რეზონანსი
26.09.2016

 ლევან კობიაშვილს საქართველოს მოსახლეობის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის სამგზის მფლობელს სამშობლოშიც კარგად იცნობენ და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. კარგად იცნობენ გლდანშიც, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაატარა. დღეს წარმატებული სპორტსმენი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გლდანელების ინტერესს ღირსეულად დაიცავს. რატომ გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩართვა, რატომ ამაყობს, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრია და რა გეგმები აქვს გლდანში? - ყველა საინტერესო კითხვას კანდიდატი კობიაშვილი გულახდილად უპასუხებს.

- ბატონო ლევან, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდით. ამ რანგში თქვენს საქმიანობას თამამად შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული?

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გერმანიაში "ჰერტას" აკადემიის მენეჯერი ვიყავი. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ოლიმპიური სოფლის მერის სტატუსით, აქტიურად ჩავერთე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015". შემდეგ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ არჩევნებში გამარჯვება. ეს გრძნობა არასდროს დამავიწყდება ისევე, როგორც არასდროს დამავიწყდება ის სიხარული და პასუხისმგებლობა, რაც ნაკრებში პირველი გამოძახებისას ვიგრძენი. მიხარია, რომ ფედერაციაში ვართ ერთი, ძლიერი, შეკრული გუნდი და ერთად ვახორციელებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს რეფორმებს. 2015 წლიდან დღემდე ვარ "2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის" სამუშაო ჯგუფის წევრი. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაში შემიძლია წვლილი შევიტანო. 2016 წლიდან დღემდე, ასევე ვარ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" გამგეობის წევრი.

- ამ ფონზე, ალბათ ბევრს გაუკვირდა, საარჩევნო მარათონში რომ ჩაერთეთ. პოლიტიკაში მოსვლა, თანაც "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად რატომ გადაწყვიტეთ?

- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრისა და მსჯელობის შედეგია. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ უბნის მაცხოვრებლების ინტერესების წარმოდგენა და დაცვაა, რომელთანაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაკავშირებს. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ნაკრების, მწვრთნელის, საკუთარი ოჯახისა თუ თანაგუნდელების, არამედ ქვეყნის წინაშეც. ყველა თამაშის წინ მოედანზე გავდიოდი იმ შემართებით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგენდი ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას, ამიტომ ჩემთვის უცხო არ არის ის პასუხისმგებლობა, რასაც ხალხის სახელით მოქმედება გავალდებულებს. ახალ ამპლუაში ჩემი მთავარი მისიაც სწორედ ესაა.

 პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება იყო ძალიან დიდი მსჯელობისა და განსჯის საგანი, თუმცა ჩემი ცხოვრების განვლილმა ეტაპებმა დამანახა, რომ ეს გადაწყვეტილება მართებულია, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, მათი ინტერესები უნდა გაჟღერდეს. ამაყი ვარ, რომ წარმოვადგენ "ქართულ ოცნებას", ძალას, რომელიც უსმენს და ითვალისწინებს თავისი ხალხის ხმას. პარლამენტში ჩემი ყოფნა, ვფიქრობ, სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვისაც. ამ სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობის შედეგად მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიმუშავებ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში სპორტის მეტი მხარდაჭერისათვის, რადგან ძლიერი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სპორტს საქართველოში კანონით რეგულირებადს ხდის, სპორტის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მიხარია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხედავს და აფასებს სპორტის მნიშვნელობას ქვეყანაში. ამ სფეროს განვითარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, ახალგაზრდა ჯანმრთელი თაობის, აქტიური ახალგაზრდობის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიაა.

- კონკრეტულად, რაში გამოიხატება ის, რომ ხელისუფლება აფასებს სპორტის მნიშვნელობას და მის განვითარებას ხელს უწყობს?

- თუნდაც ის, რომ ამ მიმართულებით უკვე არსებობს წინსვლა: არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული 4 წლის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისთვის, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისა თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ასევე, შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს. ძალიან სასიხარულოა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ამხელა ყურადღება ეთმობა. გაიზარდა კერძო სექტორის ინტერესიც სპორტის მიმართ, რაც ასევე მისასალმებელია, რადგან ეს აქტივობა შეუცვლელია სპორტის განვითარებისთვის. სპორტი კი ძალიან უყვარს ჩვენს საზოგადოებას. რთულია, მოძებნო სხვა ისეთი შემაკავშირებელი სფერო, რაც ასე აერთიანებს ადამიანებს და ამასთან ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

- რამდენად კარგად იცნობთ თქვენი ამომრჩევლის პრობლემებს?

