ლიკა გურაბანიძე
30.09.2016

 "სამეგრელოში მიმდინარე პროცესების შეფასება შორიდან არ შეიძლება" - ამის შესახებ მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა მიქაიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამეგერლოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდია და ჯიხაშკარში მომხდარი ინციდენტის შემდგომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში იმ იარების მოშუშება ვერ შეძლო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაყენა.

კახა მიქაია: "ნაციონალური მოძრაობა" რომ სამეგრელოში ყველაზე ძლიერია, ერთ-ერთ გამოსვლაში ეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა. "ოცნებას" პოლიტიკა სათანადოდ რომ წარემართა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. აქ "ოცნების" ყოფილი წევრების დისკრიმინაცია მიდის და მათ ადგილს პორტირებული "ნაციონალები" იკავებენ. ამ ხნის მანძილზე ძირეული გარდაქმნები სახელისუფლებო რეფორმის თვალსაზრისით სამეგრელოში არ ჩატარებულა.

მეგრელები შეურაცხყოფილები არიან. მე იმ მეგრელებს ვერ გავამართლებ, ვინც "ნაცმოძრაობას" უჭერს მხარს, მაგრამ მათ რა ვუყოთ, ვინც ნიჰილიზმშია ჩავარდნილი? ის პრობლემები, რაც დღეს სამეგრელოში არსებობს, ძნელად გადასალახავია. მეგრელებს პრობლემების მოგვარებაში "ოცნება" უნდა დახმარებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

"რეზონანსი": არის ასეთი მოსაზრება, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" სამეგრელოში არჩევნებს მოიგებს. ასეა?

კ.მ: ეს ყველაფერი მისი პოლიტიკიდან გამომდინარეობს. სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობა" კი არ არის ძლიერი, არამედ "ქართული ოცნებაა" სუსტი. სწორედ აქედანაა გამოწვეული ის, რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხმას. იმ "ქართული ოცნებიდან", რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, თითქმის არაფერი დარჩა. სამეგრელოში ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფილი "ნაციონალია", სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აქ "ნაცმოძრაობა" ჯერ კიდევ ძლიერია.

"რ": რატომ ვერ შეძლო ოთხი წლის განმავლობაში "ოცნებამ" სამეგრელოში ხალხის ნდობის მოპოვება?

კ.მ: რა შეურაცხყოფაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" სამეგრელოს მოსახლეობას მიაყენა, სწორედ იმ იარების მოშუშება ვერ შეძლო "ქართულმა ოცნებამ". მას სათანადო პასუხი ვერ გასცა, სწორედ ამიტომაა, რომ ეს პარტია ისევ წინა პლანზეა წამოწეული. როლანდ ახალაიასა და მეგის ქარდავას თანამებრძოლები დღეს "ოცნებაში" არიან. მის პოლიტიკას დღეს სამეგრელოში ყოფილი "ნაციონალები" წარმართავენ. ეს საზოგადოებასა და ხალხზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს. საზოგადოება უიმედოდაა დარჩენილი.

"რ": როგორ ფიქრობთ, ზუგდიდში სანდრა რულოვსს როგორი შანსი აქვს?

კ.მ: ვისაც მიხეილ სააკაშვილი მოსწონს, მას სანდრა რულოვსიც მოსწონს. სამეგრელოში მიშას და სანდრას ერთნაირი რეიტინგი აქვთ. როგორ შეიძლება დღეს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სანდრა რულოვსს მხარს უჭერდე, მაგრამ ეს ფაქტი და რეალობაა.

სამეგრელოში ის ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილისა და როლანდ ახალაიას რეჟიმს ებრძოდა, ახლა შეურაცხყოფილია. აქ ძალიან რთული სიტუაციაა. სანდრა რულოვსის გამარჯვება ზუგდიდში სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია. ამ ყველაფრის შეფასება შორიდან არ შეიძლება. როდესაც სანდრა რულოვსი სამეგრელოში მაჟორიტარობას გაგიბედავს, შენი საქმე ძალიან ცუდად არის. თუ სამეგრელოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×