"ახლა თინას ბიძინა ივანიშვილი აღარ მოსწონს და მე მოვეწონები?"
თაკო მათეშვილი
28.09.2016

 "რესპუბლიკელებსა" და "ქართულ ოცნებას" შორის ქიშპი პერსონალურ დაპირისპირებებში გადაიზარდა. ამჯერად მწვავე შეფასებებით ერთმანეთს პარტიების წევრი ქალბატონები - ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი "გაუმასპინძლდნენ". როგორც აღმოჩნდა, კოალიციაში ყოფნისასაც კი არ თვლიდნენ ერთმანეთს იმ მასშტაბის ფიგურებად, რომ ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონოდათ.

დაპირისპირება სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თემას მოჰყვა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ არ ახსოვს "რესპუბლიკური პარტიის" მიერ მომზადებული რაიმე დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა.

"შეგვახსენოს "რესპუბლიკურმა პარტიამ" ერთი დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა და ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი. მე არ მახსენდება ასეთი ინიციატივა და მსგავსი სურვილი რომ ყოფილიყო, მათ შეეძლოთ, იმ სამუშაო ჯგუფის თუ კომისიის ფარგლებში ემუშავათ.

"შეიძლება, იდეის დონეზე პოლიტიკურ პარტნიორებთან ამ მოსაზრებას ცვლიდნენ, მაგრამ თუ მათ შეეძლოთ ალტერნატიული პროექტების მომზადება, ახალი კანონპროექტების შემოტანა, ასევე შეეძლოთ ამ დოკუმენტის მომზადება და სესიაზე შემოტანა", - განაცხადა ბესელიამ.

პასუხად კი ხიდაშელმა განაცხადა, რომ ბესელია არასოდეს ჩაუთვლია იმ მასშტაბის ფიგურად, მისთვის რაიმე დოკუმენტი გაეგზავნა. აქვე ისიც დასძინა, რომ აღნიშნული დოკუმენტები არა ბესელიასთან, არამედ პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობასთან აქვთ გაგზავნილი.

"ეკა ბესელიას განცხადება ჩემთვის მნიშვნელოვანი რატომ არის? მასთან პოლემიკაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებ. მის განცხადებას რაიმე ტიპის მნიშვნელობას არ ვანიჭებ. გიდასტურებთ, ბესელიასთვის დოკუმენტი არასოდეს არ გამიგზავნია, მაგრამ ვინც იყვნენ პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელები, მათ ეს დოკუმენტები აქვთ. ეს დოკუმენტები მათ რომ აქვთ, ამის გადამოწმება მედიაარქივით შესაძლებელია. ამ თემაზე განცხადებების საჯაროდ კეთებას არასოდეს მოვრიდებივარ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც აღმოჩნდა, არც ეკა ბესელია თვლის ხიდაშელს იმ მასშტაბის პიროვნებად, რომ შემფასებლად მიიჩნიოს. ყოფილ თანაგუნდელს იგი "რეზონანსის" მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხიდაშელმა ისიც კი ვერ გაიგო, თუ რას ეხებოდა საუბარი.

"როცა პოლიტიკოსი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადის, ეს მის ნაკლებ კულტურასა და სისუსტეზე მეტყველებს. ადრე ერთ-ერთ კომენტარში ჩემზე თქვა - დიდი ხნის მეგობარიაო... მე არ ვთვლი მეგობრად, მაგრამ არც მტრად. დიდი ხანია ვიცნობ, თან კარგად...

"ჩემთან დოკუმენტების გადმოგზავნას რაც შეეხება, გამოუგზავნია, ყოფილა ასეთებიც. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი - საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტში მათი ინიცირებული დოკუმენტი არ მინახავს. ისიც კი არ იცის, რომ პარლამენტმა 2004-2012 წლებს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უკვე მისცა და დიახ, ეს დოკუმენტი მე და ჩემმა კომიტეტმა მოვამზადეთ. ამის თაობაზე თუ არ სმენია, დათო მოუყვება.

"პერსონალურ კინკლაობას არ ვაპირებ. როცა ნებისმიერ გამონათქვამს არაეთიკურად ჩავთვლი, პასუხს მიიღებს. საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე. სხვისი მასშტაბი და ღირსება რომ შეაფასო, ამისათვის ინგლისურის კარგი ცოდნა კი არა, მასშტაბში აზროვნება და შეფასების კარგი უნარია საჭირო. ახლა თინას ბიძინა ივანიშვილი აღარ მოსწონს და მე მოვეწონები?" - განგვიცხადა ბესელიამ.

ჩვენს კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ქალბატონებს კოალიციაში ყოფნისას, დეპუტატმა გვიპასუხა, რომ ხიდაშელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. შესაბამისად, მისი მოსაზრებები უმნიშვნელოა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×