"შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", - ასე ჰქვია ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ის წინასაარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემა ერთი თვეა, მიმდინარეობს და მას "2030"-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.
პროექტის პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 1 სექტემბერს, 12:00 საათზე აჭარიდან გავიდა.
ტელეეთერი ყოფილ პრემიერს ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, დღის 12 საათიდან ეთმობა. ივანიშვილი რეგიონალურ მედიასთან შეხვედრას საქართველოს ათივე რეგიონში ახორციელებს.
იგი შეხვედრებზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს: განვლილი 4 წლის შეფასება და პროგნოზი, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი და გზავნილი საზოგადოებას, პოლიტიკური პარტიების შეფასება და ინფორმაცია მათ შესახებ არჩევანის გაკეთების წინ, რატომ არ ჰყავს "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა და როგორ აფასებს მმართველ გუნდს, რა რჩება მთავარ გამოწვევად და პასუხი ოპონენტებს.
როგორ იმოქმედა "ოცნების" რეიტინგზე ივანიშვილის პრესკონფერენციებმა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "იმაზე რომ ივანიშვილის ჩართულობა ზოგადად "ქართული ოცნებისთვის" ხმების მომტანია, ორი აზრი არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად გაუჭირდა და ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ამიტომაც ჩაერთო ასეთი ფორმით. ეს პარტიას რეიტინგს აუცილებლად აუმაღლებს.
"ივანიშვილი რომ არ ჩართულიყო, "ქართული ოცნების" რომელ რეიტინგზე იყო საუბარი? ხალხი მათზე გაბრაზებულია, ხოლო ვისაც ივანიშვილის მიმართ პირადი სიმპათია დარჩა, ეს, რა თქმა უნდა, ამ გუნდის რეიტინგზე აისახება.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "მე მგონია, რომ პირიქით მოხდა, ვინაიდან ივანიშვილის დიდაქტიკური, მენტორული და დამრიგებლური ტონი ჩვენს საზოგადოებას არ სიამოვნებს. ეს საზოგადოებასა და პრესასთან დახვეწილი ურთიერთობის ფორმა არაა. ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" არანაირ წონას არ მატებს, მეტიც - უკან ხევს მას."
არჩილ გამზარდია: (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "ივანიშვილის მედიასთან შეხვედრები ძირითადად ნეგატიურ კვანძში იყო გადაწყვეტილი. პიარპროცესების კუთხით ეს მომგებიანი სვლა არ არის. ივანიშვილმა პრაქტიკულად "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში განტევების ვაცის როლი შეითავსა, იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ მის მიმართ გამოხატა ნეგატიური დამოკიდებულება და არა პარტიის მიმართ. მეტიც, გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოახდინა, რადგან "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია კარგად მიმდინარეობდა."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "ივანიშვილის ამ ფორმით გამოსვლები "ქართულ ოცნებას" რეიტინგს დიდადარ არ უმაღლებს, მაგრამ იმის დაფიქსირება ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პარტიის მკაფიო მხარდამჭერია და სხვას აღარ უჭერს მხარს. "ქართულ ოცნებას" ეს წაადგება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე