"ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიას მორალურ-ზნეობრივი ჰიგიენა აკლია" - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ნაწილსა და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ისევ ფარული ჩანაწერებით, კადრებითა და მსგავსი ნეგატიური წესებით ცდილობენ თამაშს.
წინა არჩევნებთან შედარებით კი, მისი აზრით, მდგომარეობა იმ მხრივაა გართულებული, რომ თამაშის ძველ, არცთუ სუფთა წესებს ახლა უკვე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისათვის სროლაც დაემატა.
სოსო ცინცაძე: იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ბოლო დღეებში განვითარდა, ჩემთვის ყველაზე საგულისხმო ივანიშვილის პროგნოზი იყო იმის შესახებ, რომ მეორე ადგილზე ირაკლი ალასანიას პარტია იკვეთება, მაშინ, როცა ალასანიას პარტიას მეორე ადგილს არც ერთი კვლევა არ უწინასწარმეტყველებს. ეს არავის უთქვამს.
აქ სააკაშვილის პარლამენტი გამახსენდა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარ ოპოზიციად ახლად შექმნილი პარტია "ქრისტიან-დემოკრატები" თავადვე დაინიშნა. ახლაც იგივე ხომ არ ხდება და მმართველი პარტია ოპოზიციას ხომ არ ირჩევს?
მე მაგალითად ისიც მენიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ბოლო გამოსვლებში თვალში საცემად დატკბა. ხელისუფლებას ისე მკვეთრად აღარ უტევს. ისეთ ქვეყანასა და დროში ვცხოვრობთ, რომ ჩვენთან გამორიცხული აღარაფერია.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, "ოცნებასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის გარკვეულ გარიგებას აქვს ადგილი თუ უბარლოდ, ივანიშვილს დამატებით რაიმე მონაცემები აქვს და ამიტომ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ჩვენ?
ს.ც: ჩვენ არაფერი ვიცით. ხომ გამოვიდა ჭორი, რომ "ნაცმოძრაობა" 25 პროცენტს ითხოვდა, "ოცნება" კი მას 17%-ს სთავაზობდა, ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ "ნაცმოძრაობამ" ბრძოლა გადაწყვიტა. 2012 წელსაც იყო მსგავსი ჭორი - "ნაცმოძრაობა" ივანიშვილს 40%-ს სთავაზობდა, მაგრამ მას 60% უნდოდა და გარიგება არ შედგა. შედეგად ივანიშვილმა ის მიიღო, რაც უნდოდა.
საერთოდ, საქართველოში ჭორი ჭორზე მეტს ნიშნავს და ახლაც ასეა - გარიგებები საქართველოს რეალობისთვის უცხო ხილი არაა.
მე არავითარი ფაქტობრივი მასალა არ მაქვს ვთქვა, რომ ალასანიასა და ივანიშვილს შორის გარიგება შედგა, მაგრამ კითხვებს ვსვამ - საიდან აიღო ივანიშვილმა ეს მონაცემი? მაშინ ეთქვა, რომელი გამოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ალასანიას პარტია მეორე ადგილზე გადის. ასეთი გამოკვლევა არ ყოფილა. ვისაც არ ეზარება, ყველა სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და მსგავსი რამ არავის უთქვამს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, გარიგება არის თუ არა, მაგრამ კითხვა ლეგიტიმურია.
"რ": როგორი იქნება, თქვენი აზრით, პირველი ხუთეული?
ს.ც: პირველ ადგილზე მმართველი პარტია იქნება, მეორეზე - "ნაციონალური მოძრაობა". ამის შემდეგ კი ინტრიგა იწყება, ვინაიდან დანარჩენ 4-5 პარტიაში ვინმეს გამოყოფა ძნელია. გამოკითხვებით ერთნაირი შანსები აქვთ ბურჯანაძის პარტიას, ალასანიას, "პატრიოტებს", ბურჭულაძეს და ლეიბორისტებს.
რასაკვირველია, პარლამენტში ყველა ვერ დაეტევა. ყველა თუ შევა პარლამენტში, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ დარჩება, ამიტომ ეს გამორიცხულია. თუმცა, დავა ძირითადად ამ პარტიებში იქნება.
ზოგადი ფონი კი ძალიან გაფუჭდა და დაიძაბა. "ნაცმოძრაობის" დროსაც იყო ყველაფერი, მაგრამ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე სროლები და დაჭრები არ ყოფილა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას მორალურ-ზნეობრივი ჰიგიენა აკლია. მხოლოდ ბრალდებები, საიდუმლო ჩანაწერები და ათასი ასეთი რამ.
ბარიერის გადალახვის მოლოდინი 6-7 პარტიას აქვს. თუ ისე მოხდა, რომ მათგან 3-4 გარეთ დარჩა, დამარცხებას მშვიდად არ შეეგუებიან და საპროტესტო აქციები იქნება. არ ვამბობ, რომ დესტაბილიზაცია და აჯანყების მცდელობა ექნებათ, მაგრამ კანონით ნებადართულ საპროტესტო მსვლელობებს, გამოსვლებს ალბათ მიმართავენ. ეს ყველაფერი კი გამარჯვებულთა ლეგიტიმურობას ღირსებას არ შემატებს.
"რ": დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. როგორი მოლოდინი გაქვთ, რამდენად მშვიდად ჩაივლის ყველაფერი და ზოგადად, მოვახერხებთ არჩევნებამდე მშვიდად მისვლას?
ს.ც: ვფიქრობ, დღეს აქცია ექსცესების გარეშე ჩატარდება. აქციაზე რამე რომ მოხდეს, ცემა-ტყეპა რომ ატყდეს, ვიღაც დასისხლიანდეს და დააპატიმრონ, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთ რამეს არ დაუშვებენ.
თანაც, როგორც რეალობა გვიჩვენებს, დღეს ჩვენი საზოგადოება იმდენად იმედგაცრუებული და ინერტულია, რომ მასზე პროპაგანდისტული აქციები უკვე აღარ მოქმედებს.
ხაინდრავას ფილმზეც ეგონათ, რომ ისეთივე როლს ითამაშებდა, როგორიც 2012-ში ცოცხების კადრებმა ითამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ფილმმა პროპაგანდა ვერ შეძლო.
საერთოდ, ყველაზე კარგი პროპაგანდა კარგი ცხოვრებაა. ყველაზე ეფექტური ის იქნებოდა, კვირიკაშვილს შეეძლოს თქვას - სააკაშვილის დროს თუ 150 ლარი იყო თქვენი პენსია, ახლა 250 ლარიაო, რომ უმუშევრობა სამჯერ შემცირდა, სოფლის მეურნეობა რეალურად წავიდა წინ და ა.შ. ოღონდ რეალურად და არა იმ 100 საწარმოს მსგავსად, რომელთა კვალიც ვერსად ვნახეთ.
როცა მმართველი პარტია ფილმებით, ჩანაწერებით, წინა ხელისუფლების დანაშაულზე აპელირებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ის უკვე გარდუვალი გამარჯვების ეშხს აფერმკრთალებს.
"რ": ანუ, დარწმუნებული ხართ, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია?
ს.ც: კი, "ოცნების" გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ძლიერი ოპოზიცია არ არსებობს. ესაა არჩევნები რეალური არჩევანის გარეშე. არჩევანი ალტერნატივის არსებობას ნიშნავს, ისე, როგორც ამერიკაშია - საზოგადოება ტრამპსა და კლინტონს შორის შუაზეა გაყოფილი. ესაა ნამდვილი არჩევნები.
ჩვენთან კი მმართველი პარტიის კანდიდატები ოპოზიციასთან ტელედებატებზე უარს ამბობენ და ამის მიუხედავად მაინც გაიმარჯვებენ. ეს დემოკრატია აღარაა. კონკრეტულ ფაქტს გეტყვით - აბსოლუტურად გაუგებარია საიდან, რატომ და რისთვის მოვიდა ქალბატონი ზურაბიშვილი და რატომ თქვა უარი, "ნაციონალების" კანდიდატთან ტელედებატებში დამჯდარიყო.
თუკი ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და ალბათ, გაიმარჯვებს, რადგან მის მხარეზე ივანიშვილის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსია, ეს უკვე იმის სიგნალი იქნება, რომ არჩევნები მაინცდამაინც გამჭვირვალე არ იყო.
არც "ნაციონალების" კანდიდატს არ აქვს დიდი დამსახურება, მაგრამ არც ამ ქალბატონს. მას ქვეყნის წინაშე საერთოდ არაფრის დამსახურება არ აქვს. მან ქართული დიპლომატია დაანგრია. მე იმ სფეროზე ვლაპარაკობ, რომელშიც ვარ და უამრავი ფაქტი მაქვს.
ასე რომ, ეს არჩევნები არაა ისეთი, როგორიც მეგონა იქნებოდა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ თაობებია საჭირო, რათა არჩევნები მართლაც არჩევანს გულისხმობდეს. ამის გარეშე იგი რუსულ არჩევნებს ჰგავს - იქაც ექსცესებისა და სისხლის ღვრის გარეშე ჩატარდა ყველაფერი, მაგრამ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ჩვენთანაც ასეა.
"რ": მეორე ტურის დანიშვნას ბევრგან ელით?
ს.ც: მაჟორიტარული ოლქების მინიმუმ 70-80%-ში გახდება საჭირო. "ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატებად საერთოდ უცნობი ხალხი წამოაყენა. ახალი სახე იმას კი არ ნიშნავს, რომ წამოაყენო ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობს. ეს უცნობი სახეა.
არ ვიცით, ვინაა ეს ხალხი, რას წარმოადგენენ, რა დამსახურების გამო უნდა გახდნენ ხალხის რჩეულები. საზოგადოებას კანდიდატები სახეზეც კი არ უნახავს, ხმაც კი არ გაუგონია. აქ უკვე ის მომენტი მუშაობს, რომ მეორე უარესია და ამიტომ ისევ ეს ჯობია.
გამოდის, რომ ისინი ხალხის კი არა, კვირიკაშვილის რჩეულები არიან. უმრავლესობა ასეთია და რასაკვირველია, მეორე ტური ყველგან გახდება საჭირო. თუმცა, მეორე ტურის ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ჩემი აზრით, ხელისუფლების კანდიდატები გაიმარჯვებენ.
ჩემთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბევრისთვის პოლიტიკა საეროდ უცხო ხილია. პროფესიონალი პოლიტიკოსები თითზე ჩამოსათვლელი არიან. რომ აღარაფერი ვთქვათ კანონმდებლებზე, ადამიანებზე, რომლებმაც კანონები უნდა დაწერონ. როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტში მაქსიმუმ 5-10 ასეთი ადამიანი გვეყოლება. დანარჩენების მოვალეობა კი საჭირო დროს საჭირო ღილაკზე თითის დაჭერა იქნება, ღილაკის ფერი რომ არ შეეშალოთ. ამას პარლამენტის გარდა ყველაფერი ჰქვია.