რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მწვავეა განცხადებები იმაზე, თუ როგორ გეგმავს და ცდილობს ესა თუ ის პარტია თავისი ოპონენტის ღონისძიებების ჩაშლას "შემოგზავნილი ხალხით". ამ ტიპის პროვოკაციაში ერთმანეთს ძირითადად "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ადანაშაულებენ. ყველაზე მეტად კი "ქართული ოცნება" ჩივის, რომ ოპოზიციის მსხვერპლია ხელისუფლება და რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოფიქრებული და ამოქმედებული აქვს ერთი მარტივი გეგმა - "ოცნების" შეკრებებზე "ნაციონალი" აქტივისტების შეგზავნა პროვოკაციული შეძახილებით, მაგალითად, რომ ისინი ცოცხების და "დუბინკების" ღირსები იყვნენ...
მმართველი პარტია პროვოკაციებს ყველაზე მეტად ზუგდიდსა და აჭარაში ელოდება. ასევე საუბრობს დიდი არეულობის მოლოდინზეც.
პოლიტოლოგების თქმით, ზუგდიდსა და ბათუმშია დაპირისპირების მთავარი ღერძი, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროცესს აჭარაში ლევან ვარშალომიძე უდგას სათავეში, ზუგდიდში კი კენჭს ყოფილი პირველი ლედი იყრის.
ამიტომაც "ოცნებისა" და "ნაციონალების" მომხრეებისათვის ეს ორი ქალაქი მთავარი საბრძოლო ველი იქნება და გასაკვირიც არ არის, რომ დიდ საარჩევნო დაძაბულობაზე მოლოდინი ამ ორ ქალაქშია.
ვინ გეგმავს პროვოკაციებს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზუგდიდსა და ბათუმში რამდენიმე, საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი მათი აქტივისტების მიმართ და ასევე მოლოდინი აქვთ, რომ დინამიკა მზარდია.
მაგალითად, 3 სექტემბერს ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა და შეხვედრის ადგილას "ნაცმოძრაობის" მომხრეები მივიდნენ, რომლებმაც შეკრებილთა მისამართით ლანძღვა დაიწყეს. ასევე "ნაცმოძრაობის" წევრი მივიდა ბათუმში "ქართული ოცნების" საარჩევნო კანდიდატების - ფატი ხალვაშისა და ვახტანგ წულაძის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს პროვოკაციული განცხადებებით.
"ამ პროვოკაციის ამსახველი ვიდეო კადრებიც გვაქვს. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა, არის ის, რომ ქალბატონმა ივანიძემ დასძინა - ისინი იყვნენ ღირსნი ცოცხებისა და "დუბინკების". ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს აქტივისტებს იმისათვის, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სწორედ დაგეგმილი პროვოკაცის საფრთხეები იყო წინასაარჩევნო მშვიდობის მემორანდუმის შექნის მთავარი მოტივიც, რომელიც სწორედ კონტრაქციებზე უარის თქმას გულისხმობს და რომელსაც სწორედ "ოცნების" მთვარი ადრესატი - "ნაციონალური მოძრაობა" არ შეუერთდა იმ არგუმენტით, რომ ხელიუფლება ესხმის თავს მათ წევრებს და მოძალადეებს არ სჯის და ამის ნათელ მაგალითად შუალედური არჩევნების დღეს, 22 მაისს სამეგრელოში, სოფელ კორცხელში "ოცნების" აქტივისტი სპორტსმენების მიერ მათი პარტიის ლიდერების ცემას ასახელებენ, რომლის გამოც არც ერთი თავდამსხმელი დასჯილი დღესაც არ არის.
"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს იმასაც, რომ მათ კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისას პირდაპირ ღია თავდასხმებს უწყობენ "ოცნების" აქტივისტები. მაგალითად, 5 სექტებერს ზუგდიდის სოფელ ჯიხასკარში, როდესაც მათი მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობას ხვდებოდა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეეცადნენ შეხვედრის ჩაშლას, თუმცა არ გამოუვიდათ.
რამდენად ხშირია ფიზიკური დაპირისპირება
ა/ო "საერთაშირისო გამჭირვალობა-საქართველოს" პროგრამების კოორდინატორი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ 2016 წლის საარჩევნო გარემო ბევრად განსხვავებული და ნაკლებად დაძაბულია წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.
"ზოგადად, კანონის დარღვევა არ არის კონტრაქციების მოწყობა და კანონის ფარგლებში ვერავის ვერ აუკრძალავ, მაგრამ თუ გვინდა წინასაარჩევნო გარემო დაძაბული არ იყოს, მნიშვნელოვანია პარტიებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ - აქციებზე არ მიუვარდნენ და შეკრებები არ ჩაშალონ.
"ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სერიოზულ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. ზოგადად, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას ახასიათებს ხელოვნურად აწიოს ტემპერატურა და სიტუაცია დაძაბოს და საუბრობს დაძაბულობაზე და თავდასხმებზე, მაგრამ თუკი ეს მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, რთულია ირწმუნო. პარტიებს კი შეუძლიათ ბევრი რამ თქვან.
"რეალურად, კორცხელის შემდეგ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სერიოზულ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ხშირად ვისმენთ, მათ შორის ხელისუფლებისგანაც, რომ ვიღაც გადატრიალებასა და პროვოკაციას გეგმავს, მაგრამ თუ ამის ფაქტებს არ წარადგენენ, გამოდის რომ, პარტია იტყუება და ხელოვნურად შეაქვს კამპანიაში დაძაბულობა.
"თუმცა, ამის თქმას ვერც ერთ პარტიას ვერ ავუკრძალავათ, უბრალოდ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ პარტიებმა, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. ამიტომაც სახეზეა ტემპერატურის ხელოვნურად აწევა," - ამბობს ნატროშვილი.
მისი თქმით, პროვოკაციების მხრივ ყველაზე სახიფათო არჩევნების დღეა და ყველა პარტიამ უნდა შეძლოს ის, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეს.
"არჩევნების დღეს რამდენიმე პროვოკაცია და ძალადობის ფაქტი რომ მოხდეს, ამით არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას სერიოზული ჩრდილი შეიძლება მიადგეს და ეს სპეკულაციის საგანი შეიძლება გახდეს. ამიტომაც ყველამ თავი უნდა შეიკავოს ერთი მხრივ პროვოკაციის დაგეგმვისგან და მეორე მხრივ, თუ ხედავენ, რომ პროვოკაცია რომელიმე ოპონენტი ძალისგან მოდის, არ უნდა წამოეგონ და მხარდამჭერები გააფრთხილონ, რომ დაპირისპირებაში არ შევიდნენ. ხოლო თუ კანონი ირღვევა, სამართალდამცველებმა სწრაფად უნდა დააკავონ და ეს სხვებისთვისაც მაგალითი უნდა გახდეს," - აღნიშნავს ნატროშვილი.
კარგად დამუშავებული სქემა, თუ "ინდივიდუალური ექსტრემიზმი"?
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში სწორედ ხელისუფლება აფარებს ხელს საკუთარ აქტივისტებს, როდესაც ისინი პროვოკაციებს აწყობენ და ამ ხელის დაფარებით მომდევნო დაპირისპირების პროვოცირებასაც უწყობენ ხელს.
"ხშირად დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლება საკუთარ აქტივისტებს ხელს აფარებს და იგივე კორცხელის ინციდენტის გამო გამოძიების მიერ დადანაშაულებული "ოცნების" აქტივისტი მოჭიდავეებიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არც ერთი არ იმყოფება. მით უფრო, რომ ამ თავდასხმის არაერთი ვიდეოკადრიც არსებობს და წესით, პასუხი უნდა ეგოთ.
"ეს მარტო საარჩევნო პროცესს არ ეხება ხოლმე. გავიხსენოთ იგივე როგორ მოხდა 2013 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებზე. ასევე გავიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის გამოსვლა და განცხადება, რომ მოსახლეობამ შესაბამისი პასუხი გასცა პროვოკატორებსო. მის ამ განცხადებაში ჩანდა, რომ ის აფარებდა ხელს პროვოკატორებს.
"კორცხელის ინციდენტის დროსაც კი ექსპრემიერ ივანიშვილის და ვიცე-პრემიერი კალაძის მხრიდან განცხადებები იმაზე გაკეთდა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწყო პროვოკაციაო. მაშინ, როდესაც კადრებში ჩანს, უცებ როგორ მივარდნენ საცემად სწორედ თბილისიდან საგანგებოდ ჩაყვანილი "ოცნების" აქტივისტები. ამდენად, პირველ რიგში, ყველაფრის წყარო ხელისუფლების ან ცუდი ქმედება, ან უმოქმედობა," - ამბობს ჩიტაძე.
იგი აღნიშნავს, რომ ხშირად პოლიტიკური პარტიის მიერ ხდება საკუთარი აქტივისტების წახალისება და ხელის შეწყობა პროვოკაციები რომ მოაწყონ, ხანდახან კი ადგილი აქვს გარკვეულ ინდივიდუალურ ექსტრემისტულ გამოხტომებს ცალკეული ადამიანების მხრიდან. მაგალითად, როდესაც დაინახავენ, რომ ოპონენტი პარტიის წარმომადგენლების შეკრებაა, საკუთარი ინიციატივით აწყობს ვიღაც პროვოკაციას.
"კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კონტროლის გარეშე, ცალკეული ადამიანების მხრიდანაც ხშირად აქვს ადგილი გარკვეულ ექსტრემისტულ გამოვლინებებს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ალბათ ქართული საზოგადოება ბოლომდე დემოკრატიისთვის მზად არ არის. ხშირ შემთხვევაში ტოლერანტობის პრინციპის არარსებობა, განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა არარსებობა ქმნის დიდ პრობლემას.
"მეც მქონია ამგვარი შემთხვევა, როდესაც ქუჩაში დავუნახივარ ოპონენტებს, დაუწყიათ ჩემი გამოწვევა, მაგრამ ეს შემთხვევით, სპონტანურად ხდებოდა და არა წინასწარი ჩასაფრებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ ვაბრალებ ამის დაგეგმვას, არატოლერანტული კულტურის შემთხვევაში ხდება ამგვარი პროვოკაციული გამოვლინებები.
"თუკი პროვოკაციების მასშტაბი დიდი იქნება, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმურობასაც კი შეექმნას პრობლემები. საერთო ჯამში კი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეექმნება პრობლემები და ეს ჩვენ დასავლეთის დემოკრატიულ სტრუქტურებთან დაგვაშორებს," - აცხადებს ჩიტაძე.
მისი თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საარჩევნო პროცესში ხშირი და მძიმე დაპირისპირებები არ ყოფილა, ხელისუფლება ვალდებულია უფრო ყურადღებით იყოს და პოლიტიკური ძალების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
"ხელისუფლება ვალდებულია, ვინც პროვოკაციას აწყობს, ყველა დააკავოს და პოლიტიკური ნიშნით დევნისა და საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის გამო კონკრეტული ბრალი წაუყენონ. თუ კონკრეტული ადამიანი დაისჯება, მეორე ვერ გაბედავს პროვოკაციის განმეორებას. როდესაც ესა თუ ის პარტია შეკრებას აწყობს, იქ პოლიციის გარკვეული ჯგუფი მობილიზებული უნდა იყოს და დაიცვას უსაფრთხოება," - ამბობს ჩიტაძე და დასძენს, რომ როდესაც კორცხელის ინციდენტის გამო მოჭიდავეები არ დაისაჯნენ, ხელისუფლების მხრიდან ცინიკურად გამოიყურება პროვოკაციების დაგეგმვასა და მოწყობაში სხვა პარტიების დადანაშაულება.
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილის თქმით, პროვოკაციების დაგეგმვა წინა საპარლამენტო არჩევნებზე დიდი ხიფათის შემცველი არ იყო, ამ არჩევნებზე კი საგარეო კურსის თემა აქტუალური გახადა და ამიტომაც თუკი არჩევნები მშვიდი არ იქნება და დაპირისპირებები მოხდება, საფრთხეა არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს და ეს დასავლურ პერსპექტივას შეუქმნის დიდ საფრთხეს. ამიტომაც ცისკარიშვილი ამომრჩეველს თხოვნით მიმართავს, დაპირისპირებებში არ ჩაერთონ და პროვოკაციების მონაწილეები არ გახდნენ.
"პრობლემა ისაა, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება იზიარებს და გადმოიღებს ხოლმე იმ გამოცდილებას, რომლის წინააღმდეგაც თავად გამოდიოდა ოპოზიციაში ყოფნისას. "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ჰყავს ჯგუფები, რომელთაც მუშტი-კრივი ხელეწიფებათ.
"განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ის რეგიონები და რაიონები, სადაც წლების განმავლობაში კოჰაბიტაციას ყურადღება არ ექცეოდა. იქ, სადაც ყველა ყველას იცნობს და ყველასთვის გასაგებია მათი თანასოფლელის პოლიტიკური მიდრეკილებები, უყურებენ რა, როგორ ექცევიან ერთმანეთს ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, თავადაც სურთ დაუდასტურონ ერთგულება პოლიტიკური ვერტიკალის სათავეში მყოფ პირებს, მზად არიან ერთმანეთი დაგლიჯონ.
"ეს თბილისში ნაკლებად მოსალოდნელია. რეგიონებში კი ურთიერთზიზღი გაძევებული არ არის ურთიერთობის კომპონენტებიდან. თუ არის შესაძლებლობა, უფრო აქტიური უნდა იყოს შს სამინისტრო, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდის იმედი გვქონდეს," - ამბობს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, თუკი რომელიმე პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ პროვოკაცია ეწყობა, მან კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს. სადმე რესტორანში გამართული აყალ-მაყალი და საარჩევნო პროცესში მომხდარი დაპირისპირება სხვადასხვა სიმკაცრის სასჯელს უნდა ითვალისწინებდეს, ეს თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს და თან, დამრღვევის მიმართ სასჯელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.
მისი თქმით, როდესაც ერთი დაინახავს, რომ დაპირისპირების გამო ადამიანი მკაცრად ისჯება, თავად იგივეს სურვილი აღარ გაუჩნდება.
"უპირველესად პოლიცია და შესაბამის შემთხვევებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყვნენ გარანტნი დაგეგმილი დავიდარაბის თავიდან არიდების. ყველა ყველას მარტივად უსმენს და ინტერნეტშიც აფიქსირებს და საფრთხები აცილება არ უნდა გაჭირდეს. თუმცა, ამომრჩეველი ვერ ენდობა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არ გამოიძია და სასჯელი არ შეუფარდა სამეგრელოში კორცხელის ინციდენტის მომწყობებს.
"ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ვფლობ ინფორმაციას, რომ მაღალჩინოსანი "მეოცნებეები" შესანიშნავად იყვნენ ინფორმირებულები და მილოცვებსაც იღებდნენ შედეგის დადგომის გამო," - აღნიშნავს ცისკარიშვილი.