რეზონანსი
28.09.2016

 ნინო გოგუაძე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია საბურთალოს #5 საარჩევნო ოლქში. პროფესიით იურისტს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა საქართველოს პარლამენტში. იყო "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი. 2007 წელს დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან. 2014-2016 წლებში აირჩიეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად და იმავდროულად, იყო ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დამთავრებული აქვს ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროფესიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაო გამოცდილების მქონემ, დღეს გადაწყვიტა, გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი. ვინ არის ნინო გოგუაძე, რატომ გადაწყვიტა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობა და რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი საბურთალოს ამომრჩეველმა?

 ნინო გოგუაძე: პროფესიული კარიერა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლით დავიწყე. ვწერდი გადაცემებს, ვამზადებდი ინტერვიუებს, ვაქვეყნებდი საგაზეთო სტატიებს. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბაბუაჩემი წარმატებული იურისტი გახლდათ და, გარკვეულწილად, სწორედ მისმა ფაქტორმა განაპირობა ამ პროფესიის არჩევა. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ პროფესიამ შესაძლებლობა მომცა, საკუთარი შესაძლებლობები არაერთ სფეროში გამომეცადა. ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა საქართველოს პარლამენტში, კონსერვატიული პარტიის ფრაქციაში. სწორედ მაშინ მქონდა პირველად შეხება საკანონმდებლო საქმიანობასთან. შემდეგ იყო ადვოკატად მუშაობის წლები, არაერთი საქმე სასამართლოში და მნიშვნელოვანი წარმატებები.

- ადვოკატად მუშაობის პერიოდში, რომელი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგეთ?

- მახსენდება ჩემი ერთ-ერთი პირველი და ძალიან საინტერესო საქმე საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მაშინ პაატა ნაცვლიშვილის ადვოკატი ვიყავი და სასამართლოში, მის ძალიან ცნობილ პოემასთან დაკავშირებით, საავტორო უფლებებს ვიცავდი. საქმე წარმატებით დასრულდა. ამ საქმეზე მუშაობა დიდი სტიმული იყო. თუმცა, ჩემი საადვოკატო საქმიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2007 წელს კონსერვატიული პარტიიდან დავინიშნე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად. ძალიან რთული პერიოდი იყო - ნოემბრის მოვლენები და ერთ-ერთი ყველაზე რთული - 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ცესკო-ში 6 წელი ვიმუშავე და 5 ეროვნული არჩევნების ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩართული ვიყავი იმ პლებისციტის ორგანიზებაში, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას და ჩართული ვიყავი იმ საარჩევნო პროცესებში, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა.

 - 2014 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდით...

- ორი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრი ვიყავი გლდანის ოლქიდან. ამ პერიოდმა ამომრჩეველთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მომცა. ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, ვისმენდი მათ პრობლემებსა და საჭიროებებს. ვცდილობდი, დავხმარებოდი მათ გადაწყვეტაში. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სკოლებთან. საოცრად ნიჭიერი ბავშვები გავიცანი, მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოვაწყვეთ. განსაკუთრებით მახსენდება 13 ივნისის სტიქიისას ჩვენი საზოგადოების მიერ გამოჩენილი სამაგალითო მოქალაქეობრივი სოლიდარობა. ეს იყო ტკივილისა და სიამაყის შეგრძნება. საკრებულოს ყველა წევრი ვიყავით ამ პროცესში ჩართული. საკრებულოს სხვა დეპუტატებთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობდი იმ წესის შემუშავებაში, რომლითაც სტიქიით დაზარალებულებს ზარალი მთლიანად აუნაზღაურდათ. თბილისს ბევრი დამეგობრებული ქალაქი ჰყავს, მათ შორის ატლანტა, რომელთანაც უკვე 25-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. შარშან გავააქტიურეთ ჩვენი თანამშრომლობა და თბილისისთვის ბევრი საინტერესო პროექტი იგეგმება.

 - ცნობილია, რომ ემორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიც ხართ და თავის დროზე, ამერიკაში მუშაობის დაწყების შანსიც გქონდათ. საქართველოში რატომ დაბრუნდით?

- 2012 წელს, ეგვიპტეში, კარტერის ცენტრში ვმუშაობდი. მაშინ იქ უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდებოდა. რთული და დაძაბული პოლიტიკური გარემო იყო, ამიტომ წასვლას არ მირჩევდნენ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნებოდა. კარტერის ცენტრში მუშაობისას გავიგე, რომ იქ მხოლოდ ემორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობდნენ. ასე შევიტყვე იმ უნივერსიტეტის შესახებ, რომლის სამართლის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკაში. ამის შემდეგ ემორის უნივერსიტეტში სწავლა მიზნად დავისახე. გამიმართლა და მალევე გავხდი სამართლის სკოლის სტუდენტი. სწავლის დასრულების შემდეგ, მაგისტრის ხარისხთან ერთად, მუშაობის უფლებაც მომენიჭა, თუმცა გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი.

საზღვარგარეთ გატარებული ერთი წელი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. ნათლად დავინახე, რომ ქვეყნის განვითარების წინაპირობა სწორედ ადამიანის თავისუფლებაა. ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ თავისუფალ სივრცესა და გარემოში ავლენენ. თავისუფალი სივრცის გარეშე, ადამიანი ვერ განვითარდება! ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ადამიანის თავისუფლებაა. საქართველოში დაბრუნების მიზეზი კი ჩემი ცოდნისა და გამოცდილების ჩემს ქვეყანაში დახარჯვისა და აქ გამოყენების სურვილი იყო. მზად ვარ ამ სირთულეებთან გასამკლავებლად ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.

 - როგორ ფიქრობთ, "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა თავისუფალი გარემოს შექმნა?

- რა თქმა უნდა და სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიღწევა. ადამიანის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, დღეს რეალურ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

- გამარჯვების შემთხვევაში, რა იქნება თქვენი, როგორც საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, პრიორიტეტი და რას ჰპირდებით საბურთალოს მოსახლეობას?

- საბურთალო ჩემი უბანია. აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩემთვის ნაცნობია ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. ეს არის ქაოტური მშენებლობებისა და გამწვანების საკითხები, რაც არამხოლოდ საბურთალოელების, მთლიანად თბილისელების პრობლემაა; ამიტომ საჭიროა, მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდეს და ქალაქში მეტი სარეკრეაციო სივრცე შეიქმნას. ვაპირებ, პარლამენტში გარემოსდაცვით საკითხებზე ბევრი ვიმუშაო. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება ქართული საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება. ტექნოლოგიური და ინფორმაციული განვითარების ეპოქაში, ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი კადრები, რომელიც სწორედ ეროვნულმა საგანმანათლებლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს. საქართველო ურთულესი საერთაშორისო გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ამოცანაა, ერთი მხრივ, ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და, მეორე მხრივ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მინიმალიზება, ამიტომ საერთაშორისო ურთიერთობები ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება და ვაპირებ, ამ სფეროში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო. ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები.

- ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ოლქების დანაწილების პროცესი, რომელსაც არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა?

- "ხმის თანაბრობა" ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო იმ პრობლემებს შორის, რომლის მოგვარებისკენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება მუდმივად მიგვითითებდა. საკონსტიტუციო სასამართლომაც გააუქმა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურად შეძლო, გადაედგა ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისკენ. მიუხედავად არაერთი სირთულისა, რომელიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის თავისებურებას უკავშირდება. ვფიქრობ, ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა. აღნიშნული ცვლილება, ვენეციის კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

- 2016 წელს როგორ არჩევნებს ელით?

- "ქართულმა ოცნებამ" შეძლო და საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრა ყველა ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც სამართლიან საარჩევნო გარემოს უკავშირდება. იქნება ეს იგივე ზემოხსენებული ხმის თანაფარდობის, უფასო პოლიტიკური რეკლამის განაწილების წესისა თუ საარჩევნო ბარიერის საკითხები. რაც შეეხება პოლიტიკურ თავისუფლებას, ბევრი არჩევნების ორგანიზებაში მაქვს მიღებული მონაწილეობა და, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საარჩევნო კამპანია სამ თვეზე მეტია დაიწყო და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება აქვთ, თავისუფალ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოში იმუშაონ. ასე რომ, მთელი საარჩევნო პროცესი ჩაივლის მშვიდობიანად, სამართლიანად და გამჭვირვალედ.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნები თქვენთვის როგორი შედეგით დამთავრდება, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამომრჩეველმა მხარი უნდა დაგიჭიროთ?

