ე.წ. "სამხრეთ ოსეთში", ე.წ. "საზღვრიდან" სულ რაღაც 12 კილომეტრში რუსული ბაზის გაძლიერებული წვრთნა ჩატარდა, რომელსაც აგვისტოს ომში მონაწილე, ცნობილი 58-ე არმიის გენერალ-მაიორი სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობდა.
ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს "შემთხვევით" არ დამთხვევია. თუმცა, სამხედრო სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ მსგავს მასშტაბურ წვრთნებს რუსეთი, საქართველოსგან განსხვავებით, რეგულარულად ატარებს და საკუთარი ბაზების საბრძოლო მზადყოფნას აფასებს.
თემა, რომელიც საქართველოში ფაქტობრივად არავის გახსენებია, რუსულმა და უცხოურმა მედიასაშუალებებმა ფართოდ გააშუქეს. წერენ, რომ წვრთნაში, რომელიც გუშინ დასრულდა, 4 ათასი ჯარისკაცი და 1000 ერთეულამდე მძიმე ტექნიკა მონაწილეობდა. მათ შორის იყო თანამედროვე ტანკები ე-72იქ, თვითმავალი ჰაუბიცები "აკაცია" და "გვოზრდიკა" და ა.შ. ეს ყველაფერი ძარწემის პოლიგონზე ხდებოდა, რომელიც ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. "საზღვართან" მდებარეობს.
ინგლისურენოვანი გამოცემები ამ ყველაფერს საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.
ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სწავლებები ყოველწლიურად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება მათ შორის ძარწემის პოლიგონზეც. აღნიშნული წვრთნაც, მისი თქმით, წინასწარ იყო დაგეგმილი. ამბობს, რომ მათ სასწავლო პროგრამა აქვთ, რისი მიხედვითაც ასეთ სწავლებებს რეგულარულად ატარებენ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ძარწემის პოლიგონის დონის პოლიგონი სხვა არ აქვთ და ამიტომაც მომზადებისათვის ყოველთვის მას იყენებენ.
"ამ ყველაფერს არჩევნებს არ დავუკავშირებდი, რადგან იქ ასეთი სწავლებები პერმანენტულად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინაც ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება "კავკასია 2016", სადაც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი იღებდა მონაწილეობას.
"მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფები, ასევე სომხეთის გიუმრის 102-ე ბაზა, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ზღვის ფლოტილია და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული ბაზებიც.
"ასე რომ, ისინი ამ მომზადებას მუდმივად ახორციელებენ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ხელისუფლება სამხრეთის სამხედრო ოლქის გადაიარაღებას, გაძლიერებასა და სამხედრო მომზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
"სანამ სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები შენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, თავს, რა თქმა უნდა, ვერ დაიმშვიდებ, მაგრამ სამწუხარო რეალობა ასეთია - თავს ზემოთ ძალა არ გვაქვს. ჩვენი ტერიტორიების დროებით ოკუპაციასთან შეგუება გვიწევს.
"თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაძლიერებისათვის არ უნდა ემზადებოდეს. მთავარი ესაა. როცა ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერი იქნება, მას შეეძლება, სამხედრო სიძლიერეზეც იფიქროს", - აცხადებს ალადაშვილი.
მასშტაბური სამხედრო მანევრები, არათუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ ჩვენი სახელმწიფო საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზეც კი გამოწვევად რომ აღიქმება, საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის, ბრიგადის გენერლის ამირან სალუქვაძის თქმით, ბუნებრივია.
ამბობს, რომ ჩვენი საზოგადოება გადაჩვეულია საკუთარი არმიის ინტენსიურ მასშტაბურ წვრთნებს და დაგვავიწყდა, რომ ნებისმიერი ქვეყნის არმია, თუ იქ საბრძოლო მომზადება სათანადო დონეზეა, წლის განმავლობაში გეგმურ წვრთნებს ატარებს - ინდივიდუალური მომზადებიდან დაწყებული, მასშტაბური ტაქტიკური სწავლებებით დამთავრებული.
მისი თქმით, რუსეთის არმიაში სასწავლო წელი იანვარში ინდივიდუალური მომზადებით იწყება. ანუ სწავლებები ტარდება ცალკეულ სამხედროებთან, მათთვის ელემენტარული უნარების მიცემის მიზნით. შემდეგ იწყება ქვედანაყოფების შერწყმა: ათეულების, ოცეულების, შემდეგ ტარდება ასეულების სწავლებები და ა.შ. სასწავლო წელი ბრიგადების ტაქტიკური სწავლებებით სრულდება.
ეს პერიოდი, სალუქვაძის თქმით, რუსეთის არმიაში შემოდგომაზე უწევს. ნოემბერში რუსეთის არმიის ყველა ბრიგადაში, დივიზიებში, არმიებში, სამხედრო ოლქებში სასწავლო წლის საბრძოლო მომზადების შედეგების შეჯამება იმართება. დეკემბერი ახალი სასწავლო წლის მოსამზადებელი პერიოდია.
"ასეთია საბრძოლო მომზადების ციკლი რუსეთის არმიაში. არაგეგმური სწავლებები სხვა პერიოდებშიც ტარდება, ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში. საბრძოლო მომზადების შემოწმების მიზნით მასშტაბური სწავლებები შეიძლება ჩაატაროს (ჩვენს მიმართულებაზე) 58-ე არმიის სარდალმა, სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალურმა შტაბმა ან თავდაცვის მინისტრმა, ასევე პრეზიდენტმა.
"ამ ციკლს უნდა მივეჩვიოთ. როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სამხრეთ სამხედრო ოლქის სხვა ბაზებზე, სხვადასხვა მასშტაბის და ტიპის მანევრები (წვრთნები) მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა და ჩატარდება. ეს ხომ არაა პირველი სწავლება.
"ეს კი ხან ნატოს დელეგაციის ჩამოსვლას დაემთხვევა, ხან არჩევნებს. მე არ ვამბობ და არ შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს სწავლებები ჩვენს არჩევნებს უკავშირდება", - აღნიშნავს იგი.
აცხადებს, რომ მსგავსი სწავლებები ჩვენს არმიაშიც უნდა ტარდებოდეს იმავე ციკლით და იმავე ინტენსივობით. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან მანევრების ინტენსივობა და მასშტაბები დაბალია.
"ნებისმიერი არმიის ნორმალური მდგომარეობაა მუდმივი სწავლებები და არა სამსახურში სიარული 9-დან 18 საათამდე. სადაც სამხედრო ბაზაა, იქ პერიოდულად სხვადასხვა მასშტაბის სწავლებები იქნება. სხვა საქმეა, რომ ესაა საოკუპაციო ძალა, განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე და უკანონოა როგორც მათი დისლოკაცია, ასევე ნებისმიერი გადაადგილება - უბრალო მარში თუ ტაქტიკური სწავლება", - დასძენს სალუქვაძე.
იგი საგარეო უწყების რეაქციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის თითოეულ ასეთ მანევრს უნდა გმობდეს, მოუწოდებდეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ რუსეთთან მიმართებაში მეტად ქმედითები იყვნენ, ასევე რუსეთსაც უნდა უგზავნიდეს შესაბამის ნოტას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ბაზების მანევრები, მილიტარიზაცია არ უწყობს ხელს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რაზეც განცხადებებს რუსეთის ლიდერები პერიოდულად აკეთებენ ხოლმე, თითქოს ისინი დიალოგისთვის მზად არიან.
"საზოგადოებას კი მსურს განვუცხადო, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოს დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება. ისტორიულ სამართლიანობას, აფხაზი, ოსი და ქართველი ერების გამთლიანებას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს მხოლოდ დროის ამბავია", - დასძენს ამირან სალუქვაძე.