საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის, ნილ სკოტის განცხადებით, ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა სურათი შეცვალა.
"ბოლო პერიოდამდე ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქართველოში იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველა გაგებით. მათ შორის მედიაგარემოს თვალსაზრისითაც, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. გაეროს განვითარების პროგრამა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირი სახის ძალადობას", - განაცხადა ნილ სკოტმა.
არის თუ არა წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ერთადერთი შემზღუდავი ალბათ ის არის, რომ კამპანიის მსვლელობისას იყო რამდენიმე ინციდენტი, მაგრამ ის, რომ ვიღაც რადიკალურად უშლიდეს სხვას ხელს, ან ვერ ახერხებდნენ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, არ ხდება.
გიგა ნასარიძე ა.ო. "საქართველო არ იყიდება): რთული სათქმელია, როცა ასეთი დაძაბული წინასაარჩევნო გარემოა. ირკვევა, რომ სუსი ყველას უსმენს, პოლიტიკოსი ააფეთქეს და ტერორისტული აქტი მოუწყვეს.
ამაზე რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ნათელია. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნოდ მშვიდობიანი გარემო, მაგრამ იმ ფონზე, რომ ერთ პოლიტიკოსს ესროლეს, მეორე კინაღამ ააფეთქეს, ძნელი სათქმელია, ამას რამდენად ახერხებენ.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): ყველა ქვეყანაში, ძალიან დემოკრატიულსა და ცივილურშიც ხდება გარკვეული შემთხვევები. რა თქმა უნდა, იმდენი არა, როგორც განვითარებად ან არადემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ პროვოკაციებისგან არავინ არის დაზღვეული.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): წინასაარჩევნო გარემო აბსულუტურად თავისუფალია, განსხვავებით 2012 წლის არჩევნებისგან. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში და მგონი ზედმეტი თავისუფლებაც არის, რადგან ისეთი მასხარებიც კი, როგორიც თარგამაძეა, თავისუფლად დადიან.
აბსულუტურად თავისუფალი გარემოა, მაგრამ ზოგიერთი კრიმინალის ადგილი არის ციხეში, რადგან მის გამო ვიღაც დასახიჩრდა. საკუთარი მამა და ბაბუა მოატყუოს ამ ტრიუკებით.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): საკმაოდ თავისუფალია, რადგან ამდენი ლანძღვა რაც ტელეეთერებიდან მოდის, არასდროს არ ყოფილა.
მმართველი პარტიის ასეთი ლანძღვა არასდროს მომისმენია. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება ლანძღვაში გამოიხატება, თუ ვინმეზე თქვი, რომ კარგია, მაშინ მოსყიდული ხარ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე