საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი და მოქმედი პრემიერების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს.
წერილში უსუფაშვილი ადრესატებს წერს, რომ სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი. მისივე შეფასებით, ეს არის ნომერ პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ასევე, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მას პრაქტიკულად ამოეწურა "დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი".
უსუფაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს "ქართული ოცნების" დეპუტატები გამოეხმაურნენ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის საქციელი კარგი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი არ არის
"ვისაც მიაჩნია, აფრიალოს და შემდეგ შეამოწმოს ეს ფრიალი მოსწონს თუ არა ამომრჩეველს. საბოლოოდ მაინც არჩევნები გადაწყვეტს, ვინ უფრო გონიერია, ვინ უფრო მეტად ევროპულია, ვინ უფრო მეტად იცავს ფასეულობებს და ამ ყველაფერს ჩვენ უკვე 9 ოქტომბერს გავაანალიზებთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კონკრეტულად რას ითხოვდა დავით უსუფაშვილი ამ წერილში, მისთვის უცნობია.
"როგორც წესი,რას ითხოვდნენ, რა უნდოდათ, თანამდებობა იგულისხმებოდა თუ სხვა რამ, ამაზე ისინი არ საუბრობდნენ ჩვენთან ერთად. როგორც ჩანს, ეს იყო პრივატული საუბრები, შეიძლება ეს იყო მიწერ-მოწერის ფორმით, შეიძლება ეს იყო პირადი შეხვედრების დროს, მაგრამ რა იყო, კონკრეტული დეტალები ფართო განსჯის და განხილვის საგანი არ გამხდარა არასდროს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
გამართლებულია თუ არა პოლიტიკოსების მიერ პირადი მიმოწერის გასაჯაროება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):"როგორ გითხრათ, გააჩნია რა სახის მიმოწერაა, თუმცა საერთოდ მგონია, რომ გამართლებული არ არის."
თამარ ჩიბურდანიძე (საქ. დემოგრაფიული აღ. ფონდის თავმჯდომარე): "რადგან პირადია და თავად ასაჯაროებს პოლიტიკოსი, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული და კანონდარღვევა არ არის.
"ცალკე საკითხია, რამდენად გამართლებულია ეს ქცევა. თუკი უშუალოდ მის მიერ მიწერილი წერილია გასაჯაროებული, ეს მისი სურვილია, მაგრამ თუკი ადრესატის პასუხიც არის გამოქვეყნებული, მაშინ ეს მიუღებელი და დაუშვებელია. მსგავსი რამ მორალის ჩარჩოებში არ ჯდება. "აქვე გეტყვით, რომ პირადი წერილის გასაჯაროება, რომელიც გამოიყენება პირადი ანგარიშწორების გამო, არ არის სწორი. თუკი ჩვენ რაიმეს თქმა და გამოსწორება გვსურს, ჯობს ეს ან მაშინ ვთქვათ, როცა ხდება ან შემდომშიც აღარ ვთქვათ."
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): "საერთოდ, პირადი მიმოწერა არავისი არ უნდა გასაჯაროვდეს. გააჩნია, რა სახის მიმოწერაა და რას ეხება, მაგრამ ვფიქრობ, მსგავსი პრაქტიკა არ არის მისაღები და მიზანშეწონილი."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "არ დავიწყებ დღევანდელი წერილიდან, რადგან რამოდენიმე დღის წინ პოლიტიკოსებმა ასევე დაიწყეს გვარამიასა და ბურჭულაძის ჩანაწერის განხილვა, რაც ძალიან ცუდის მომასწავებელია.
"როცა პრეცედენტი ხდება, რომ ადამიანებს პირად მასალებს უკანონოდ უქვეყნებ, მერე თავისთავად ცხადია, ისიც ხდება, რომ თავიანთ მიმოწერებს თუ წერილებს თავადვე აქვეყნებენ, თუმცა ეს არ არის ლამაზი.
"გარდა იმისა, რომ პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები გამოდიოდნენ ეთერში და განიხილავდნენ ამ ჩანაწერს, ეს საშინელებაა. ჩემთვის არ არის ეს ფორმა მისაღები. რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ 8 ოქტომბრამდე ისე მივიდეთ, რომ ადამიანებად დავრჩეთ.
"ყველას მოვუწოდებდი, რომ არ ამჩატდნენ და თავიანთი ღირებულებები შეინარჩუნონ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე