"ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში შემაჯამებელი წინასაარჩევნო აქცია, შესაძლოა, ერთდროულად გამართონ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პარტიები საბოლოო თარიღზე ჯერ ჩამოყალიბებული არ არიან და ერთმანეთს ელოდებიან.
"ნაცმოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად თბილისში აქციის გამართვა მათ 5 ოქტომბერს ჰქონათ დაგეგმილი, თუმცა, შეიტყვეს, რომ 5-ში თბილისში აქციას "ოცნებაც" გეგმავდა და თარიღი შეცვალეს - 2 ოქტომბერი. შაბათს კი გაარკვიეს, რომ "ოცნება" არჩევნებს ასევე 2 ოქტომბერს გეგმავდა.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. თუმცა მისი თანაპარტიელი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობას" აქცია თავიდანვე 2 ოქტომბერს ჰქონდა დაგეგმილი.
"ოცნების" წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
"ერთადერთი აქცია, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ეს იქნება გამარჯვების აქცია 8 ოქტომბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ", - ასე უპასუხა გუშინ ამ თემაზე დასმულ კითხვას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნიკა მელიას თქმით, "ნაციონალები" საკუთარი აქციისთვის, რომლის ჩატარებასაც თავისუფლების მოედანზე აპირებენ, რეგიონებში მიკროავტობუსების დაქირავებას ვერ ახერხებენ, რადგან ყველა სატრანსპორტო საშუალება "ქართულ ოცნებას" 2 ოქტომბრისთვის უკვე დაჯავშნილი ჰყავდა.
ვინ როდის გეგმავს
ის, რომ "ოცნებამ" თარიღი შეცვალა, "მთელ კვირას" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი შემაჯამებელი ღონისძიებაა და არა ვინმეს საწინააღმდეგო კონტრაქცია.
"ჩვენი შემაჯამებელი ღონისძიება 2 ოქტომბერს იგეგმება. ეს არავის კონტრაქცია არაა, ეს არის წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება და დეტალებზე შტაბი ისაუბრებს", - განაცხადა ბესელიამ.
თუმცა "მთელი კვირის" კითხვაზე - რატომ შეიცვალა დაანონსებული თარიღი, 5 ოქტომბერი - ეკა ბესელია პასუხობს, რომ ახალ თარიღს გადაწვეტილად ვერ გვეუბნება და შტაბი გადაწვეტილების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.
"საბოლოო თარიღს შტაბი დაასახელებს, მე არ ვამბობ გადაწყვეტილად", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის თქმით, თუ "ოცნება" საკუთარ აქციას 2-ში აპირებს, "ნაცმოძრაობა" თარიღს შეცვლის.
"ჩვენ აქცია თავიდანვე 2-ში გვქონდა დაგეგმილი. როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ინფორმაცია აქვს თუნდაც სატელეფონო მოსმენებიდან, გადაწვიტა, რომ 2-ში ჩაატაროს აქცია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, როდესაც რეგიონული პარტიების წარმომადგენლებს ტრანსპორტის დაქირავება ვთხოვეთ და გაირკვა, რომ "ოცნებას" უკვე დაჯავშნილი ჰყავდა. ამაზე ნიკა მელიამ უკვე ისაუბრა.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა დაასახელოს, რომელ თარიღში აპირებენ თავიანთი აქციის ჩატარებას, რომ ჩვენც ვიცოდეთ და ჩამოვყალიბდეთ. პარალელური აქციების ჩატარება ნამდვილად არ გვინდა და არ ვთვლით, რომ საარჩევნო პერიოდის პიკზე მსგავსი რამ უნდა გააკეთო. საუბარი იმაზე, რომ პარალელური აქციები იქნება, ეს ჩვენი მხრიდან გამორიცხულია", - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
შეფასებები
აღნიშნული სიტუაციის შეფასებისას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუკი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი აქციის თარიღი, "ნაციონალურ მოძრაობისას" სპეციალურად დაამთხვია, ეს უკვე მათი მხრიდან "პარანოიის ნიშნების შემცველი ქმედება" იქნება.
"თუ "ოცნებას" 2 რიცხვი უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" შეცვლის თარიღს და ეგ იქნება. ერთმანეთს რომ არ დაეტაკებიან, ეს გასაგებია, მაგრამ უკვე ძალიან არასერიოზულია, როდესაც მმართველი პარტია თარიღებს ასე ცვლის.
"თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ამთხვევენ, ეს უკვე პარანოიის ნიშნების შემცველი ქმედება იქნება. მაინც იმედი მაქვს, რომ მიზეზი სხვა რამეა და სპეციალურად დამთხვევის მცდელობა არ არის, რადგან ეს მათთვის აბსოლუტურად საპირისპირო შედეგის მომტანი იქნება", - ამბობს გია ხუხაშვილი და აღნიშნავს, რომ მმართველი ძალის მხრიდან აქციის თარიღის შეცვლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აგდებს მათ და ამის მერე არანაირი არგუმენტი არ იქნება დამაჯერებელი.
"უკვე ფსიქოლოგიურად რთულ მდომარეობაში აღმოჩნდა ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ 5 რიცხვი მათ უკვე დაანონსებული ჰქონდათ, ახლა ამის ცვლილება და 2-ში გადმოტანა გარკვეულ უხერხულობას უქმნის მათ და არანაირი არგუმენტაცია არ იქნება დამაჯერებელი. თუ ამ აქციის ჩატარება არასამუშაო დღეს უნდოდათ, თავიდანვე უნდა ეფიქრათ და არ გამოეცხადებინათ 5 რიცხვი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, "ქართული ოცნება" ჯერ აკეთებს და მერე იწყებს ხოლმე ფიქრს", - ამბობს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის თქმით კი, "ქართულ ოცნების" მხრიდან თარიღის 2-ში გადმოტანა გარკვეულ ეჭვებს ბადებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი "დასწრებები" არც ერთ პარტიას ღირსებას არ მატებს.
"დაბეჯითებით მიზეზებზე საუბარი რთულია, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ეჭვს იწვევს ის, რომ დასწრებაზე თამაშობენ. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" 2-ში აქვს და "ოცნებამაც" 5-დან 2-ში გადმოიტანა, საინტერესოა, 1-ში ან სხვა რომელიმე თარიღში რატომ არ გადმოიტანა?
"ეს პარტიები ერთმანეთს კონკურენტებად არ განიხილავენ, ესენი მტრული პარტიები არიან. აქედან გამომდინარე, თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში ხმას მას მისცემენ და "ოცნების" მომხრეები - "ოცნებას". ახლა თუ ამ ორივე პარტიას იმ გადაუწყეტელ ამომრჩეველზე აქვს აქცენტი, ისინი სულაც არ არიან გადაუწყვეტელები, ისინი ფიქრობდნენ, რომ სულაც არავისთვის მიეცათ ხმა. ამიტომ, ასეთი დასწრებები და მსგავსი ქმედებები, არც ერთ მხარეს ღირსებას არ მატებს", - ამბობს სოსო ცინცაძე.
რას გეგმავენ სხვა პარტიები
რაც შეეხება სხვა პარტიების აქციებს, საარჩევნო ბლოკი "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე "მთელ კვირასთან" არ აკონკრეტებს თბილისში მათი აქციის თარიღს და ამბობს, რომ ამას წინასწარ დაანონსება არ სჭირდება.
"ჩვენ რას ვაპირებთ და როგორ, ამის შესახებ გადაწყვეტილების რეალიზებას მოვახდენთ ისე, რომ წინასწარ აჟიოტაჟს არ ავტეხთ, როგორც ამას "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ხოლმე", - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანძიე და 2014 წლის მუნიციპალურ არჩევნებს იხსენებს.
"ქართული ოცნება" არა მარტო ამ არჩევნების, არამედ მუნიციპალური არჩევნების წინაც მუდმივად ამუნათებდა საზოგადოებას, რომ აი, ახლა საბურავებს აგროვებენ, აი, იქ ცეცხლი უნდა წაუკიდონ, ახლა რაღაც მოხდება და თუ ჩვენ ხმას არ მოგვცემთ, ტერორისტი "ნაციონალური მოძრაობა" უკან დაბრუნდება და ყველაფერი ცუდად იქნებაო. ბოდიში, მაგრამ საზოგადოება ამას აღარ ჭამს.
"ჩვენი ამომრჩევლის კონსოლიდაციას მოვახდენთ, იქნება ეს ღია ცის ქვეშ, თუ დახურული სივცე, რასაც ჩვენი ლიდერი ყოველდღე ახორცილებს.
"მომდევნო აქციებს რომელ რიცხვში ვაპირებთ, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, 7 ოქტომბრამდე ყოველდღიური კომუნიკაციის რეჟიმში ვართ. ჩვენი ყველა შეხვედრა მასშტაბურია და ამას არ ვათარიღებთ არც 2 ოქტომბრით და არც რომელიმე სხვა რიცხვით, რასაც "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებენ და თავადვე ტეხენ ქარიშხალს ჭიქაში.
"პროვოკაცია მხოლოდ იმ პარტიამ შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც ამაზე ძალიან ხშირად საუბრობს. ჩვენ მშვიდობისკენ, საქმიანი ურთიეთობისკენ ვართ განწყობილი და ვინმეს პროვოკაციაზე წამოგებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ", - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბლოკი "დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პტრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" კი, თბილისში აქციას საერთოდ არ აპირებს. აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძის თქმით, მათი შემაჯამებელი აქცია ბათუმში გაიმართება.
"თბილისში საერთოდ არ გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი აქცია 1-ლ ოქტომბერს ბათუმში, ერას მოედანზე, 3 საათზე გაიმართება. ეს იქნება საკმაოდ ფართომასშტაბიანი, 30 000 ადამიანის ფარგლებში ვვარაუდობთ", - აცხადებს გოჩა თევდორაძე.