ეკატერინე ბასილაია
26.09.2016

 ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა და "ოცნების" სასარგებლოდ აგიტაცია პრაქტიკულად პირდაპირ საჯაროდ სთხოვა. თანაც იქვე გაახსენა ყველას, რომ 2012 წელს სწორედ მისმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ისინი "ნაციონალების" წნეხისგან და ამ თავისუფლებაზე უნდა ელაპარაკონ თანამშრომლებს, ახლობლებს და მეზობლებს.

ექსპრემიერმა ერთგვარად უკმაყოფილებაც გამოთქვა იმაზე, რომ ბიზნესმენები მისი ხელისუფლების ღვაწლის შესახებ არ საუბრობენ, ზოგს ალბათ ნოსტალგიაც აქვს წინა ხელისუფლებაზე, მათ ვინც "ნაციონალებთან" სიახლოვეს გრძნობდა და ამიტომ კარგ პირობებში იყვნენ.

ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ იყო ივანიშვილისაგან ზეწოლის მცდელობა, მას მართლა და ყოველგვარი სხვა ზრახვების გარეშე აინტერესებდა მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მიღება. თუმცა ამავდროულად მეორე საკითხია, როგორ გაიგეს ეს ზოგადად ქართულმა ბიზნესმა და კონკრეტულმა ბიზნესმენებმა.

შეხვედრაზე ექსპრემიერის გულისწყრომის ადრესატებს საპასუხო კრიტიკა არ გამოუთქვამთ და არც უხერხულობა უგრძვნიათ. პირიქით, შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე ბიზნესმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი მისთვის მისაღებია და დღეს თავისუფლების ხარისხი გაცილებით დიდია. არც ერთ მათგანს არ გამოუხატავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ივანიშვილმა მათ ნაწილს "ნაციონალების" მონატრება და მათთან "საქმეების ჩაწყობით" ბიზნესის კეთება გაახსენა თუ დააბრალა.

მათსავით დადებითად შეაფასა შეხვედრა და რაიმე წნეხი თუ პარტიული დავალების მიცემა არ შეუნიშნავთ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ექსპერტებს. დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ოპოზიციამ კი არაფორმალური მმართველის მხრიდან არჩევნების წინ ბიზნესმენებზე ღიად მიცემულ დავალებაზე გააკეთეს აქცენტი და მათმა დიდმა ნაწილმაც განაცხადა, რომ ეს იყო ბიზნესმენებზე ღიად ზეწოლა, რაც მიუღებელია.

ივანიშვილის კითხვები

"არასდროს დამისვამს კითხვები და დღეს მინდა კითხვა დავსვა - რამდენად აქტიურები ხართ დღეს? რამდენად ცდილობთ განუმარტოთ თანამშრომლებს ან ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ეკონომიკაში? თუ თქვენ თვლით, რომ არაფერი არ შეცვლილა?" - ბიძინა ივანიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა შაბათს, 24 სექტემბერს, ორგანიზაცია "მოქალაქის" მიერ მოწყობილ "ბიზნეს ფორუმზე" შეკრებილებს, სადაც მასპინძელი თავად იყო და 2-საათიანი შეკრება სწორედ ბიზნესმენებისადმი ამ მოწოდებით გახსნა.

"თქვენც ხომ კარგად იცით, რა დღეში იყავით და 2012 წელი არა "ქართული ოცნების", არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით რომ დასრულებულიყო, რა იქნებოდა დღეს, სად იქნებოდით თითოეული თქვენთაგანი, ყველაზე ახლოს მყოფნიც კი? თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, განსაკუთრებით კარგ პირობებში ვინც იყვნენ და იმ გუნდთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვინც გრძნობდა.

"მაგრამ ვის-ვის და თქვენც კარგად იცით, სად იქნებოდით დღეს. შიდა გუნდში წავიდოდა ომი და შიდა ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა. იმ მეთოდით მართულ ეკონომიკას რანაირი შედეგი შეიძლება ჰქონოდა და რა ეკონომიკური შედეგებიც გვაქვს დღეს, ამის მსგავსიც რომ ვერ მოხდებოდა, ეს თქვენთვის რთული საანალიზოა?" - ამგვარი შესავალის შემდეგ ივანიშვილმა ბიზნესმენებს პრაქტიკულად პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

"2 კვირა დარჩა არჩევნებამდე. აფასებთ თქვენ სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია და შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს, როგორ გითხრათ, ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარ მეზობლებს, ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ?" - განაცხადა ივანიშვილმა.

მან უკმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ "საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია დიდმა ვაჭრებმა, ბიზნესმენებმა მოახდინეს. სწორედ მათ, ქონება ვისაც ჰქონდა, თავისუფლება მეტად სწყუროდათ და პატივმოყვარეობამაც მეტად გაიღვიძა მათში. ისინი იყვნენ ყველაზე აქტიურები", საქართველოში კი ამ როლს ბიზნესი არ ასრულებს.

"მე მხოლოდ შეკითხვას ვსვამ. ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია მქონდეს თქვენთან. როგორც მოქალაქე გისვამთ კითხვას - საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი?" - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილით კმაყოფილები

ექსპრემიერის განცხადებების ფორმა და შინაარსი არც ერთ ბიზნესმენს არ ჩაუთვლია მიუღებლად, პირიქით, შეხვედრიდან გამოსულები ამბობდნენ, რომ სერიოზული, გულახდილი დიალოგი იყო, ისინი კმაყოფილები არიან და არც აგიტაცია მოუთხოვიათ მათთვის და არც რაიმე წნეხი უგრძვნიათ.

როგორც კომპანია "ვისოლის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, "აქცენტირება იყო თავისუფლების ხარისხზე და ვერავინ უარყოფს, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი დღეს არის ძალიან მაღალი."

"ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ ექსპრემიერს მათთვის "პოლიტიკური აგიტაცია არ დაუვალებია და ასეთი მოწოდება არ ყოფილა".

"20/30-ის ექსპერტ ლევან კალანდაძის შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი მუშა შეხვედრა, რომელზეც ბიზნესმა ძალიან პოზიტიურად შეაფასა დღეს არსებული მდგომარეობა და ის შესაძლებლობები და პერსპექტივები, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა რეალიზდეს.

ლევან კალანდაძე: "მე არ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ აგიტატორობის მოთხოვნა და მოწოდება იყო. ეს განცდა არც მე და არც ბიზნესმენებს არ გასჩენიათ. არც "გირჩს" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს, რომლებიც ფორუმს ესწრებოდნენ, მსგავსი უკმაყოფილება არ დაუფიქსირებიათ.

"ეს იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა ბიზნესწრეებთან და რეალურად ყველამ, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა, ამ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ტენდენცია და უახლოესი 4 წლის განვითარების კონცეფცია არის სწორი და ყველა პრაქტიკულად შეთანხმდა იმაზე, რომ წინა პერიოდთან დღევანდელის შედარება არ შეიძლება წმინდა მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისით.

"გარეთ თუ ვინმე კამერასთან სხვა რამეს ლაპარაკობს, უკაცრავად, მაგრამ ეს მხოლოდ პოპულისტური და პირად პიარზე თუ პირადი ინტერესის წარმოჩენაზეა ორიენტირებული".

მისი თქმით, წინა ხელისუფლებისა და დღევანდელის ბიზნესისადმი დამოკიდებულების შედარება არ შეიძლება, დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ამიტომ ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან თავიანთ არჩევანში და საუბარი იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას რამეს აიძულებს, ან მით უმეტეს, აშინებს, არასწორია.

ფორუმის გამო უკმაყოფილოები

"პაატა ბურჭულაძის - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს იყო ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის მიერ მოწყობილი შეხვედრა, რომლის ფორმატი სრულიად არასწორი და მიუღებელი იყო, რადგან ის ღია ტექსტით მიმართავდა ბიზნესმენებს, რომ გაუმჯობესებულ სიტუაციაზე პოზიცია დაეფიქსირებინათ. "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დავით ონოფრიშვილის თქმით, ბიზნესმენების მიმართ მოწოდება, რომ დაეფიქსირებინათ თავიანი პოზიცია, არ იყო საჭირო, იმიტომ, რომ ისინი ზრდასრული ადამიანები არიან, თავადაც შეუძლიათ შეაფასონ ეს საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ივანიშვილის თხოვნას მოთხოვნაზე მეტი ძალა აქვს და შეხვედრაზე რაც ვნახეთ, ეს იყო ბიზნესზე ზეწოლა.

სოსო არჩვაძე: "ბიზნესმენების ფსიქოლოგიას თუ მივაქცევთ ყურადღება, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, საკმაოდ რაციონალურები არიან თავიანთ ქმედებაში, გადაწყვეტილების მიღებაში, ამიტომ მათზე რაღაცის წამოძახება ან მითითება, თუ როგორ მოიქცნენ, ეს აბსოლუტურად ზედმეტია და შესაძლოა ეს ბიზნესზე ზეწოლად ჩაითვალოს.

"მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სისტემა მეოთხედ საუკუნეზე მეტია არ არსებობს, გვახსოვს "ცეკა"-დან როგორ მოდიოდა ინსტრუქციები, რომელსაც თხოვნის ფორმა ჰქონდა, მაგრამ მას მოთხოვნაზე მეტი ძალა ჰქონდა.

"არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ფორმალურად თუ არაფორმალურად პირველი მოქალაქე, ყველაზე გავლენიანი პირი მოუწოდებს ბიზნესმენებს კორექტივა შეიტანონ თავიანთ ქმედებებში. ეს ბიზნესმენებმა გაიგეს ისე, როგორც უნდა გაეგოთ.

"ამას შევადარებდი წინა ხელისუფლების ქცევას. მახსოვს, ერთხელ, ერთი ავტობუსით 46 ადამიანი მიაყენეს ერთ-ერთ წარმოებას დასასაქმებლად და ამ წარმოების დირექტორის შეცბუნებული სახე ახლაც თვალწინ მიდგას".

