გვანცა ღვედაშვილი
30.09.2016

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციას 5 ოქტომბერს, ვარდების მოედანზე გამართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქცია მრავალათაასიანი იქნება და როგორც ვარდების მოედანს, ასევე რუსთაველსა და თავისუფლების მოედანსაც მოიცავს.

"ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა ნიკა მელიამ.

იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" 5 ოქტობრის აქცია მასშტაბური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): ის, რომ ადამიანებს ამ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, უკვე სახეზეა. შესაბამისად, 5 ოქტომბერს მოვლენ ეს ადამიანები აქციაზე და საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

 

 

 

 

 თამარ ჩიბურდანიძე  (დემოგრაფიული ფონდის თავმჯდომარე): არაერთხელ გაჟღერდა რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი. მთელ საქართველოში მათი რაოდენობა 200-250 ათასს შეადგენს. ეს კი ის 15%-ია, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. რა თქმა უნდა, აქციაზე მოსახლეობის ეს რიცხვი ვერ მივა სრულად, მაგრამ მგონია, რომ მაინც შეძლებენ საკმაოდ მასშტაბური აქციის ჩატარებას, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

ამასთანავე, მიმაჩნია, რომ "ნაციონალებმა" არასწორი სტრატეგია აირჩიეს, რადგან ზოგადად პოლიტიკაში ერთი და იგივე გზას მეორედ აღარ იმეორებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ეს გზა წარმატებული იყო თუ წარუმატებელი. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარი გაიმეოროს.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): თავიანთი ხალხი ალბათ ეყოლებათ. ვინც მათთან მუშაობს, მათი ოჯახები, სხვა ვინ უნდა იყოს. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ მათი ამომრჩეველი ალბათ მივა. თუმცა, მგონია, რომ ისეთი მასშტაბური, როგორსაც თავად ამბობენ, ეს აქცია მაინც ვერ იქნება.

 

 

 გივი სიხარულიძე (მსახიობი): ვფიქრობ, მასშტაბური იქნება, რადგან "ოცნებამ" თავისი მოღვაწეობით ხალხს გული დაწყვიტა. მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეძლებს მასშტაბური აქცია ჩაატაროს. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ეს აქცია არაფრის მომტანი არ იქნება.

 

 

 

 თათული ედიშერაშვილი (მსახიობი): სიმართლე გითხრათ, გამიჭირდება იმის თქმა, რას შეძლებენ და რას არა. ყოველდღიურად ისე ვითარდება მოვლენები, რომ ისიც არ ვიცით, ხვალ რა ვითარება გვექნება, შესაბამისად შეიძლება შეძლონ მასშტაბური აქციის გაკეთება, შეიძლება ვერ შეძლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×