დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს, ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.
3 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.
თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია მურღულია (ფილოლოგი): "მაქვს სიმშვიდის მოლოდინი და მოლოდინი იმისა, რომ ამომრჩევლები მშვიდ გარემოში შეძლებენ საკუთარი მოქალაქეობრივი ნების გამოხატვას. არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში ვინმემ არეულობის რეალიზება მოახდინოს. არ არის გამორიცხული, შესაძლოა, არეულობის მცდელობა იყოს. ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გაზვიადებული და ყალბი მოლოდინი ახასიათებს. სახელმწიფო მშვიდ საარჩევნო გარემოში არეულობას არ დაუშვებს."
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ პროვოკაცია იქნება. ასეთი წყნარი არჩევნები პირადად მე არ მახსოვს. რამდენ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს ყველაზე მშვიდია. მგონია, რომ ყველაფერი ძალიან წყნარად ჩაივლის, ისე, როგორც არასდროს. "მითქმა-მოთქმას არ უნდა ვუსმინოთ, რადგან ის ყოველთვის ფუჭია. ეს ყველაზე წყნარი არჩევნები იქნება, რომელიც საქართველოში ყოფილა."
ია ანთაძე (მედია ექსპერტი): "არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის. შესაძლებელია ზოგიერთ რეგიონში იყოს ერთგვარი დაძაბულობა, ისიც მხოლოდ რამდენიმე ოლქში. საერთო ჯამში, მგონია, რომ არჩევნები მშვიდად ჩაივლის."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "ჩემი აზრით, არავის ხელს არ უნდა აძლევდეს ის, რომ არეულობა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს ხალხის კეთილოგონიერების და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდად და ობიექტურად ჩაივლის. ყველას წინასწარ აქვს წარმოდგენილი რეალური სურათი, რადგან ყველაფერს თავისი ლოგიკური დასასრული ექნება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე