ლიკა გურაბანიძე
26.09.2016

"საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისეთივე დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში. მათ ძალიან უჭირთ შეაფასონ მთავრობის და გარდაქმნების როლი, ძალიან უჭირს კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც, ასეთი კი ბევრია. როგორც არ ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამსახური, ისევე არ გააჩნია დღესაც, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია, ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ" სოციალურად დაუცველი პირების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა, შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გარკვეულ ინდექსებს გადახედა და ეს რაოდენობა შეამცირა. ივანიშვილის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია, მათ აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები, რაც მოხდა.

"თქვენ ყველაზე კარგად გესმით, მთავრობის ბრალია რომ ეს ასეა?! რა თქმა უნდა, არა. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის შედეგი", - მიმართა ივანიშვილმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

ვისი ბრალია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): "ძველი მთავრობა რამდენი ხანია, წავიდა, რაღა დროს ძველი მთავრობაა? ამათ შეცდომები ხომ უნდა გამოესწორებინათ. საერთოდ, ჩვენ მოცემული სიტუაციით უნდა ვიმსჯელოთ. რა იყო ადრე და როგორ - ეს უკვე ჩვენი ისტორიის წარსულია. დღევანდელ დღეს ეკონომიკურმა პრობლემამ იმატა და ხალხი ძალიან გაჭირვებულია, რადგან მათ სამსახური არ აქვთ. ვხედავ, რომ ხალხში მხოლოდ ამაზეა საუბარი. უმჯობესია, რომ ხალხისგან მოისმინონ ეს აზრი."

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  "აქ დამნაშავე ჩვენი ყველა პრეზიდენტი და მათი მმართველობაა. ჩვენ ბედოვლათების მთელი ჯგუფი გვყავს. ეს ტვირთი მხოლოდ ამ მთავრობის ბრალი არ არის. თუმცა ამ მთავრობამ კადრების თვალსაზრისით ბევრი შეცდომა დაუშვა, ისინი არაპროფესიონალები იყვნენ.

"მე ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკურად რთული მდგომარეობა მხოლოდ ივანიშვილის გუნდის ბრალია. ყოფილი პრემიერის გუნდი ერთ-ერთია იმ უნიათო მთავრობებიდან, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში გვყოლია."

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე):  "რასაც ამდენი ხნის განავლობაში ანგრევ, ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად ვერ ააშენებ. ის, რომ ივანიშვილმა ეს ხმამაღლა თქვა, უკვე ძლიან კარგია იმიტომ, რომ ესმის - კი არ უნდა გაჩერდნენ, არამედ ქართველი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წინ უნდა იარონ. "ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ამ მთავრობის ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ ვერ მოხერხდა ძალიან მძიმე წარსულის აღმოფხვრა."

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  "მგონია, რომ ბატონი ბიძინა ძალიან კარგად ხვდება და აანალიზებს, რომ საქმე უკეთესად ნამდვილად არ არის და ამას ხმამაღლა ამბობს კიდეც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ და ივანიშვილს ამ საკითხე აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს.

"ის აბსოლუტურად ადეკვატურია. ვისი ბრალია? ალბათ ყველასი, რადგან ეს საკითხი ასე მალე არ წყდება. მისი დაპირება იყო შეცდომა, როდესაც მან თქვა, რომ 4 წელიწადში ყველაფერი კარგად იქნებოდა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×