გუშინ "თავისუფალი ზონის" ათმა წევრმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან დავალების მიღება დაასახელეს.
"აგვისტოს თვიდან პარტიულ შეკრებებზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" დესტაბილიზაციას აპირებს. მე ოდესაში მითხრა სააკაშვილმა, რომ ინსტრუქციებს შუამავლის მეშვეობით მივიღებდით.
"არჩევნების გაყალბების სახელით უნდა დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხალხი გვეიძულებინა, ქუჩაში გამოსულიყო. მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყოლოდა მსხვერპლი. მე სააკაშვილს ამ დიალოგის დროს დავთანხმდი, რადგან უკრაინიდან მშვიდობით მინდოდა წამოსვლა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბესო კალაძემ.
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ქვეყანაში არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაცია დაიწყოს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დიდი ხანია რაც ვსაუბრობ, რომ ამ არჩევნებზე სააკაშვილის უკანასკნელი გედის სიმღერა იქნება. მას დღეს დესტაბილიზაციის მოწყობისა და არეულობის გარდა ქვეყანაში სხვა გზა არ გააჩნია. მან კარგად იცის, რომ უკან ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდება, შესაბამისად, ყველაფერზე წამსვლელია. ეს არის მისი მთავარი ტაქტიკა, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად შეეცდება. ვხედავთ, რომ ის და მისი გუნდი ამომრჩეველზე პირველ რიგში ფსიქოლოგიურ გავლენას ცდილობს და ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ 8 ოქტომბერს ხელისუფლებას დაამთავრებენ, ამიტომაც მათგან გამორიცხული არაფერია.
ლევან ალაფიშვილი (იურისტი): ამგვარ განცხადებებს და მცდელობებს, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება შიშით აღარ უყურებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოების ცნობიერება გაიზარდა და მათი მოტყუება ასეთი ადვილი აღარ არის. ამ ყველაფერს ნიადაგი ხომ უნდა ჰქონდეს? ვინმემ შეიძლება რამე სცადოს, მაგრამ საზოგადოება ამას არ მიიღებს. სახელმწიფო ინსტიტუტებს ბევრ რამეში შეიძლება ვუსაყვედუროთ, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური ძალიან მომზადებულია. მათ იმის უნარი შესწევთ, რომ მსგავსი რამ კანონიერ ფარგლებში აკრძალონ და ხელი შეუშალონ.
კი ბატონო, თუ არჩევნების შემდეგ ვინმე რამეს გააპროტესტებს, რა პრობლემაა, უსაფრთხოების სამსახურები ყველაფერს კანონის ფარგლებში გააკონტროლებენ. თუ რამე ზედმეტში გადაიზარდა, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ეს უწყებები სიტუაციის გაკონტროლებისთვის მზად არიან.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ჩემი აზრით, ასეთი რამ შეუძლებელია, რადგანაც მათი სურვილების განხორციელება მხოლოდ ოცნებაა და მეტი არაფერი. დღეს ქართული საზოგადოება საკმაოდ გაიზარდა და კარგად იციან, ვინ ვინ არის. მით უმეტეს "ნაციონალურ მოძრაობას" არავინ აჰყვება და მათ დაკრულზე ხალხი არ ივლის. რა თქმა უნდა, მათ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დიდი სურვილი აქვთ, თუმცა ამის განხორციელების საშუალებას არც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არ მისცემენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე