"იქნება პროვოკაციები, ცემა, შეიძლება იარაღიც გაისროლონ, ბიულეტენების დათვლამდე ყუთებიც გაიტაცონ"
ეკატერინე ბასილაია
07.10.2016

 8 ოქტომბრის არჩევნებზე, ღამის 8 საათიდან იწყება მოლოდინებით ყველაზე დაძაბული საათები და უკვე დაანონსებულია, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებას ხელისუფლებას დიდი ალბათობით, ორი პარტია წაუყენებს - ერთი "ნაციონალური მოძრაობა", მეორე კი "პატრიოტთა ალიანსი", რომელმაც უკვე მხარდამჭერების შეკრება რუსთაველის ძეგლთან დაანონსა და თუკი მეორე ადგილზე არ გავლენ, აქციებსაც იწყებენ.

"ნაციონალები" კი არჩევნების მხოლოდ იმ შედეგის აღიარებას გეგმავენ, რაც 20.00 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში ეგზიტპოლებით გაცხადდება და თუ ის ცესკოს მონაცემებს არ დაემთხვევა, ქუჩაშიც გამოვლენ დიდი პროტესტით, თუმცა "ალიანსის" გვერდით არა.

ანალიტიკოსების თქმით, არჩევნების მთელ დღეს ლოკალური ინციდენტები გვექნება, პროვოკაციებით, შეხლა-შემოხლებით და ყუთების გატაცებებით, შესაძლოა სადღაც გაისროლონ კიდეც, მაგრამ ეს არ იქნება იმ მასშტაბის, რომ რომელიმე პოლიტიკურ მხარეს არჩევნების ჩაშლა დაბრალდეს. ღამის 20 საათიდან კი, როდესაც უბნები დაიხურება და ტელევიზიებით სხვადასხვა ეგზიტპოლებიც გამოცხადდება, უკვე დაძაბულობა პიკს მიაღწევს.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ეს დაძაბულობა მხოლოდ მყვირალა განცხადებების დონეზე გამოჩნდება და არაფერი მოხდება. მეორე ნაწილის თვალსაზრისით კი, სულაც არ არის გამორიცხული "ნაციონალურმა მოძრაობამ" ის არეულობები მართლა განახორციელოს, რაზეც ხელისუფლება რამდენიმე კვირაა თავგამოდებით გვაფრთხილებს და რასაც "თავისუფალი ზონიდან" წამოსული "ნაციონალების" ახალგაზრდა აქტივისტები აცხადებენ.

ეს იქნება აფეთქებები, ბლოკირებები თუ ქუჩაში ხალხის გამოყვანით არეულობების მცდელობა. თუმცა, ყველა ექსპერტი ირწმუნება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რომც ჰქონდეს რევოლუციის სურვილი, ეს მაინც არ გამოუვა, რადგან 5 ოქტომბერს პარტიამ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე რევოლუციური მუხტისთვის საჭირო რაოდენობის მხარდამჭერის მობილიზება და გამოყვანა ვერ შეძლო.

რამდენად დაძაბული იქნება არჩევნების დღე

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" სახელით თეთრიწყაროში იყრის კენჭს, ამბობს რომ 8 ოქტომბერი მარტივად არ ჩაივლის და თვლის, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობა" წარმატებას არ მიაღწევს, ის ყველაფერზეა წამსვლელი.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნებში გამარჯვებისთვის ადამიანები ყველაფერზე მიდიან. უმეტესად მაჟორიტარების დიდი ნაწილია ყველაფერზე წამსვლელი, რომ შედეგი მიიღოს და ამიტომაც არჩევნების პროცესში რომ პროვოკაციები იქნება, ამას ქართული არჩევნების ისტორიის დამახასიათებელ ნაწილად მიიჩნევს.

"იქნება პროვოკაციები, ცემა, შეიძლება იარაღიც გაისროლონ, ბიულეტენების დათვლამდე ყუთებიც გაიტაცონ. ეს ყველაფერი მოხდება, მაგრამ, ეს არ იქნება იმხელა მასშტაბის, რომ რომელიმე მხარეს არჩევნების ჩაშლა დაბრალდეს", - ამბობს არეშიძე და უფრო დიდ პროვოკაციებს და არეულობების დაგეგმვას საღამოს 8 საათის მერე ელოდება, თანაც "ნაციონალებისგან".

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებში წარმატების მიღწევა. გამარჯვებაზე არ არის ლაპარაკი, არამედ წარმატებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შევიდნენ პარლამენტში და მეორე ძალად ისევ მყარად დაფიქსირდნენ.

"თუ ამას ვერ მიაღწიეს, მაშინ ყველაფერზე წამსვლელები არიან. აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ქუჩის აქციები, შეტაკებები, ბლოკირება, სამოქალაქო დაპირისპირება და ა.შ. სამოქალაქო ომს არ ვგულისხმობ, მაგრამ დანარჩენ ყველა მეთოდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და შექმნან პრობლემები.

"შესაძლოა მანქანებიც აფეთქდეს სადმე არჩევნების შემდეგ. მათ თუ შეატყვეს თავიანთ დაგეგმილ მოსაგებ ოლქებში აგებენ, შესაძლოა ამაზეც წავიდნენ და არჩევნების ფინალს არ დაელოდონ. ეს ყველაფერი იქნება 8 ოქტომბრის ღამის 8 საათის შემდეგ", - აღნიშნავს არეშიძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდება დაძაბულ, მაგრამ მაინც მშვიდ გარემოში და ისეთი მასშტაბის ინციდენტები მოსალოდნელი არ არის, რომელიც არჩევნებზე გავლენას მოახდენს.

"კი, არჩევნების დღეს რაიონებში გარკვეული დაძაბულობა იქნება, უმეტესად აჭარაში და სამეგრელოში, სადაც "ნაციონალების" მომხრეები ბევრია. იქნება ლოკალური ინციდენტები, შეიძლება ყუთი გაიტაცონ, ვიღაც ცემონ, ამგვარი რამ შეიძლება იყოს 6 ან 8, მეტი - არა და მაღალი დონის რისკები არ არის მოსალოდნელი.

"ინციდენტები სისტემურ ხასიათს არ მიიღებს და დიდ დაპირისპირებას არ გამოიწვევს. ის, რაც იყო 2012 წელს, სამხედრო გადატრიალების მცდელობა და რომ არა აშშ-ს ელჩის და ჰოლანდიის ელჩის დროული ჩარევა, მართლა სისხლიან არჩევნებს მივიღებდით, ამგვარი რამ მოსალოდნელი არ არის", - არეშიძისგან განსხვავებით რამე არეულობას არც ღამის 8 საათის შემდეგ ელის მაისაია.

არეულობისთვის საჭირო მუხტი ოპოზიციაში არ არსებობს

ვახტანგ მაისაიას თქმით, "შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობა უნდოდეს, მაგრამ ეს არ გამოუვა. მათ ამისათვის საჭირო არც დიდი ფინანსური რესურსები აქვთ და არც ხალხის მხარდაჭერა.

"ჩვენ მაისში კორცხელის ინციდენტი ვნახეთ, მერე ვნახეთ გორში საარჩევნო აგიტაციისას ადამიანის დაჭრა, აგერ რამდენიმე დღის წინ თბილისის ცენტრში აფეთქების იმიტაცია, თუმცა ეს ყველაფერი არის ერთეული, არასისტემური ტიპის ინციდენტები.

"სხვათა შორის ამ აფეთქებასაც კი არაფერი გავლენა არ მოუხდენია, რადგან აფეთქების შემდეგ მეორე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დასკვნით აქციაზე წესით მათი ყველა მხარდამჭერი უნდა გამოსულიყო საპროტესტოდ ქუჩაში, ჩვენ კი ვნახეთ, რომ 15 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება ვერ შეძლეს. ეს აქცია რომ ყოფილიყო სოლიდური, მაშინ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ პარტიას რამის თავი აქვს", - აღნიშნავს მაისაია, რომელიც თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ძალის ინდიკატორი იყო სწორედ 5 ოქტომბრის აქცია.

"თავადაც დარწმუნდნენ, რომ ძალა არ აქვთ. ასევე ინდიკატორი იყო "რუსთავი 2"-ზე "ოცნებასთან" დებატები, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ტელევიზიას არ აქვს ის მუხტი, რაც 2003 წლის რევოლუციის წინ ჰქონდა და რომ "რუსთავიადას" ერა დასრულდა.

"ნაციონალები" იძულებულები იქნებიან, დამარცხებას შეეგუონ. ისიც კი შეიძლება, რომ მეორე ადგილზეც ვერ გავიდნენ", - მიიჩნევს მაისაია.

მისი თქმით, აქციები დააანონსეს "პატრიოტთა ალიანსმა" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ორივეს პროტესტი რას ნიშნავს, ჩვენ უკვე ვნახეთ.

"პატრიოტთა ალიანსი" 2015 წელს საგარეჯოს არჩევნების შემდეგაც აანონსებდა საკმაოდ დიდ აქციას, კი რაღაც შეკრიბა, მაგრამ მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ასევე "ნაციონალური მოძრაობის" დიდი მოწოდებებით დაანონსებული აქცია ვნახეთ 5-ში, რაც იყო.

"რაც არ უნდა ეგზიტპოლი გამოაქვეყნოს "რუსთავი 2"-მა, გასაპროტესტებლად "ნაციონალები" ხალხს ვერ შეკრებენ. არც ერთ ამ პარტიებს და არც სხვა პოლიტიკურ ძალებს არ გააჩნიათ ის მუხტი, რომ არჩევნები გამოიყენონ და საპროტესტო ტალღა ააგორონ. რაღაც აქციები შეიძლება იყოს, მაგრამ იფაფხურებენ და როგორც შეიკრიბებიან, ისე დაიშლებიან", - მიიჩნევს მაისაია.

მამუკა არეშიძის განცხადებით, "ნაციონალები" არეულობას გეგმავენ და შეეცდებიან განახორციელონ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ამ პარტიას რევოლუცია არ გამოუვა და ამის ორი მიზეზია, ერთი, რომ "ნაციონალებს" რევოლუციისთვის საჭირო რაოდენობის ხალხი არ ჰყავთ და მეორეც, "პატრიოტთა ალიანსმა" მათ რევოლუციის ასაგორებლად საჭირო მთავარი მოედანი წაართვა.

"მას შემდეგ რაც დავით თარხან მოურავმა "პატრიოტთა ალიანსის" სახელით განცხადება გააკეთა, რომ ის რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქციებს იწყებს 8 ოქტომბერს ღამის 8 საათზე. "ნაციონალებმა" რევოლუციის მოწყობა კი დააანონსეს, მაგრამ მათ ამისთვის მოედანი წაერთვათ.

"გარდა იმისა, რომ მოედანი წაერთვათ, ეს ასევე იყო გარკვეული შეთავაზება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ თუ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე უკმაყოფილების საბაბი ექნათ, ან არჩევნების ჩატარების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, შეუძლიათ "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდნენ.

"რევოლუციას და მასშტაბურ საპროტესტო ღონისძიებებს "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ჩაატარებს, თუ მარტო დარჩა. ეს ფაქტია. ამიტომაც "ნაციონალების" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა დაიწყოს საპროტესტო აქციები სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად და ამით მსოფლიოს დაანახოს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგია.

