"სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს" - დარტყმის ახალი ობიექტი არასამთავრობო სექტორი გახდა
თაკო მათეშვილი
23.09.2016

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკას - ოპონენტების აქტიური კრიტიკით გაჯერებულ გამოსვლებს პოლიტოლოგები არცთუ დადებით შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ გადამლაშებულმა ძაგებამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს და ხალხი კრიტიკის ობიექტების მიმართ თანაგრძნობითაც კი განაწყოს.  

ყოფილი პრემიერი ტრადიციას არ ღალატობს და რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საკმაო დროს უთმობს ოპოზიციური პარტიების კრიტიკას. განსაკუთრებულად კი, როგორც წესი, "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის". თუმცა ამჯერად თელავში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები არასამთავრობო სექტორის მიმართაც გააკეთა.

ივანიშვილი VS არასამთავრობო სექტორი 

თელავში გამართული შეხვედრა წინა შეხვედრებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ივანიშვილი კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი არასამთავრობო სექტორი გახდა. მესამე სექტორს ექსპრემიერმა "დაბინძურებული" უწოდა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური 26 მაისს ფულის მიღებაში დაადანაშაულა.  "სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად.  

იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო "პაგონები" მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. 

 "მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

განცხადებების ობიექტი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერის კრიტიკას მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია დამღუპველია. მისივე თქმით, ბოლო დროს ივანიშვლი ძირითადად სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული.  

"ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვის აზრსაც არ იზიარებს, ან ვინც ბედავს და ხმამაღლა მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს. 

"2011 წლის მაისში საჯარო სექტორიდან (საზღვრის დაცვის სამსახურიდან) 4 წლის წამოსული ვიყავი და "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ვმუშაობდი, "საერთაშორისო გამჭვირვალობას" კი 26 მაისს დარბეული მომიტინგეების ძებნის მეტი არაფერი გაუკეთებია.  

"როგორც ჩანს, ესაა "ოცნების" გადაწყვეტილება - ასე წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია. ეს მათი არჩევანია", - განაცხადა გიგაურმა.  

"ივანიშვილიVS "ნაცმოძრაობა" 

"ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო ამჯერადაც. ოპონენტი პარტიის კრიტიკას მან ისევ საკმაო დრო დაუთმო. აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობა" დღეს ისევ მენტალურად ცდილობს საზოგადოებაზე ძალადობას, თუმცა ამჯერად ეს აღარ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ასე "გამოთაყვანებული" არ არის.  

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციის მოხდენას ფიქრობს და აქვე დასძინა, რომ მათ ამის რესურსი არ აქვთ. ხოლო თუკი ისინი მართლაც გაბედავენ და რამე პროვოკაციას მოაწყობენ, შეიძლება "ის მიიღონ რაც არ მომხდარა".  

"შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან მძიმე. ეს იქნება ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის. მე ამას პირობითად ვამბობ, თორემ ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, კაცის მკვლელებიც იხდიან დანაშაულს და ათასგვარი ხერხია იმისთვის, რომ ჩააყენონ ასეთი ადამიანები ხალხის სამსახურში.  

"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო ვიღაცა და ამიტომ უნდა დავსაჯოთ - ასეთი მიმართულებით წასვლა არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და არც ქვეყანას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი მხოლოდ იმიტომ გავრიყოთ, რომ ადრე სადღაც დადგა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

ამ ყველაფრის შემდეგ კი ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ 250 000 ადამიანი ისევ მოტყუებულია, რაკი "ნაცმოძრაობას" უჭერს მხარს. ამის შემდეგ კი მან ყოფილი ხელისფლების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტები გაიხსენა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ფონზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის დაპირება აღმაშფოთებელია.  

ივანიშვილი VS "რესპუბლიკური პარტია" 

თელავში ივანიშვილის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ისევ ყოფილი პარტნიორი "რესპუბლიკური პარტია" იყო. ამჯერად ის უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.  

ექსპრემიერმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკელებს" პინგ-პონგის თამაში სურთ, რადგან მეტი საქმე არ აქვთ და ამიტომაც მათგან უამრავი არასერიოზული კითხვები მოდის. 

მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" ორი დღის წინ ისაუბრა. 

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და "ქართულ ოცნებას" ახლა აქვს, "გაჭრილი ვაშლივით" ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.  

უსუფაშვილისათვის და ზოგადად, "რესპუბლიკელებისათვის" კრიტიკა არც "ოცნების" წევრებს დაუკლიათ. უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეზე განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს მუდმივად თავს აყვედრიდე და მიგაჩნდეს, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ.  

"ეს იმას ნიშნავს, რომ თავად დარჩნენ წარსულში, ან ვერ გაცდნენ ვიწრო პარტიულ პრიზმას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სწორედ ჩვენი უმრავლესობისა და "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ეს გადაწყვეტილება პარტიული ნიშნით არ მიგვიღია და იმედია, არც ის ჰგონია ვინმეს, რომ სხვა ალტერნატივა ვერ მოიძებნებოდა", - განაცხადა ბესელიამ.  

თემას საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურნენ "რესპუბლიკურ პარტიაშიც". პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ივანიშვილს პირობაც კი მისცა, რომ იგი აუცილებლად მოიხდის ბოდიშს იმ "საძაგლობისთვის", რაც იკადრა. ხიდაშელის თქმით, მათ ქმედებას არა "პინგ-პონგი", არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია.

"ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია... კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ", - მიმართავს თინა ხიდაშელი ივანიშვილს.  

"ხალხს ზედმეტი ქებაც აღიზიანებს და კრიტიკაც" 

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაკვირვებულია, რომ ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ მსგავსი ტაქტიკა აირჩია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა უამრავი მრჩევლი და პიარ-ტექნოლოგიების სპეციალისტი ჰყავს. მისი აზრით, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოება მის ნათქვამს ენდობა და ვისაც იგი გააკრიტიკებს, აღარც ხალხი დაუჭერს მხარს. სწორედ ამიტომაც აკრიტიკებს ოპონენტებს აქტიურად.  

"შეიძლება სხვას არ დაუჯერონ - მინისტრებს, პრეზიდენტს და ა.შ. მაგრამ ბიძინას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, ალბათ ფიქრობს, რომ დაუჯერებენ. ამიტომაც აკეთებს ამას. შესაძლებელია ამაში ლოგიკა იყოს. როცა ადამიანს ბევრჯერ ეუბნებიან ერთიდაიგივეს, ძალაუნებურად იჯერებს - ფსიქოლოგიაში ეს ცნობილი მომენტია.  

"შესაბამისად, როგორც ჩანს, ისინიც ფიქრობენ, რომ თუკი ხალხს ხშირად ეტყვიან, რომ "ნაციონალები" და "რესპუბლიკელები" ცუდები არიან, ისინიც დაიჯერებენ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიგებ რაში სჭირდება მას "რესპუბლიკელების" კრიტიკა. 

"გასაგებია, "ნაციონალებს" 200-250 ათასი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ "რესპუბლიელებს" ხომ არ ჰყავთ და რამე საშიშროებას წარმოაგდენენ? თუ ივანიშვილს ახლა იმ სათქმელის ამოთქმა უნდა, რასაც 4 წელი ვერ ამბობდა?," - ამბობს კვესელავა.  

მისი აზრით, საზოაგდოების გარკვეული ნაწილისათვის ეს აუცილებლად იქნება გამაღიზიანებელი, რადგან ხალხს ზედმეტი ქებაც აღიზიანებს და კრიტიკაც. ამიტომაც ფიქრობს, რომ გამუდმებული კრიტიკა საჭირო აღარაა.  

"თუ გახსოვთ, ადრე "რესპუბლიკელებმა" თქვეს, რომ ივანიშვილზე რაღაცებს იტყოდნენ, მერე კი არაფერი თქვეს.  შეიძლება ბიძინას სწორედ მათი გამოწვევა უნდა, რომ ათქმევინოს რასაც გულისხმობდნენ", - მიიჩნევს კვესელავა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×