"თუ მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტში ისევ 2 პარტია აღმოჩნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მივიღებთ პარლამენტს, სადაც მთავარი არა საქმის კეთება, არამედ ლანძღვა-გინება იქნება," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე.
მისი თქმით, ქართველი ამომჩეველი გაზრდილია, კარგად აზროვნებს და სხვა პარტიებსაც ამჩნევს საიმისოდ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 4-5 სუბიექტით დააკომპლექტოს.
ვახტანგ ხმალაძე: რაც მოხდა, გინდაც ახლახან გორში მომხდარი ინცინდენტი (მანამადე სხვაგანაც იყო), ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ 2-3 შემთხვევა არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამას სისტემური ხასიათი აქვს და ზოგადად საარჩევნო გარემოზე გავლენას ახდენს. ამ თვალსაზრისით თუ 2012, 2008, ან 2003 წლების არჩევნებს გავიხსენებთ, ახლანდელი საარჩვნო გარემო მრავალგზის უკეთესია. მე არ მგონია, რომ დარჩენილ რამდენიმე დღეში, იმ ტიპის დარღვევებმა, რაც უკვე გვქონდა, მასობრივი ხასიათი მიიღოს. თუმცა, ერთი რამ მაინც უნდა ითქვას, როდესაც კორცხელში სამართალდარღვევა მოხდა, იმას, რომ სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა (სს-ის საქმე კი აღიძრა, მაგრამ არავინ არის დასჯილი), სხვაგან მსგავსი დანაშაულის ალბათობა იქნებოდა ნაკლები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ გაკეთდა, დღევანდელი გარემო, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნორმალურია. ინდივიდუალური სამართალდარღვევები ყველგან ხდება და მომავლში შეიძლება მოხდეს. ასე რომ, აბსოლუტურად სტერილურ არჩევნებს, ალბათ ვერასდროს მივიღებთ და ვერც ვერავინ მიიღებს.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, იმისგან, რასაც ვისმენთ, რა ინფორმაციასაც ვიღებთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის გამოყენება კვლავ ხდება. მაგრამ, აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ამის მასშტაბი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ამ მხრივაც გაუმჯობესებულია მდგომარეობა. სასურველია, რომ იყოს უკეთესი, მაგრამ ერთბაშად ყველაფერი ვერ მიიღება. ამისთვის საჭიროა ადამიანების ცნობიერების შეცვლა.
"რ": როგორ აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს არჩევნებში?
ვ.ხ: სიმართლე გითხრათ, სხვადასხვა გამოკითხვაში აღნიშნული პროცენტების მე არ მჯერა. რასაც აქვეყნებენ, რესპუბლიკურ პარტიას მინუს 5% აქვსო, აქ ჩანს სურვილი, რომ ჩვენი პარტია არ იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. როგორ ჩანს, ამისთვის საჭიროა, ამომრჩველი დაარწმუნონ, რომ არ ღირს რესპუბლიკური პარტიისთვის ხმის მიცემა, რადგან იმდენად დაბალი რეიტინგი აქვს, შენი ხმა დაიკარგებაო. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც გვაქვს, საქმე ასე ნამდვილად არ არის. საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ეს 5%-ანი ზღვარი გადავლახოთ.
"რ": პარტიის შიგა კვლევებს ხომ არ ატარებთ?
ვ.ხ: სრულფასოვანი სოციოლოგიური კვლევა არ ჩაგვიტარებია, რადგან საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ამის საშუალება არ გვქონდა. მაგრამ გამოკითხვა, ცხადია, გვაქვს. ამის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი განსხვავებულია, ვთქვათ, ქალაქებში უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში. მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5%-იან ზღვარს ნამდვილად გადავლახავთ.
"რ": როგორ წარმოგიდგენიათ ახალი მოწვევის პარლამენტი, იქნება თუ არა მრავალპარტიული?
ვ.ხ: "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს პარლამენტში მხოლოდ ეს ორი პარტია იქნება და ერთი მეორისგან ქმნის მტრის ხატს, რომ ამომრჩეველმა მხოლოდ თეთრი და შავი დაინახოს და სხვისკენ არ გაიხედოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს, ეს თეთრი და შავი იყო: "მრგვალი მაგიდა" და კომუნისტები, მერე - "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება", შემდეგ იყო "ნაციონალური მოძრაობა" და "მოქალაქეთა კავშირი", შემდეგ კი "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".
ახლაც ცდილობენ, რომ მხოლოდ ეს ორი პარტია იყოს და სხვა არ ჩანდეს. 2012 წელთან შედარებით (აღარაფერს ვამბობ უფრო ადრინდელ არჩევნებზე), ვითარება აშკარად მკვეთრად არის შეცვლილი. დღეს ამომრჩეველი უფრო გაზრდილია, უკეთესად აზროვნებს და შიშის ფაქტორი აღარ არის. ამიტომ, მგონია, რომ ამომრჩველი სხვა პარტიებსაც ხედავს.
"რ": როგორ ფიქრობთ, რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში?
ვ.ხ: ვფიქრობ, გარდა იმ 2 პარტიისა, 2-3 სუბიექტი კიდევ მოხვდება. თუ მაინც ისე მოხდა, რომ პარლამენტში ისევ 2 პარტია აღმოჩნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მივიღებთ პარლამენტს, სადაც მთავარია არა საქმის კეთება, არამედ ლანძღვა-გინება, და საქმე გადავა უკანა პლანზე. მეორე მხრივ, იმ პარტიას, რომელიც უმრავლესობით მოვა, ექნება განცდა, რომ რასაც უნდა, იმას გააკეთებს, რაც ასევე ძალიან ცუდი და სახიფათოა ქვეყნის განვითარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამომრჩეველი ამას ხედავს და პარლამენტში იქნება არა 2, არამედ 4 ან 5 სუბიექტი.
"რ": მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ხომ არ გაჭირდება?
ვ.ხ: შეიძლება, ასეთი პრობლემაც გაჩნდეს, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველია. საერთოდ, ერთი რამ არის ცნობილი, ყველაზე ეფექტიანი არის დიქტატურა, როდესაც ერთი წვეტს ყველაფერს. დემოკრატიაში გადაწყვეტილებების მიღება ბევრად რთულია და მეტი დრო სჭირდება. შესაბამისად, ეფექტანობა უფრო დაბალია, მაგრამ დემოკრატიული მოდელი გაცილებით გვიცავს არასწორი გადაწყვეტილებებისგან და საზოგადოებისთვის გაცილებით დაბალი რისკის შემცველია. ასევეა ერთპარტიული და მრავალპარტიული მმართველობის შემთხვევაშიც.