"თუ მარტო დარჩა, მაშინ ნაკლებად სარწმუნო იქნება მისი ეს ღონისძიება. ეს მათ კარგად ესმით. "პატრიოტთა ალიანსთან" ერთად საპროტესტოდ გამოსვლა კი გამორიცხულია, ამ ნაბიჯს არც "ალიანსი" გადადგამს და არც "ნაციონალები", - ამბობს არეშიძე, რომლის თქმითაც, "ნაციონალებს" არ გამოსდით სხვა უკმაყოფილო პარტიების გარემოცვაში ყოფნა, თარხან მოურავმა მათ ჩანაფიქრში სერიოზული ბზარი შეიტანა, რის შედეგადაც საპროტესტო მუხტი გაიხლიჩება და რევოლუციაც გამორიცხულია.

ვის უნდა არეულობა

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საქართველოში ნებისმიერი ფართომასშტაბიანი არეულობით, შეიძლება მხოლოდ რუსეთმა ისარგებლოს და მეზობელ ქვეყანაში საკუთარი ფართომასშტაბიანი კონტროლის დასამყარებლად შემოვიდეს.

თუმცა თვლის, რომ მეორეს მხრივ ეს მაინცდამაინც ხელს არ მოსკოვს უნდა აძლევდეს, რადგან მის შემოსვლას აუცილებლად მოჰყვება დასავლეთის მხრიდან სანქციები, ხოლო სირიასთან ომში ჩაბმული და პლუს, ეკონომიკური სანქციებით დასუსტებული რუსეთს დღეს დამატებითი პრობლემა ნაკლებად უნდა აწყობდეს.

თანაც, დღეს საქართველოში არ არის აგრესიულად ანტირუსული ხელისუფლება და ამიტომ მისთვის საქართველოს დღევანდელი სტატუს-კვო მისაღები უნდა იყოს.

ლაგაზიძის თქმით, ამ ბოლო დღეებში ჰქონდა მოლოდინი, რომ შესაძლოა არჩევნებზე რაღაც არეულობა მომხდარიყო და ამით რუსეთს ესარგებლა, მაგრამ 5 ოქტომბერს აქციაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერების დიდი რაოდენობის მობილიზება ვერ შეძლო და გეგმაშიც რომ ჰქონოდათ რევოლუცია, ამას უკვე თავადაც გადაიფიქრებდნენ.

"ძალიან შემაშფოთა გივი თარგამაძეზე განხორციელებულმა აფეთქებამ, რადგან მეგონა, რომ შეიძლება ამით მძიმე პროცესები დაწყებულიყო და რუსეთს ამით ესარგებლა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგით აშკარად გამოჩნდა და ამას თავადაც მიხვდნენ, რომ მათ საზოგადოებაში ისეთი მხარდაჭერა არ აქვთ, რომ სურვილიც რომც ჰქონდეთ 2003 წლის სცენარის განმეორებას ვერ შეძლონ.

"აქიდან გამომდინარე, ვთვლი რომ ყველა დაინტერესებული საშინაო თუ საგარეო ფიგურანტი განსაკუთრებულ ფართომასშტაბიან გართულებებს მოერიდება, თუ ხელისუფლება რაღაც ფანტასმაგორიულ გაყალბებაზე არ წავიდა.

"რიტორიკის დონეზე, რომ მიშა ჩამოვა, ზღვით შემოვა თუ ხმელეთით, ეს მხოლოდ იმისთვისაა გათვლილი, მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ და მაქსიმალური ოპტიმიზმი ჩაუნერგონ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს.

"თუმცა ისიც შეიძლება, აჭარაში "ნაციონალებმა" და სხვა ოპოზიციამ სერიოზული შედეგი დადოს არჩევნებზე. აჭარა კი ავტონომიაა და იქ შეიძლება მთავრობა სრულიად სხვანაირად პარტიული შემადგენლობით იყოს ფორმირებული, ვიდრე საქართველოს პარლამენტი.

"საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ გართულებებს არ ველი და ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" თავად უკეთესად ხედავს, რომ რესურსი არ აქვს ხელისუფლების შეცვლისთვის რეალურად იზრუნოს", - ამბობს ლაგაზიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×