აბი გლუკოზა - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ამბობს, რომ მისი მშვიდობიანად ჩატარება თარგამაძის ავტომობილის აფეთქებით შეშფოთებულ უცხოელ დამკვირვებლებს დაამშვიდებდა.
მისი აზრით, აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა უტოლდება ან აღემატება კიდეც იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც 8 ოქტომბერს 5-იანს შემოხაზავენ. ხოლო 2 დღეში სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების დაპირებას იგი "მიშას ოცნებას" უწოდებს.
სოსო ცისკარიშვილი: როგორც ჩანს, ამ აქციის უპირველესი დანიშნულება "ნაციონალური მოძრაობის" მოწყენილი წევრების გამხიარულება იყო. შესაბამისად, შედეგი დადგა. ჩემი აზრით, ასეთი აქცია აუცილებელი იყო თბილისის ცენტრში მომხდარი საზარელი აფეთქების შემდეგ. პირველ ყოვლისა, ასეთი მშვიდობიანი აქცია აბი გლუკოზა იქნებოდა 100-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებლისათვის, რომელთაც, ერთი დღით ადრე გაუჩნდებოდათ განცდა, რომ ველურ ქვეყანაში არიან ჩამოსული.
"რეზონანსი": რამდენად მასშტაბური იყო აქცია, თქვენი აზრით?
ს.ც: რაოდენობრივად ეს აქცია იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო. როგორც წესი, რაოდენობა ორგანიზატორების მიერ გადაჭარბებულია, ოპონენტების მიერ კი დაკნინებული. ფაქტია, რომ აქცია მშვიდობიანად შედგა და საკმარისია იგი პოზიტიურ ქმედებად ჩაითვალოს. მთავარია, ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები დავარწმუნეთ, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და შს სამინისტროს თანამშრომლობა შესაძლებელია.
აქციის ძირითადი გზავნილი, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" თვითლუსტრაცია იყო, რომელიც საკუთარ თავყრილობებზე პერმანენტულად გვაძლევს საშუალებას, მიხეილ სააკაშვილის პერსონით დატკბეთ. ამ აქციაზე ბატონი მიხეილის მონაწილეობა იმის მაჩვენებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს რაიმე სახის დამოუკიდებლობა ჯერ ვერ მოუპოვებიათ და რომ პარტიის "არსთა გამრიგედ" კვლავ სააკაშვილი რჩება.
"ნაცმოძრაობას" ვადარებთ რა მის მთავარ კონკურენტ "ქართულ ოცნებას", მივდივართ დასკვნამდე, რომ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე ასხვავებს.
ფაქტი სახეზეა - საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი ხმა მიდის არა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებასთან", არამედ მიშას ოცნებასა და ბიძინას ოცნებასთან. ასე რომ, ჩვენ უკვე ვიცით, ვის ვაძლევთ ხმას, როცა 5-იანს ან 41-ს მოვხაზავთ. თუ გონივრული არჩევანი არ გაკეთდა, მაშინ შემდეგი 4 წელი გასული 4 წლის პროტოტიპი იქნება.
"რ": აქციაზე ლიდერები საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებდნენ. სააკაშვილმა ორ დღეში ზღვის გადმოლახვის პირობაც კი დადო...
ს.ც: ეს მიშას ოცნება გახლავთ. კი ბატონო, ოცნებას არავინ მოუკლავს, ამაში უკვე ოთხი წელია, ვრწმუნდებით. საინტერესო იქნება, როგორ გაიკვალავს გზას ევროატლანტიკური სივრცისკენ ოროცნებიანი და არა ორხელისუფლებიანი საქართველო. ჩემი აზრით, ასეთ პირობებში შეიძლება ისეთ ხიფათს გადავეყაროთ, რომ, ნატო-ს ნაცვლად ევრაზიულ ტლაპოში აღმოვჩნდეთ.
ორივე მხრიდან ანონსირებული აურზაური, არეულობა, დავიდარაბა არჩევნების შემდეგ, ჩვენდამი კეთილგანწყობილ ევროპელ მაღალჩინოსნებს დააფრთხობს. ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენ ველური საზოგადოების ჯერ საკმარისზე მეტი ნიშანი გვაქვს.
თუ იქნება რეალური საფრთხე იმისა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს, მაშინ შეგვეძლება ეს, პირველ ყოვლისა, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს მივულოცოთ, რადგან მხოლოდ მისი ოცნებაა ის, რომ საქართველოში ლეგიტიმური არჩევნები არ შედგეს.
რასაკვირველია, საქართველო "პატრონის" გარეშე არ დარჩება. იმ პატრონის გარეშე, ვისაც ჩვენი ხილვა ევრაზიულ სივრცეში სურს. გვინდა თუ არა, ეს არჩევნები ჩვენი საზოგადოების სახე იქნება.
"რ": ანუ, ფიქრობთ, რომ დესტაბილიზაცია მოსალოდნელია?
ს.ც: ასეთი პროგნოზი, დიდი ხანია, არსებობს. საკმარისია, რომ ასეთი ჩანაფიქრი ჰქოდეს რომელიმე მთავარ მეოცნებეს და კრემლისთვის ყველაფერი ლანგრით მირთმეული იქნება. ცხადია, ეს ყველაზე ჰიჩკოკისეული სცენარია, მაგრამ პრევენცია ყველაფერს სჭირდება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არც ერთი მთავარი მეოცნებე თავში ასეთ აზრს არასოდეს გაივლებს.
"რ": ბოლო დღეების ყველაზე სკანდალური მოვლენა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება იყო. კითხვა, რომელიც ამ დროს პირველ რიგში ჩნდება, ისაა თუ ვის ინტერესებში შედიოდა ეს?
ს.ც: ცხადია, რომ ეს საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა. თუკი ვინმეს რაიმე სახის ჩანაფიქრი გააჩნდა და აღასრულა კიდეც, შეუძლია ვლადიმერ ვლადიმეროვიჩისგან დიდი მადლობა მიიღოს. ვინაა ეს, ამას საზოგადოება, ადრე თუ გვიან, ალბათ შეიტყობს.
ნაცვლად იმისა,რომ მათ საზოგადოება დაამშვიდონ და დაარწმუნონ, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდება, რომ უიმედო ჩანაფიქრია, ამაზე მუდმივად საუბრობენ და გაუგებარ ჩანაწერებზე დაყრდნობით ადამიანებს მეტი შფოთისთვის სწირავენ.
იქ, სადაც შფოთია, ჭეშმარიტება ვერ გაიმარჯვებს. ჩვენთვის ნათელია, რომ ორივე მთავარი პოლიტიკური ძალა, სრულიად უპასუხისმგებლოდ, ქვეყანაში შფოთს ნერგავს. ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ჭეშმარიტების დამყარების შესაძლებლობას ვნებენ.
"რ": ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ იმაზე მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ და სწორედ ამიტომაც აკეთებენ ამგვარ განცხადებებს...
ს.ც: კი ბატონო, მაგრამ "რეზონანსის" მკითხველმა რა ქნას - სად დაიმალოს, სად გაიქცეს? ეს შფოთის მოსპობის სურვილი არ გახლავთ. პირიქით, არსებობს პოლიტიკოსების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ნეგატიურ პერსპექტივაზე საუბრობენ. კონცენტრირებას კი ერთმანეთის ჩადენილ დანაშულებზე ახდენენ. ჩემი აზრით, ქვეყანაში სიმშვიდის დასამყარებლად ცოტა ხანი სახელისუფლებო ვალდებულებებისგან უნდა გავანთავისუფლოთ როგორც დღევანდელი, ისე მისი წინამორბედი ხელისუფლებები.
ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ეს ყველაფერი რომელიმე უდანაშაულო ჯგუფს დაბრალდება. ჩემთვის გამოძიების სისწრაფე იმდენად არაა მნიშვნელოვანი, ვიდრე სანდოობა.
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ "ნაცონალურ მოძრაობას" შედეგი არ მოეწონა, ეს კიდევ ახალი შფოთის საფუძველი იქნება და კიდევ თვეების განმავლობაში უნდა ვლანძღოთ ერთმანეთი. თუ ამ უბედურების ინიციატორად მესამე ძალა იქნა წარმოჩენილი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში მათი დამცველებიც გამოჩნდებიან.
"რ": პარლამენტში მოხვედრის ამბიცია დაახლოებით 6-7 პარტიას აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ვერ შეძლებს ამას. როგორ ფიქრობთ, იმედგაცრუებული და პარლამენტსგარეთ დარჩენილი პარტიებისგან საპროტესტო აქციები მოსალოდნელია?
ს.ც: აქციები "ნაცმოძრაობას" და "პატრიოტთა ალიანსს" უკვე დაანონსებული აქვთ. სხვებს ასეთი ხალხმრავალი ამომრჩეველი არც ჰყავთ და მათგან აქციების დაანონსება არ მგონია, რეალური იყოს.
"რ": მეორე ტურს ბევრგან ელოდებით?
ს.ც: თუკი არჩევნები სამართლიანად წარიმართა, მაჟორიტარული ოლქების 50%-ში მეორე ტური იქნება. გარდა ამისა, პარლამენტში მინიმუმ 5 სუბიექტს ველოდები.
"რ": როგორი იქნება ეს ხუთეული?
ს.ც: ორი უკვე ვიცით. სამი კიდევ უნდა დაემატოს და დაე, ყველას ეგონოს, რომ ამ სამ ადგილზე მოხვედრა შეუძლიათ. არც ერთი არ გამოირჩევა ისე, რომ ის მოიაზრებოდეს და სხვა არავინ.