ლიკა გურაბანიძე
28.09.2016

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს "უნიჭო მონტაჟს" უწოდებს. აღნიშნულს სააკაშვილი სოციალურ ქსელში მოკლე კომენტარით ეხმაურება.

"ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქში".

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექსპრეზიდენტი არ ეთანხმება.

"ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი", - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ "რუსთავი" მოამწიფებს ამ პიკს".

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

მიგაჩნიათ თუ არა ეს ჩანაწერი იმის დამადასტურებელ საბუთად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციური სცენარით გეგმავს ხელისუფლებაში მოსვლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ნაციონალური მოძრაობა" იკადრებს ამას, მაგრამ ჩვენ, ელექტორატი ამ პროცესს წინ აღვუდგებით. ჩანაწერის ავთენტიკურობის მჯერა და სააკაშვილი, რომელსაც აქ სისხლის ღვრა სურს, ვერავითარ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს. ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, პოლიტიკურ სამარეში ჩასვას ისეთი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, როგორიც "ნაცმოძრაობაა".

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  "ამას ისინი არც მალავენ და სააკაშვილი ამაზე პირდაპირ საუბრობს. მათი ადრინდელი მსგავსი ჩანაწერები ავთენტიკური იყო. დასკვნების გასაკეთებლად ჯერ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. როგორც მე ვუყურებ, მათ სხვა გზა არ აქვთ, ისინი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და ამიტომ თავში ასეთი აზრი შესაძლოა, მოუვიდეთ. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, სააკაშვილი რა ხასიათზე იქნება."

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "თუ ჩანაწერი ავთენტიკურია და ამას შემოწმების შემდგომ გავიგებთ, მერე უკვე ამაზე საუბარი შეიძლება. ჩანაწერში პირდაპირაა რევოლუციურ სცენარზე საუბარი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ამ ყველაფერს უარყოფს. თუ ჩანაწერი ავთენტიკურია, მაშინ "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური სცენარით გეგმავს."

 

 

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ჩანაწერის ავთენტიკურობაზე ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაგცეთ. ამის გამოძიება ელემენტარული საქმეა. ზოგადად, "ნაცმოძრაობა" რა სულის მატარებელიცაა, ყველამ კარგად იცის. ისინი გამუდმებით რაღაცას აანონსებენ. "ქართული ოცნება" სამარცხვინოა, რომ მათ ბნელ საქმეებს ვერ იძიებს და თუ რაიმე ახალი მოხდება, ეს არა მარტო "ნაცმოძრაობის", არამედ "ქართული ოცნების" კისერზეც იქნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×