თაკო მათეშვილი
04.10.2016

 ვინ დაიკავებს საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ხუთ ადგილს? - "რეზონანსის" ამ კითხვას სოციოლოგებმა და პოლიტოლოგებმა "ყველაზე რთული კითხვა" უწოდეს.

მათი თქმით, უკანასკნელ ხანებში ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდა და სიტუაცია ყოველდღურად იმდენად რადიკალურად იცვლება, რომ პროგნოზის გაკეთება სოციოლოგიური კვლევების საფუძველზეც კი შეუძლებელია.

გარდა ამისა, აცხადებენ, რომ წამგებიან სიტუაციაში არიან, რადგან ყოველ წუთს შეიძლება მოხდეს რაიმე ისეთი, რაც მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზს წყალში ჩაყრის და მდგომარეობას თავდაყირა დააყენებს.

ერთადერთი, რაშიც ისინი დარწმუნებულები არიან, ისაა, რომ პირველ ორ ადგილს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ თანმიმდევნობით გადაინაწილებენ.

ბარიერის გადალახვაც, მათი აზრით, სწორედ ამ ორ პარტიას აქვს გარანტირებული. რაც შეეხება დანარჩენ ადგილებსა და დანარჩენ პარტიებს, სპეციალისტთა აზრით, "თავისუფალ დემოკრატებს", "გაერთიანებულ დემოკრატებს", "პატრიოტთა ალიანსს" და ლეიბორისტულ პარტიას თითქმის თანაბარი შანსი აქვთ.

სოციოლოგი, საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა დარწმუნებულია, რომ პირველ ორ ადგილს "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გადაინაწილებენ. მესამე ადგილზე, მისი აზრით, დიდი ალბათობით "თავისუფალი დემოკრატები" იქნებიან. ამის შემდეგ კი, მისი თქმით, ღირებული მოსაზრების გამოთქმა რთულია.

ვარაუდობს, რომ მეოთხე-მეხუთე ადგილზე ნინო ბურჯანაძის პარტია "გაერთიანებულ დემოკრატებს", ლეიბორისტებსა და "პატრიოტთა ალიანსს" დაახლოებით თანაბარი შანსი აქვთ. ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" კი, მისი აზრით, ამ ხუთეულში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

ბიგვავასთვის ასევე რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ რამდენი პარტია მოახერხებს ბარიერის გადალახვას. ამბობს, რომ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" გარდა ეს გარანტირებული არავის აქვს. მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებმა ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს.

"არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება ბურჭულაძემაც "გაქაჩოს". ბოლო ორ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლისათვის, რომელთაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული," - აცხადებს სოციოლოგი.

პროგნოზის გაკეთებას, კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას აზრით, მაშინ აქვს მნიშვნელობა, როცა ქვეყანაში სტაბილური წინასაარჩევნო კამპანიაა. აქ კი, მისი თქმით, ყველაფერი ყოველ წუთს იცვლება და შეფასებები ძალიან პირობითი ხდება.

გამზარდიას ვარაუდით, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები", "პატრიოტთა ალიანსი", და "თავისუფალი დემოკრატები". აქედან, მისი აზრით, ბარიერს ყველა პარტია გადალახავს, ხოლო პაატა ბურჭულაძის ბედი კითხვის ქვეშ დგას.

"ეს საკითხი ახლა უკვე ძალიან სადავოა, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს. ყოველ შემთხვევაში, "რესპუბლიკელებთან" შედარებით უფრო მაღალი შანსი ნამდვილად აქვთ. ბარიერს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადალახავენ ლეიბორისტები. 1% თუ აიღეს, მათთვის ეგეც კარგი იქნება.

"პრინციპში, ამ ხუთი-ექვსი პარტიიდან ბარიერი ყველამ რომ გადალახოს და ხელისუფლებამ არასაკონსტიტუციო, არამედ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას, სავსებით ნორმალური მოცემულობა იქნება," - ამბობს გამზარდია და დასძენს, რომ განსაკუთრებით ის იქნება კარგი, თუკი პარლამენტში პროდასავლური ძალები მოხვდებიან, რათა პრორუსულად აღქმული ძალებისათვის იქ ნაკლები ადგილი დარჩეს.

პირველ ხუთეულს სხვაგვარი კონფიგურაციით ხედავს პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე. წინა რესპონდენტების მსგავსად ისიც დარწმუნებულია, რომ პირველ ადგილზე "ქართული ოცნება" გავა, მეორეზე კი "ნაციონალური მოძრაობა".

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე "თავისუფალ დემოკრტებზე" თქვა, რომ ისინი შეიძლება მეორე ადგილზეც კი გავიდნენ. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით მას ამის თქმის საფუძველი ექნებოდა. ამიტომ, მეორეზე არა, მაგრამ მესამე ადგილზე "თავისუფალი დემოკრატების" გასვლას შესაძლებლად მიიჩნევს.

"ლეიბორისტებსაც, "პატრიოტთა ალიანსსაც" და "გაერთიანებულ დემოკრატებსაც" აქვთ ბარიერის გადალახვის და ხუთეულში მოხვედრის პერსპექტივა. დანარჩენების კი, რა მოგახსენოთ. თუმცა ყოველდღიურად რაღაც ხდება და თითოეული დღე ამომრჩეველზე გავლენას ახდენს," - აცხადებს საყვარელიძე.

ზემოჩამოთვლილი პარტიების გარდა, მისი აზრით, პარლამენტში მოხვედრის შანსი აღარავის აქვს.

"ბურჭულაძის პარტიაზე ან ცუდი ინფორმაცია ვრცელდება, ან სასაცილო, რაც ცუდზე უარესია. არ მგონია, ასეთ ფონზე მან რეიტინგი მოიპოვოს. "რესპუბლიკელების" რეიტინგიც ვერ ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას. 2%-ის ფარგლებში მოძრაობენ და არ მგონია, მათ პერსპექტივა ჰქონდეთ," - აცხადებს საყვარელიძე.

რაიმე სახის პროგნოზის გაკეთებაზე სოციოლოგი, თსუ-ს პროფესორი ამირან ბერძენიშვილი უარს აცხადებს. ამბობს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღარც სოციოლოგიურ კვლევებს აქვს აზრი, რადგან ამისათვის მშვიდი, დალაგებული გარემოა საჭირო.

"მიმდინარე მოვლენებს თვალს რომ ვადევნებ, სურვილი მიქრება, რამეზე ვილაპარაკო. ან რა უნდა ვილაპარაკო, როცა მართულ პროცესებთან გვაქვს საქმე? ბურჭულაძის პარტიას ფაქტიურად წირვა გამოუყვანეს. წაიკითხეთ, რას ამბობენ პარტიების ხელმძღვანელები ერთმანეთზე. აქ არავითარი ანალიზისა და კომენტარის გაკეთების სურვილი აღარ მრჩება. ეს ყველაფერი ყოველგვარ ადამიანურ და ელემენტარული პატივისცემის საზღვრებს სცდება. რა უნდა დაწეროთ ამ დროს? პოლიტიკოსებიც და უბრალო ადამიანებიც ასე იწევენ ერთმანეთზე.

"როცა საქმეს ზიზღის ენა წყვეტს, კვლევებს აზრი ეკარგება. სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. რას გაიგებ, კიდევ რა საიდუმლო რაღაცებს გამოიტანენ. რაზე უნდა ილაპარაკო ქვეყანაში, სადაც პირადი საუბრები საჯაროდ ქვეყნდება?! ასეთი რამ როგორ შეიძლება? პატიოსანი კაცი ვარ და არ მინდა ამ სიბინძურეში გავეხვე. ასეთი ენით ლაპარაკი სირცხვილია. ხომ არ შეიძლება პოლიტიკას და ხელისუფლებას ყველაფერი გადააყოლო ღმერთიდან დაწყებული, ოჯახით და შვილებით დამთავრებული?!

"თქვენს კითხვაზე პასუხი რომ გავცე, დალაგებული, სტაბილური ქვეყანა უნდა გვქონდეს. სოციოლოგიურ გამოკვლევას მაშინ აქვს აზრი. მე ახლა რამე რომ გითხრათ, ხვალ შეიძლება ისეთი რაღაც "შემოაგდონ", პროცესები სულ სხვანაირად წაიყვანოს. კიდევ ხუთი დღეა დარჩენილი და ძალიან მეშინია, რამე ცუდი არ მოხდეს. ვერანაირი სოციოლოგიური გამოკვლევა ვერ დადებს პროგნოზს, რადგან შეიძლება რაღაც-რაღაცები ბოლო წამს გადაწყდეს," - აცხადებს ამირან ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×