არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
08.10.2016

 ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტზე რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კონფერენცია სწკდუფზ პოლიტიკური განცხადების პრიორიტეტული საკითხი იქნება. ეს გადაწყვეტილება "კორლეაპის" ბრიუსელში გამართულ მეექვსე ყოველწიური კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს. მათ ასევე მოისმინეს არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, სადაც საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია.

ენერგოეფექტურობა - ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების როლი, ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. მონაწილეთა საერთო აზრით, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში. იგი ცალსახად ზრდის უსაფრთხოებას და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საწინდარია. მიმდინარე "საფლაგმანო პროექტები" კი მდგრადი განვითარების მიღწევას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას "მერების შეთანხმება" წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ენერგო ეფექტურობის სტრატეგიების შემუშავებასა და ცხოვრებაში გატარებას. მასში უკვე მონაწილეობს 150 ქალაქი და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია

გარდა საკონსულტაციო დოკუმენტის განხილვისა, კონფერენციაზე საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები განიხილეს. საქართველოში ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ცხოვრებაში რეალიზებისა და წარმატებების შესახებ მონაწილეთა წინაშე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი წარდგა.

ტალიაშვილმა განაცხადა, რომ ენერგოეფექტურობის სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისათვის. ენერგოეფექტურობა მჭიდრო კავშირშია გლობალურ უსაფრთხოებასთან, ეს კი მსოფლიოს წინაშე არსებული მხიშვნელოვანი გამოწვევაა.

მისი აზრით, მართლაც საამაყოა, რომ საქართველოში უკვე ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭეროთ აშენდა, სართაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ ამისათვის 24 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

ახალი ელექტროსადგური აშენდა გორის რეგიონში, რომელიც ემიჯნება ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიას. თამარ ტალიაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ენერგოეფექტურობის პროგრამის გამხორციელება სწორედ აქ დაიწყო.

მან აღნიშნა, რომ ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის არასაკმარისი კოორდინაციის ფონზე, ასეთი რთული პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებელი გახდა გორის მუნიციპალიტეტისა და ენერგეტიკის სამინისტროს ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად.

მის აზრით, ხაზგასასმელია საქართველოსთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიური თამანშრომლობა. საერთო ინვესტიციების მოცულობამ 810 მილიონ, აშშ დოლარი შეადგინა და აქედან 37 პროცენტი მოდის ენერგეტიკის სექტორში.

 "საქართველო მერების შეთანხმების მონაწილეა. 12-მა ქალაქმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას და უმეტესობამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა.

თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, თბილისის მაგალითს თუ განვიხილავთ, სწორედ ახლა მიმდინარეობს ძველი ავტოპარკის შეცვლა ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. მერიას სულ დაგეგმილი აქვს 200-ზე მეტი ახალი ავტობუსის შეძენა.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენ მუნიციპალურ შემობებზე ენერგოდანახარჯების 20 პროცენტით შემცირება გვაქვს დაგეგმილი. თბილისში დაახლოებით 200 მუნიციპალური ბაგა-ბაღი იქნება მოდერნიზებული, ხოლო ყოველი ახალი შენდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით", - განაცხადა ტალიაშვილმა.

"ენერგეტიკულ საკითხებში ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართულობა საერთოდ არ განიხილება"

ენერგოეფექტურობის შესახებ მომხსენებლების სომხეთის თემთა კავშირის თავმჯდომარე ემინ ერიციანი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობის, ენერგოდაზოგვის საკითხების განხილვა პრიოტიტეტულია მხოლოდ ევროპულ ან ეროვნულ დონეზე, ამასთან ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების ჩართულობა საერთოდ არ განიხილება.

ამასთან, ენერგიის ლომის წილი მოიხმარება ქალაქებსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. ამიტომ აშკარაა, რომ ენერგოეფექტურობის საკითხი ვერ გადაწყდება ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების მონაწილეობის გარეშე.

მის აზრით, დეცენტრალიზაციის პროცესთან ერთად იზრდებას პასუხისმგებლობა ადგილობრივ დონეზე. მაგარმ ამას თან არ სდევს საკმარისი ფინანსირება. ენერგოეფექტურობის საკითხებში ადგილობრივი ხელისუფლებების ჩართვა და შესაბამისი ინვესტიციები ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, შედეგად ადგილობრივ დონე შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი და უზრუნველყოფილი იქნება ეკონომიკური ზრდა.

ემინ ერიციანი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტზე, რომელიც მომავალი წლის ივლისში გაიმართება, ენერგეტიკა "კორლეაპის" პოლიტიკური განცხადების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს

მომხსენებლის აზრით, რიგის სამიტის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობა სულ უფრო დიფერენცირებული ხდება. სწორედ ენერგეტიკულ საკითხებში შეიძლება ამ ახალი მიდგომის სრულად რეალიზება.

"მე იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი ცალსახად დაადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლებების როლს ენერგეტიკის საკითხში, რაც, თავის მხრივ, შეიძლება კიდევ ერთი სტიმული გახდეს შემდგომი დეცენტრალიზაციის საქმეში", - განაცხადა სომეხმა დეპუტატმა.

"საჭიროა კიდევ უფრო მეტი კონკრეტული პროექტი"

ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე მარკუ მარკულა აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნილებები და ინდივიდუალური საჭიროებები, მაგრამ თანამშრომლობაში დიდი როლი აკისრიათ რეგიონებს.

"სულ ახლახან სამეზობლო პოლიტიკის განახლება მოხდა, როდესაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციაში აღიარებულია რეგიონალურ და ადგილობრივ ხელმძღვანელთა კონფერენციის (სწკდუფზ-ის) როლი მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თანამშრომლობლის საქმეში", - აღნიშნა მან.

მარკუ მარკულამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ივლისში ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და მოლდოვასთან, ხოლო 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

"თანამშრომლობა ვითარდება, მაგრამ რიგი მიმართულებებით საჭიროა მეტი ძალიხმევის გამოჩენა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი ექსპერტის ჩართულობა, რათა პროგრესი უფრო ხელშესახები გახდეს. საჭიროა კიდევ უფრო მეტი კონკრეტული პროექტი", - მიაჩნია ევროკავშირის რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×