რეზონანსი
28.09.2016

 "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტი ბექა ნაცვლიშვილია, რომელსაც საზოგადოება თბილისის საკრებულოდან კარგად იცნობს. საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და ამ რაიონს, მისი ძალისხმევით, სხვა განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამი უმნიშვნელოვანესი პროექტი დარჩება. დიდი გეგმები აქვს ისანშიც. მათგან მთავარი ისნის, როგორც ინდუსტრიული რაიონის, ფუნქციის დაბრუნებაა.

ჰყავს მეუღლე, ნატა ასათიანი და ორი შვილი: 5 წლის რეზიკო და 1 წლის სანდრო. სოციალ-დემოკრატ ბექა ნაცვლიშვილს, გამარჯვების შემთხვევაში, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რომლებიც მხოლოდ ისანზე კი არა, ზოგადად, საზოგადოებაზე ვრცელდება. ამ ფონზე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, პოლიტიკას ყველაზე საპასუხისმგებლო საქმედ აღიქვამს და სურს, ამაში ხალხიც დაარწმუნოს. თუ რატომ დაინტერესდა ბავშვობაში პოლიტიკით და რა მიზნით მოდის ისანში მაჟორიტარ დეპუტატად, კანდიდატი თავად გიამბობთ.

ბექა ნაცვლიშვილი: ბავშვობიდან ძალიან განვიცდიდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით, 90-იან წლებში, რადგან პოლიტიკური პროცესი სწორედ მაშინ გამძაფრდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მამასთან ერთად დავდიოდი მიტინგებზე და პოლიტიკაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. შეიძლება, ეს დედის გავლენაც იყო, რომელიც ფილოლოგი გახლდათ და ცდილობდა, ჩემში პატრიოტული სულისკვეთება ჩაენერგა. ქართული ლიტერატურა, რომელიც ისტორიული მოვლენების ანარეკლია, ჩემში მეტად აღვიძებდა როგორც წარსულისა და აწმყოს გააზრების, ისე მომავლის განჭვრეტის სურვილს. ამიტომ გადავწყვიტე, პოლიტიკური მეცნიერება მესწავლა. გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტოლოგია, სოციოლოგია და რელიგიათმცოდნეობა დავამთავრე მაღალი აკადემიური მოსწრებით და იმავე უნივერსიტეტში დავიწყე დისერტაციაზე მუშაობა. საქართველოში პროცესები სწრაფად ვითარდებოდა და ვხედავდი, აუცილებელი იყო, ამ მოვლენებისთვის ფეხი ამეწყო. ამიტომ გვერდით გადავდე ჩემი აკადემიური კარიერა, შევწყვიტე დისერტაციაზე მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება მქონდა, მეცნიერ-თანამშრომლად დავრჩენილიყავი, 2006 წელს საქართველოში დავბრუნდი. ჩამოსვლის დღიდან, მეგობრებთან ერთად, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთე, თუმცა ამას მაშინ პოლიტიკური შეფერილობა არ ჰქონია.

 - მთავარი მიზეზი რა იყო, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთეთ?

- ის წესრიგი, რომლის დამკვიდრებასაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა, გარკვეული თვალსაზრისით, სოციალ-დარვინისტულ ლოგიკას ეფუძნება, სადაც ძლიერი უნდა გადარჩეს, საზოგადოება უნდა დაიშალოს და ადამიანები მხოლოდ უმწეო, მართულ, მომხმარებლური სულისკვეთების არსებებად იქცნენ, ყოველგვარი განცდებისა და კულტურული თავისებურებების გარეშე. საქართველოში ისეთი საზოგადოება უნდა ჩამოყალიბებულიყო, სადაც მოქალაქის მიმართ პასუხისმგებლიანი კი არა, პოლიციური ხელისუფლება იქნებოდა. სიღარიბე კი წარმოადგენდა პრობლემას, რომლის მოგვარების გზად მმართველ ძალას არა მისი აღმოფხვრა, არამედ ღარიბი ხალხის დასჯა და საპატიმროებში ჩასმა წარმოედგინა. ამიტომ იყო პატიმრების რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში. ამ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება იყო ძალადობა, რომლის გარეშეც, მმართველები ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებდნენ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთე. ეს წმინდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოხატულება უფრო იყო, ვიდრე გამიზნული პოლიტიკური აქტი.

 - სამაგიეროდ, მოგვიანებით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბება იყო გამიზნული პოლიტიკური აქტი, არა?

- დიახ, 2011 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, დავაფუძნეთ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. მაშინ უკვე პარტიულ-პოლიტიკური ელფერი შეიძინა ბრძოლამ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო და რჩება სოციალური სამართლიანობა, რომელიც ეფუძნება თავისუფალი ადამიანების ნებას, შექმნან ისეთი ქვეყანა, სადაც წინსვლა და განვითარება იქნება არა პრივილეგირებული უმცირესობის, არამედ ყველას კეთილდღეობის საწინდარი. ეს მიზანი აქვს "ქართულ ოცნებასაც", რომელმაც, პირველად საქართველოში, ადამიანის მიმართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის გატარება დაიწყო და სწორედ ამიტომ ვარ დღეს ამ გუნდის წევრი. პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რომ დავინახეთ, დავიწყეთ ამ გუნდთან თანამშრომლობა და, მოგვიანებით, რიგი პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავებაში წვლილიც შევიტანეთ. ბოლოს, საკმაოდ მჭიდრო გახდა ურთიერთობა, მემორანდუმი გავაფორმეთ, ხოლო ჩვენი პარტია - "სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის", "ქართული ოცნების" პარტნიორად იქცა.

 - თქვენ კი საკრებულოს წევრი გახდით. ამ პერიოდში, საკრებულომ, თქვენი ჩართულობითა და აქტიურობით, რა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო?

საკრებულოში მისვლამდე, 2012-2014 წლებში ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრის აპარატში ჯერ ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის დროს. სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვიყავი პასუხისმგებელი, მოგვიანებით კი, საზოგადოებრივი მოვლენების ანალიზს ვახდენდი. პარალელურად, ვიყავი და ვარ სამაგისტრო პროგრამის - "ინდუსტრიული ურთიერთობები" ხელმძღვანელი. ამის შემდეგ საკრებულოს წევრი გავხდი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმ პერიოდში მივიღე, თანამოქალაქეებთან ურთიერთობაა. მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე გახლდით. რთული კომისია იყო, რადგან ადამიანებს პოტენციურ სახელმწიფო ქონებას გადასცემ და მაქსიმალურად უნდა დაიცვა სამართლიანობის პრინციპი. ბევრი გაჭირვებული მოდიოდა, ჩვენ კი, კანონიდან გამომდინარე, უარის თქმა გვიწევდა. ეს რთული პროცესი მძიმე გამოცდილებად დაილექა ჩემში. კანონპროექტიც მოვამზადე, რომელიც, მეტ-ნაკლებად, გააუმჯობესებდა ამ მდგომარეობას, მაგრამ მისი განხილვა ვერ მოესწრო.

 საკრებულოში კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს გუნდს ძალისხმევა არ დაგვიკლია, რაც, რა თქმა უნდა, შედეგზეც აისახა. კრწანისის რაიონის გამგეობასა და ქალაქის მერიასთან ერთად, ვეცადეთ, არსებული საბიუჯეტო სახსრებით, მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ინფრასტრუქტურული თუ ყოფითი პრობლემა გადაგვეჭრა. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

არის 3 დიდი პროექტი, რაც ამ რაიონში ჩემი ძალისხმევით დარჩება და რითაც ძალიან ვამაყობ: პირველი - 300 არაგველების სკვერი. მომავალში არც ერთ ხელისუფლებას რომ არ გასჩენოდა მისი გასხვისების სურვილი, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღოლ მამა ბესარიონთან ერთად, გადავწყვიტეთ, ეს სკვერი მოეწყოს შესაბამისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული ზონა. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ადგილზე გაიმართა კრწანისის ბრძოლა; მეორე - ოქტომბერში დაიწყება ზემო და ქვემო ფონიჭალის შემაერთებელი გვირაბის მშენებლობა. ეს ორი უბანი, დაახლოებით 50 მეტრითაა დაშორებული, მაგრამ ერთმანეთთან დასაკავშირებლად, სამანქანე გზით, ადამიანებს 7 კილომეტრის გავლა უწევთ, ქვეითებმა კი 6-ლიანდაგიანი ხაზი უნდა გადაკვეთონ. მესამე პროექტი მთლიანად ჩემი იდეების ერთობაა - ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც იქნება ბიბლიოთეკა, ხატვის, კომპიუტერული უნარებისა და გრაფიკული დიზაინის, ჭადრაკის, მუსიკის წრეები... ეს იქნება დიდი სივრცე, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას, მაქსიმალურად ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი იპოვოს და დახვეწოს. როგორც ყოფილ მორაგბეს, ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეს საშუალება, ეწეოდე ჯანსაღი ცხოვრების წესს. პარალელურად, რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. ვიცი, ახალგაზრდებს რა სურთ და როგორ შეიძლება, მათ ხელი შეუწყო თვითრეალიზებაში. მსგავს პროექტს ისანშიც განვახორციელებ.

ახალგაზრდული ცენტრის გარდა, ისნის მოსახლეობას რა პროექტებს შესთავაზებთ და რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი მაინცდამაინც თქვენ?

- ჩვენი, სოციალ-დემოკრატების, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მრეწველობის განვითარებაა. მიგვაჩნია, რომ ინდუსტრიის აღორძინების გარეშე, წარმოუდგენელია დასაქმების პრობლემის მოგვარება და დასახული სოციალური მიზნების მიღწევა. ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია და აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი. გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება... აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს. მე მაქვს არა მარტო ამ პოლიტიკის, იდეების განხორციელების სურვილი, არამედ მიზანი, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანებს წარმოდგენა შევუცვალო პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე. ეს კრწანისში, გარკვეულწილად, გავაკეთე - უშუალო ურთიერთობა მქონდა მოქალაქეებთან, ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩემი ტელეფონის ნომერიც იცოდა და ყოველთვის ვპასუხობდი. მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდეთ ნდობა პოლიტიკისადმი და აღარ თქვან, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პირიქით, ეს არის ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე, რადგან იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც არა მხოლოდ შენსა და შენს ოჯახზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება.

მოკლე ბიოგრაფია

 დაიბადა 1977 წლის 19 ოქტომბერს ქ. თბილისში; 1994-1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიენიჭა ბაკალავრის აკადემური ხარისხი; 1998-1999 წლებში სწავლობდა ოტო ფონ გურიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით. 2000-2006 წლებში სწავლობდა მიუნსტერის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის სპეციალობაზე და მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში აღმასრულებელ მენეჯერად; 2008-2009 წლებში იყო ტურიზმის სკოლის "ნიუკაზი" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010 წლებში იყო "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011 წლებში მუშაობდა "საქართველოს უნივერსიტეტში" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორად; 2009-2014 წლებში იყო საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს იყო ბრიუსელში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ეგიდით მკვლევარის პოზიციაზე; 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩევლად; 2013 წლიდან დღემდე არის ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი; 2013 წლიდან დღემდე არის კავკასიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე; 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი, ამავე დროს მიწის დაკანონების კომისიის თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სამომავლო გეგმები

* "ქართული ოცნების" სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელებით, 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება;

* დასრულდება ავტობანი - წითელი ხიდიდან სარფამდე (840 კმ);

* ტურიზმის ზრდით, დამატებით, 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება;

* 2017 წლიდან სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ, 800 ლარი გახდება;

* დაიწყება პენსიონერების დასაქმების პროგრამა - "ცხოვრება გრძელდება";

* ეკონომიკური ზრდის შესაბამისად გაიზრდება პენსიები;

* მოხდება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია;

* პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე დაწესდება ზღვრული ფასები;

* დამატებით 200 000 ოჯახი გაზითა და 120 000 ოჯახი წყლით იქნება უზრუნველყოფილი;

* გაფართოვდება ინფრასტრუქტურული პროექტები, გაგრძელდება შიდაგზების რეაბილიტაცია და აშენდება ახალი გზები, მოეწყობა ახალი სკვერები და სპორტული მოედნები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღებს და სხვ;

* მეტად განვითარდება სასკოლო ინფრასტრუქტურა;

* 2017 წლიდან დაინერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები;

* დაინერგება პროფესიული განათლების გერმანული მოდელი, გაჩნდება დასაქმების სათანადო შესაძლებლობა თითოეული კურსდამთავრებულისთვის;

* განხორციელდება სპორტის უნივერსიტეტის რეფორმა სათანადოდ მომზადებული პროფესიული კადრებით ქვეყნის უზრუნველსაყოფად;

* თბილისში ჭიდაობის სასახლედა სპორტსმენთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნება;

* თბილისსა და ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების ფეხბურთისა და რაგბის 20 ახალი კომბინირებული მოედანი აშენდება;

* გაგრძელდება ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების გამწვანება, ქარსაფარი ზოლებისა და ტყეების აღდგენა-განაშენიანების პროცესი; დამკვიდრდება ტყეების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმი;

* არსებითად გაუმჯობესდება ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგი.

* ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ხუთ მილიონ ლარამდე მოხმარდება; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენაზე 13 500 000 ლარი დაიხარჯება; საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, აღდგენასა და მოვლა-პატრონობას 13 500 000 ლარი მოხმარდება; ავარიული შენობების გასამაგრებლად და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების ასაშენებლად 3 500 000 ლარი დაიხარჯება, კაპიტალურად გამაგრდება 55 ობიექტი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებას 5 000 000 ლარი მოხმარდება. 33 ობიექტზე შეკეთდება სახურავი, შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა შეკეთდება 55 ობიექტზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების, სპეციალური ამწეებისა და ლიფტების მონტაჟი 10 ობიექტზე განხორციელდება, დამატებით გაზიფიცირდება 100 ოჯახი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×