ლიკა გურაბანიძე
23.09.2016

"ქართული ოცნების" 150 კაციანი სიიდან გიორგი კვირიკაშვილს 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებდა ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. 

ბერძენიშვილის თქმით, ის გაცილებით მეტი ყურადღებით მოუსმენდა კვირიკაშვილის გამოსვლას, დარწმუნებული რომ იყოს, რომ პრემიერის სიტყვა შესრულდება.

"ადრე ჩვენი ხელისუფალი რომ გამოდიოდა იქ, ის იყო ჩვენი ხელისუფალი. ახლა იქ რომ კაცი გამოვიდა, ყველამ იცის, რომ იგი არის ფორმალურად პირველი პირი საქართველოში, მაგრამ 150 კაციან სიაში 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. ამ კაცის ლაპარაკი იქ ცოტა გაუგებარია. კარგი კაცია შეიძლება, ბევრი კარგი რამის გაკეთება უნდა, მაგრამ რეალური ბერკეტები არ აქვს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, კვირიკაშვილის აზრი არ არის მნიშვნელოვანი არც გაეროში და არც საქართველოში. ბერძენიშვილმა ორპარტიულობის საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი შეუთანხმდა "რესპუბლიკურ პარტიას", რომ ორპარტიულობაზე თანახმა იქნებოდა, თუმცა მაშინ ნუკრი ქანთარია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და გადაწყვეტილება შეიცვალა.

"გამოვა ბიძინა ივანიშვილი და გვეტყვის ვის მივცეთ ხმა, ვინ უნდა დაიჭიროს პროკურორმა და ა.შ. ამაზე სხვა ქვეყანაში სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ საქართველო მიჩვეულია. 

"გამოვა კიევიდან ვიღაცა, რაღაცა ჭკვიანურს გვეტყვის, ამასაც მიჩვეული ვართ, მისი ხმა რომ არ გვეყოფა, მისი მეუღლე გამოდის და გვეტყვის, რომ ძალადობის წინააღმდეგია. მე ვიძალადე ხალხო? გასაგებია, რომ იგივე ხალხი გვასწავლის ჭკუას და ეს არის მიუღებელი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.  

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია შეფასება, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს გავლენა მმართველ გუნდში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.  

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): თეორიულად რეალური შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ლევან ბერძენიშვილი მაინც ძალიან გაავებული და განრისხებულია. იგი მზად არის თქვას ყველაფერი რაც რეალისტური, ან მტკნარი სიცრუეა. 

ამ პერიოდში, რა მგომარეობაშიც ახლა "რესპუბლიკელები" არიან მე მათ განცხადებებს უფრო ირონიულად აღვიქვამ, ვიდრე სერიოზული განხილვის საგნად. ამ ეტაპზე მათ ძალიან მდაბიო და მდარე გამოხატულებები აქვთ.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთოდ პოლიტიკოსები ამ წინასაარჩევნო კამპანიაში უკიდურეს გამონათქვამებს მიმართავენ და ვფიქრობ, რომ ბერძენიშვილის მხრიდან ეს ძალიან არაკორექტული შეფასებაა. 

დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს გუნდი, ვის მოსწონს და ვის არა ეგ სხვა საკითხია. შეკრული გუნდია და უმრავლესობის მოპოვებისკენაა მიმართული. ეს ბერძენიშვილისგან ზედმეტად ექსტრემალური შეფასებაა, არ მგონია ასე იყოს.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): მართებული რამდენად არის, ამას ვერ ვიტყვი, რაც შეეხება დასახელებულ რიცხვებს, შესაძლოა არსობრივად ბერძენიშვილის ეს შეფასება რეალისტურიც იყოს. ეს არაკორექტული გამოთქმაა და მგონია, რომ "რესპუბლიკელების" წარმომადგენელს ასეთი განცხადებისგან თავი უნდა შეეკავებიინა.

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): მე არ მგონია, რომ ის ათი კაციც ემორჩილება კვირიკაშვილს და ამიტომ ეს შეფასებაც გადაჭარბებულია ლევან ბერძენიშვილის მხრიდან. 10 კაცი ცოტა ზედმეტი მოუვიდა. გამონათქვამი უხამსია და უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც "რესპუბლიკელები" არიან, ასეთ განცხადებებს ბერძენიშვილი სწორედ ამიტომ აკეთებს.

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): მათ ერთმანეთის ამბავი უკეთ იციან. ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და ამაზე უარესსაც არაერთხელ მოვისმენთ. ასეთი გამონათქვამებიც ჩვეულებრივი პიარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×