არჩვაძის თქმით, ის, რომ ბიზნესმენების მხრიდან კრიტიკა არ გაისმა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან, ჯერ ერთი - ბიზნესმენებს ეშინიათ კრიტიკით საქმე არ გაიფუჭონ, მეორე - ზრდილობის ეტიკეტია, რომ სტუმრობისას კარის გაჯახუნებით არ უნდა წამოხვიდე და მესამე - ასევე არის გარკვეული გათვლა, რომ ასეთი კომფორმისტული პოლიტიკით შეიძლება გარკვეული პრეფერენციები იყოს მომავალში მიღებული, შეკვეთა იქნება, ტენდერი თუ რიგი სხვა ღონისძიებები.

რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე, რომელიც "ბიზნეს ფორუმს" ესწრებოდა, "მთელ კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ მთელი დისკუსია მიეძღვნა - "მიჭერ მხარს თუ არ მიჭერ" და რამდენიმე ბიზნესმენმა ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ ხელისუფლების კურსი მოსწონს და მისი იმედი უნდა ჰქონდეთ და მათ ამ მხარდაჭერის გამოხატვაში გადაამლაშეს კიდეც.

მისი თქმით, ივანიშვილის ტონალობა იყო ისეთი, რომ ის ბიზნესმენებისგან პოზიციის დაფიქსირებას კატეგორიულად ითხოვდა.

პაატა შეშელიძე: "ივანიშვილმა ბიზნესმენებს დაუსვა საკითხი - დღეს ქვეყანაში უკეთესი ვითარებაა, ვიდრე მანამდე, მე ამისთვის ბევრი რამ გავაკეთე, ახლაც დავდივარ ქუჩაში, ხალხს ვხვდები და მაინტერესებს თქვენ რას აკეთებთ, რატომ ხართ პასიურები და რატომ არ მიგაქვთ ხალხთან ამ სიკეთეების, ცვლილებების შესახებ ინფორმაციაო. ივანიშვილის ტონალობა იყო ისეთი, რომ ის ბიზნესმენებისგან პოზიციის დაფიქსირებას კატეგორიულად ითხოვდა.

"რამდენიმე ბიზნესმენმა, ალბათ 5-მა, გასცა პასუხი და "მართლაც ძალიან კარგად არის საქმე და ჩვენ მხარს გიჭერთო". ასეთი იყო ჭყონია, ფხაკაძე. დანარჩენებმა თავი შეიკავეს. ერთადერთი ადამიანი, ვინც თქვა, რომ ეს ფორმატი მიუღებელია, რადგან ზეწოლას ჰგავსო, ზურაბ ჯაფარიძე იყო, რაზეც ივანიშვილმა გარკვეულწილად მოიბოდიშა: არ მინდოდა ასე გამოსულიყო, არავინ არაფერს გავალდებულებთ, უბრალოდ მაინტერესებსო.

"რადგან დისკუსია გადავარდა მიჭერ მხარს თუ არ მიჭერ - ფორმატში და არა ეკონომიკური რეფორმების მიმართულება, რაც მე მაინტერესებდა, ამიტომაც ჩემი, როგორც ექსპერტის იქ ჩაჩრა, ზედმეტად მივიჩნიე".

მისი თქმით, იქ მსხვილი ბიზნესმენები იყვნენ შეკრებილი, და როგორც წესი, ისინი ყველა მთავრობას აქებენ.

"არ მახსოვს, როდესმე რომელიმე მათგანი გამოსულიყოს და ეთქვას - ეს მთავრობა არ მომწონსო," - ამბობს შეშელიძე და ამის მიზეზად შიშს ასახელებს და ამიტომაც მისთვის კითხვებს აჩენს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანის მიერ ბიზნესმენების კატეგორიული ტონით გამოკითხვა არჩევნების წინ.

შეშელიძის თქმით, რადგანაც ივანიშვილს აქვს რიგი გავლენა ხელისუფლებაზე, მისი დამფუძნებელი, სპონსორი და ინტელექტუალური წყაროა, მის მიმართ კრიტიკის გამოთქმა, რომ - "არ გეთანხმებით", ან "რატომ უნდა გითხრათ, ხმას ვის ვაძლევ" - რისკების შემცვლელია, რადგან შესაძლოა თავად ივანიშვილმა არ დაავალოს ვინმეს ოპონენტის "დასჯა", მაგრამ სხვამ ვალდებულად ჩათვალოს ამის გაკეთება და ირიბად პრობლემები შეუქმნას ბიზნესს - ხომ არ შეექმნება პრობლემა რომელიმე ლიცენზიის მიღებაში, ან საბაჟოზე, ან საგადასახადოში ან ხომ არ მოხდება მის გაკოტრების საქმის წამოწყება, რომ თურმე ვიღაც მოდავე თუ მოვალე ჰყავს.

"ბიზნესმენების უმრავლესობას სწორედ ამის ეშინია და ისინი საჯაროდ მხოლოდ დადებითს იტყვიან. საქართველოში მთავრობების ბიზნესი ყოველთვის "ყურებით ეჭირათ" და მათ ეს გამოცდილება აქვთ. ზოგ შემთხვევაში მართლაც არასასიამოვნო და ზედმეტი იყო, რაც შეხვედრაზე ხდებოდა," - ამბობს შეშელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×