი ფონს ამძიმებს. თან ამ დალოცვილებს ამ საქმეების გამოსაძიებლად და გასარკვევად 4 წელი ჰქონდა. 4 წელი კი პატარა დრო არ არის. ყველა ელოდებოდა, რომ სამართლიანობის აღდგენა 2 წელიწადში დასრულდებოდა.

"ჩვენ მართლა 100 მილიონიანი ქვეყანა ხომ არ ვართ, სულ 4 მილიონი ვართ და ამ ძველი საქმეების გამოძიება 4 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო. შემდეგ კი მშვიდად, ნორმალურ ვითარებაში მივიდოდით არჩევნებამდე. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სხვანაირად გადაწყვიტეს. რაში სჭირდებათ ეს, არ ვიცი, რადგან მგონია, რომ "ოცნება" არჩევნებს მაინც მოიგებს. ამომრჩეველს სხვა ალტერნატივაც არ გააჩნია", - მიიჩნევს ცინცაძე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მშვიდობისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ალბათ მთავრობაში და პარტიის ხელმძღვანელობაში არიან რადიკალი "ქორები", რომლებიც თვლიან, რომ არჩევნების წინ სამართლიანობის აღდგენა და "ნაციონალების" დემონიზაციაზე ისევ აპელირება აუცილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×