მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას პარტიებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები და სტენდები ბანერების განსათავსებლად, მათი ნაწილი სააგიტაციო მასალის გაკვრას აკრძალულ შენობებსა თუ საგზაო ნიშნებზე ამჯობინებს. ეს საკითხი ოთხშაბათს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს და რამდენიმე პარტია დააჯარიმეს კიდეც, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.
საარჩევნო პლაკატების კანონით აკრძალულ ადგილებში გაკვრის გარდა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ერთი რომელიმე პარტიის სააგიტაციო მასალას ზემოდან მეორე პარტიის საარჩევნო პლაკატი აქვს გადაკრული, რაც ასევე კანონის დარღვევაა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე აკრძალულია.
თუ რამდენად ხშირია მსგავსი დარღვევა, ამ კითხვით "რეზონანსმა" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საარჩევნო პროგრამების მენეჯერს, ლევან ნატროშვილს მიმართა:
"ამ მხრივ საკმაოდ ბევრი კანონდარღვევაა დაფიქსირებული. ხშირად აგიტატორები პლაკატებს ისეთ ადგილებზე აკრავენ, სადაც ნებადართული არ არის. აღნიშნული საკითხი განიხილეს 21 სექტემბერს გამართულ უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე და, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, 78 ოქმი შედგა. სანქცია, რომელიც 1000 ლარს (ხოლო, თუ პოლიტიკოსი თავად აკეთებს ამას - 2000 ლარს ) შეადგენს, დაეკისრა თითქმის ყველა წამყვან პარტიას, მათ შორის "ნაიონალურ მოძრაობასა" და "პატრიოტთა ალიანსს". ძირითადად, ერთმანეთის პლაკატებზე აკრავენ, თუმცა პრობლემურია აკრძალულ ადგილებზე გაკრული პლაკატებიც", - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წევრი ლევან ნატროშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კანონდარღვევა დაფიქსირებულია ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, სადაც პეტრე ცისკარიშვილის პლაკატები გაკრულია განათების ბოძებზე. ამ ტიპის კანონდარღვევებთან დაკავშირებით "რეზონანსს" "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელ თინა ბოკუჩავა ესაუბრა:
"მსგავს დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტულ მაგალითებზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება ზოგადად პლაკატებს, ძალიან ბევრი ჩვენი კანდიდატის სააგიტაციო მასალაზე გადაკრულია სხვა პარტიების პლაკატები, ძირითადად "ქართული ოცნების", თუმცა, არა მხოლოდ.
"გვაქვს ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც. კადრზეა აღბეჭდილი, თუ როგორ აკრავენ სოფელ გამარჯვებაში "ქართული ოცნების" აგიტატორები ნუგზარ წიკლაურის პლაკატების ზემოდან თავიანთი კანდიდატების სააგიტაციო მასალას. ჩემი აზრით, ეს არ არის ძირითადი წინასაარჩევნო დარღვევა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ძალადობის ინციდენტების გამოძიება თუ გამოუძიებლობა", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
"რეზონანსი" შეეცადა მასთან გადაემოწმებინა ინფორმაცია უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე დადგენილ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა, ბოკუჩავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომა მის დასრულებამდე დატოვეს და მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს:
"სხდომის დაწყებიდან დააახლოებით ერთ საათში პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იგი, რადგან ჩვენ მიერ დასმულ კითხვებსა თუ ნაჩვენებ ვიდეომასალაზე პასუხები ვერ მივიღეთ. შესაბამისად, რადგან მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია ამ ყოველივეს, ჩვენს იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა. თუკი ჩვენი პარტია დაჯარიმდა, იმედია გვაცნობებენ", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (შთაუვ) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, აკრძალულ ადგილებში ყველაზე ხშირად "ქართული ოცნების" კანდიდატების სააგიტაციო მასალაცაა შენიშნული:
"დაფიქსირებულია პლაკატების აკრძალულ ადგილებზე გაკვრის შემთხვევები. მათ შორის ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია და გარკვეული დამადასტურებელი მასალა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის პლაკატები საგზაო ნიშნებზე იყო გადაკრული. ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ.
"მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ეს მთავარი პრობლემური ტენდენციაა. რთულია რაოდენობრივი ანალიზი იმისა, თუ რამდენი ასეთი შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, რიგ შემთხვევებში, როცა ჩვენთვის ცნობილი ხდება ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, იგი ჩვენი ყურადღების მიღმა არ რჩება", - აღნიშნავს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
"ქართული ოცნების" მხრიდან მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირებულია ქუთაისშიც, სადაც სააგიტაციო მასალა განათების ბოძებსა და საგზაო ნიშნებს ამშვენებს. "რეზონანსმა" ნუცუბიძის მე-4 პლატოზე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, პეტრე ცისკარიშვილის პლაკატზე ზემოდან გადაკრული "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატის, დავით წერეთლის სააგიტაციო მასალაც შენიშნა და ამ საკითხთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ახვლედიანს მიმართა:
"მე არ მინახავს ეგ კონკრეტული მაგალითი, მაგრამ თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ძალიან მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც ამ პლაკატებს აკრავდა. ასეთი რაღაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება, მთავარია, ამას სისტემური სახე არ მიეცეს.
"ჩვენ გადავიღეთ, თუ როგორ იყო სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაკრული პლაკატები ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატებზე და წარვუდგინეთ უწყებათაშორის კომისიას. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და რეალური დარღვევაა არაობიექტურად და უსამართლოდ გადანაწილებული საეთერო დრო და პრაქტიკულად "დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო კამპანია, რომელსაც ასე აქტიურად ატარებს პარტია, გაშუქების გარეშეა დარჩენილი", - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.