- რა თქმა უნდა, გლდანის მუნიციპალიტეტის პრობლემები ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ამასთან ჩემი საარჩევნო კამპანიის უმთავრესი მიზანია, პირადად მოსახლეობისგან მათი სურვილების, რჩევების, აზრების მოსმენა, პრობლემების ერთობლივი განხილვა, ხოლო შემდეგ ეტაპზე ამ პრობლემების გადაჭრის გზის ერთობლივი ძიება. ერთპიროვნული მმართველობის დრო არ არის, რადგან აუცილებელია ხალხი, რომელიც განიჭებს უფლებამოსილებას და გიცხადებს ნდობას, გრძნობდეს ჩართულობას და მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ეს განცდა ნამდვილად გაუჩნდათ, ასევე ისიც დაინახეს, რომ მმართველი გუნდი ზრუნავს მათზე.

- ხელისუფლების მზრუნველობა გლდანელების მიმართ რაში გამოიხატება, ბოლო წლებში თქვენს რაიონში რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა?

- მთავარი არის ის, რომ ხალხის აზრი, მათი ინტერესი გახდა უპირატესი. ადამიანებს გაუჩნდათ თავისუფლების განცდა და გადაიდგა სწრაფი განვითარებისკენ მიმართული რეალური ნაბიჯები. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება სწორედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ზრუნვა იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იგნორირებული იყო და ახლა ნამდვილად საამაყოა, რომ ეს პირობა წარმატებით შესრულდა. კერძოდ, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება, დაცულია კერძო საკუთრება და თავისუფალია ბიზნესი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები საკუთარ აზრს თავისუფლად აფიქსირებენ და იციან, მათ ამის გამო არავინ დასჯის. ამას ყველა შეხვედრისას ვგრძნობ, მათ არ უჭირთ, ჩემთან ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე და ღიად გამოთქვან საკუთარი ინიციატივა. არის მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რაც ჩვენთვის, ჩვენი ბავშვებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად გლდანში, სადაც უამრავი ბავშვია, 26 მისამართზე გაკეთდა ახალი სკვერი. 50 მისამართზე მოეწყო სპორტული კომპლექსი, საქართველოში მოსახლეობის სპორტში ჩართულობა ამ ეტაპზე დაბალია და აუცილებელია, ეს შეიცვალოს. მიხარია, რომ დღეს ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ჩატარდა გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე ძალიან საჭიროა, რადგან გლდანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მჭიდროდ დასახლებული უბანია. ამასთან სოციალურად დაუცველი უბინაო მოსახლეობა დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა - კერძოდ, 2016 წელს ბინის ქირის კომპენსაცია ერიცხება 113 ოჯახს. დამეთანხმებით, ეს ნამდვილად რეალური წინსვლაა.

- ამ ფონზე თქვენი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მთავარი დაპირება და მიზანი რა არის?

- გუნდს, რომელსაც წარმოვადგენ ისევე, როგორც სხვა რაიონებთან, გლდანშიც აქვს სამომავლო გეგმები და პროგრამა განსაზღვრული. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი, დაპირებისამებრ, გადაწყდება. ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მთავარი მიზანი კი ისაა, გავაგრძელოთ გლდანის სწრაფი განვითარება. განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან, ახლა ხალხის მმართველობის დროა და სწორედ ეს არის მთავარი!

ლევან კობიაშვილის ყველაზე დიდი შენაძენი, იმედი და დასაყრდენი

 "ჩემი ოჯახი გლდანის მესამე მიკრორაიონის, 79 ბ კორპუსის პატარა ბინაში ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც მაშინდელი ოჯახების უმეტესობა. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, რადგან ყველაფერი, რასაც ბავშვობის ელფერი აქვს, ყველა ადამიანისათვის განსაკუთრებით თბილი და საყვარელია. ყოველთვის ვამბობ, რომ პიროვნების განვითარებაში ოჯახის როლი შეუცვლელია. ბედნიერი ვარ და ამაყი, რომ ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ადამიანები, რომლებისგანაც მაგალითს ვიღებდი და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი, რადგან რასაც მივაღწიე, სწორედ ჩემი ოჯახის დამსახურებაა", - ამგვარად იხსენებს ბავშვობის წლებს ლევან კობიაშვილი და იმასაც გვიმხელს, რომ შრომისა და მონდომების ძალა თუ ფასი, მამისგან ისწავლა.