 - ვფიქრობ, როგორც კერძო, ისე საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება მაქვს, რომელიც მსურს, ჩემი ქვეყნის უკეთეს მომავალს მოვახმარო. ვარ "ევროპელი კონსერავტორებისა და რეფორმისტების ალიანსის" ბორდ-ის წევრი და ბევრი მეგობარი მყავს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. ვფიქრობ, მათი მხარდაჭერით, ბევრი მნიშვნელოვანი პროცესის განხორციელებას შევძლებ ჩემს დიდ გუნდთან ერთად. ამასთან, მე ვარ პროფესიონალი, კვალიფიციური და წარმატებული ადამიანების გუნდის წევრი, რომელსაც ჰყავს ძლიერი ლიდერი - გიორგი კვირიკაშვილი და ეს გუნდი ჩვენს ქვეყანას სწორედ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.

დარწმუნებული ვარ, განახლებული ძალებითა და ენერგიით, და რაც მთავარია, საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით, შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.

ნინო გოგუაძის დიდი ოჯახის მთავარი პერსონა

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო გოგუაძეს დიდი ოჯახი ჰყავს - ახალგაზრდა მშობლები და 5 ძმა. გოგუაძის ოჯახის მთავარი პერსონა, 17 წლის თემოა - ერთადერთი ვაჟი, რომელიც კანდიდატის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მისი საარჩევნო კამპანიის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

"თემო რომ დაიბადა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ", - ამბობს კანდიდატი. ახალგაზრდა დედას ოჯახის ყველა წევრი ეხმარებოდა შვილის აღზრდაში, მაგრამ მთავარ სირთულეებს მაინც თავად უმკლავდებოდა. "არ გამიჭირდა, უბრალოდ, ცხოვრების ამ წესს მივეჩვიეთ", - ამბობს. მიეჩვია თემოც, თანაც ძალიან პატარა ასაკში. დამოუკიდებლად სწავლობდა, დამოუკიდებლად დადიოდა სპორტზე. არ აპროტესტებდა, რომ დამოუკიდებლად უწევდა საკუთარი თავის მიხედვა.

"სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა, პატარა რომ იყო, ხატვა უყვარდა, ელენე ახვლედიანის სამხატვრო სკოლაში დადიოდა. იმედი მქონდა, ეს ინტერესი მერეც გაჰყვებოდა, მაგრამ მალე შეიცვალა აზრი. მერე მუსიკით იყო გატაცებული - გიტარაზე უკრავდა. ახლა არც ეს მოსწონს მაინცდამაინც. არასდროს არაფერს ვაძალებდი, ვცდილობდი, თვითონ მიეღო გადაწყვეტილება. დღეს ძალიან მომწონს, რომ დამოუკიდებელია, ასე უფრო გაუადვილდება სამომავლოდ ცხოვრება".

თემო "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" მოსწავლეა და სამომავლოდ იურისტობაზე ფიქრობს.

"ჩემი კამპანიის მთავარი მონაწილეა. უკვე იმ ასაკშია, რომ საინტერესო რჩევებსაც მაძლევს რაც განსაკუთრებით მამხნევებს".

ასეთია ახალგაზრდა დედის თვალით დანახული შვილი. თემომ იცის, რომ დედა ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ამიტომაც ახალი წარმატების მიღწევის სტიმულს მთელი მონდომებით აძლევს.

თუ დაგჭირდათ მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 24 ივნისს, 1980 წელს, თბილისში. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე; 2014-2015 წლებში - ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი სამართალში. 2004-2005 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს პარლამენტში. 2005-2007 წლებში იყო "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი; 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრად, იმავდროულად, იყო გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე; 2010 წელს ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) საპარლამენტო სწავლებათა ცენტრში გაიარა საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების სასწავლო კურსი. იმავე წელს იყო ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მონაწილე (სტრასბურგი, საფრანგეთი) და საარჩევნო მოხელეთა პროგრამა - იკშვპუ-ის ბუდაპეშტში (უნგრეთი) კურსდამთავრებული. 2012 წლიდან დღემდე "კონსერვატიული პარტიის" საერთაშორისო მდივანია; არის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის საბჭოს წევრი. 2012 წელს იყო კარტერის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრი ეგვიპტეში (ქ. კაირო). იმავდროულად, სხვადასხვა დროს იყო საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების წევრი უნგრეთში, ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" თავმჯდომარე; 2015 წელს სიცილიაში (იტალია) მონაწილეობდა სოციალურ პროექტში ქფოფ - აფრიკელი დევნილებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×