მამამ ასწავლა, რომ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ კმარა, საჭიროა მუდმივი განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა. მამა ყოველთვის ეუბნებოდა და ახლაც ასეა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანებისათვის საიმედო ხარ, შენი სჯერათ და გენდობიან, რომ ამ ნდობას დაფასება სჭირდება... ამ ფონზე, გასაკვირი არ იყო, რომ გერმანიაში, სტაბილურად კარგი თამაშის გამო, "მისტერ საიმედოობოს" ტიტულის მოპოვების შემდეგ, პირველად სწორედ მამას დაურეკა. მამის დამსახურებაა ისიც, რომ მოსახლეობასთან ყველა შეხვედრისას, ყველა სიტყვის წარმოთქმისას, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს როგორც ხალხის, ისე ოჯახის წინაშე. დედამ საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგა და ძალიან დიდი როლი შეასრულა მისი მომავალი პროფესიის განსაზღვრაში. ოჯახის დამსახურებაა ისიც, რომ ლევან კობიაშვილმა კარგად იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთიანობას, გუნდურობას.

"ვფიქრობ, ჩემი წარმატება ფეხბურთში სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი, ვუსმენდი სხვის აზრს, ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და საჭიროების შემთხვევაში, ვითვალისწინებდი კრიტიკასაც. მას შემდეგ, ჩემი კარიერის ყველა ეტაპზე, ვიყავი და მომავალშიც ვიქნები გუნდურობისა და ერთიანობის მომხრე", - აცხადებს კობიაშვილი.

ოჯახი 18 წლის წინ, 29 აგვისტოს შექმნა. ლევანსა და თამუნას ორი შვილი ჰყავთ, 17 წლის ნიკა და 9 წლის სალომე. "ჩვენ ერთად ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. ვიყო კარგი მეუღლე, კარგი მამა - ეს არის ჩემთვის მთავარი", - გამოგვიტყდა ბატონი ლევანი და ისიც დასძინა, რომ მის ცხოვრებაში მეუღლე განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობს და რა გასაკვირია, რომ სწორედ თამუნაა პირველი ადამიანი, ვისაც კობიაშვილი თავის მოსაზრებებს უზიარებს, ვისთან ერთადაც გადაწყვეტილებებს იღებს. კობიაშვილის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო ხშირად ვაჟია - ნიკა, რომელიც ყველაზე კარგი შემფასებელია და რომელთანაც სამომავლო გეგმებსა თუ სხვადასხვა საკითხზე ხშირად გულახდილად საუბრობს. "სალომე კი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, ყველაზე მეტად უნდა იყოს ჩართული ყველაფერში, რაც მე მიკავშირდება, ის მაძლევს უდიდეს ენერგიასა და მოტივაციას, ყველაფერი გავაკეთო ახალგაზრდა თაობისთვის მათი უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად", - სიამაყით გვიამბობს ლევან კობიაშვილი და იმასაც გვიმხელს, რომ მისთვის "ოჯახი ყველაზე დიდი შენაძენი, იმედი და დასაყრდენია".

საქართველოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელის 16-წლიანი წარმატებული კარიერა

7 წლის იყო, დედამ ფეხბურთზე რომ მიიყვანა და უთხრა, თუ მოინდომებ, შეძლებ შენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინო და მას სახელი მსოფლიოში გაუთქვაო. საკუთარი თავის რწმენაც დედამ ჩაუსახა. "მახსოვს, როცა პირველად ჩვენი ნაკრების მაისურა ჩავიცი, უდიდეს სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე და მას შემდეგ ეს გრძნობა არც ერთი თამაშის დროს არ გამნელებია", - აცხადებს კობიაშვილი და როცა სპორტულ წარმატებებში დედის როლზე საუბრობს, ერთ სასიამოვნო დამთხვევასაც იხსენებს - სიმბოლურად, ლევან კობიაშვილის ბოლო თამაში სწორედ დედის დაბადების დღეს დაემთხვა.

ლევან კობიაშვილს 16-წლიანი სპორტული კარიერა აქვს. ამ ხნის განმავლობაში მის ანგარიშზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რეკორდული, 100 მატჩია. 2000, 2005 და 2011 წლებში კი, კობიაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ქრონოლოგიურად, საქართველოს ცნობილი ფეხბურთელის კარიერული ნაბიჯების ნუსხა ასეთია:

1993-1994 წწ. საფეხბურთო კლუბი "გორდა";

1994 წ. საქართველოს 19-წლამდე ეროვნული ნაკრები;

1995-1998 წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი";

1995 წ. საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრები;

1997 წ. საფეხბურთო კლუბი "ალანია";

1996-2011 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა (რეკორდული 100 მატჩი);

1998-2003 წწ. საფეხბურთო კლუბი "ფრაიბურგი";

2003-2010 წწ. საფეხბურთო კლუბი "შალკე";

2010-2014 წწ. ბერლინის საფეხბურთო კლუბი "ჰერტა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×